აგრარული განათლებარეგიონებირუბრიკები

სასკოლო განათლების სიტემაში მეწარმეობის უნარ-ჩვევების გაცნობას დიდი  მნიშვნელობა აქვს

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და გაძლიერებას. მნიშვნელოვანია მათი როლი სწავლა-კეთების საქმეში, რაც საგანთა ინტეგრირებითა და პროექტული სწავლების დანერგვის გზით ხორციელდება.
მეწარმეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თემის ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართვისათვის. მეწარმეობის საფუძვლების განვითარება მოსწავლისათვის ფართო ასპარეზია ინოვაციური იდეების დაგეგმვის, განვითარებისა და განხორციელებისათვის.

ჩვენი ინოვაციური იდეები არის მოსწავლეთა შემოქმედებითი მიდგომის, დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

ჩემი საქმიანობაც ასე დაიწყო, ყოველთვის ვოცნებობდი სკოლა დამეკავშირებინა სამეცნიერო ინსტიტუტთან, რადგან ვთვლი, რომ ყველაზე მარტივი და მომგებიანი საურთიერთობო ენა მეცნიერებაა. საინტერესოდ აგებული გაკვეთილები: ბიოლოგია, ქიმია, ბუნება – ამყარებს კავშირს მედიცინასთან – ეს არის სწავლა კეთებით.

პირველი პროექტი, რომელშიც გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ გრანტი, იყო „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ გამოცხადებული  კონკურსი ,,ლიმონი, ოთახის კულტურა’’.

პროექტის მიზანი იყო ლიმონის, როგორც ოთახის კულტურის წარმოების მაგალითზე სამეწარმეო თემის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, რათა მოსწავლეებს განუვითაროს ინტერესი, რომ ოთახის ლიმონის კულტურის ან სხვა მსგავსი კულტურის წარმოება ბიზნესის წამოწყების ერთ-ერთ ეფექტიან მიმართულებად აქციონ.

ციტრუსოვან მცენარეებს, ოთახის პირობებში ვერცერთი მცენარე შეედრება. მათ მიერ გამოყოფილი ნივთიერება (ფიტოციდები) ასუფთავებენ ჰაერს, რაც შეხამებულია ნაყოფის ლამაზ გარეგნობასთან და სამკურნალო თვისებებთან. ლიმონს ძველ დროშიც თვლიდნენ საუკეთესო საშუალებად მრავალი დაავადების სამკურნალოდ. ერთი ნაყოფი შეიცავს 70მგ. ვიტამინ C-ს, რომელიც აკმაყოფილებს ორგანიზმის დღე-ღამურ მოთხოვნილებას.

ჩვენ მიერ  განხორციელებულ პროექტს,  მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებოდა: სასწავლო საგნების ინტეგრირება, თემის მიერ ინფორმაციის შეგროვება და საგნების მიხედვით გადანაწილება.

ამ პროექტით ჩვენ ვაჩვენეთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა საგანში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას, საკუთარი შრომით მიღებული პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობების შექმნას.

ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის თანადგომით და დირექციის მხარდაჭერით, სამუშაოების ჩატარებისათვის გამოგვიყვეს სივრცე ინსტიტუტის შენობაში,   რათა მოსწავლეებს შევაყვაროთ მცენარისა და მიწის სიყვარული და გაიარონ გზა ,,სკოლიდან ფერმერობამდე’’. სწორედ მეცნიერება აძლევს სასკოლო საზოგადოების წევრებს მათი ინიციატივებისა და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

სოფ.ოზურგეთის სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი „გინარეა“, განვახორციელეთ პროექტი „მწვანე სიცოცხლე“.

პროექტის მიზანია, გავამრავლოთ ისეთი უნიკალური მცენარეები როგორიცაა: ვარდისებრთა გერანი, დეკორატიული მუხა, სურნელოვანი ოსმანთუსი, დაფნა, კამელია-ჩაის ვარდი, ქაფური, ევკალიპტი-„სიცოცხლის ხე“. ეს ის მცენარეებია, რომლებიც დღეს წარმოდგენილი გვაქვს.

პროექტი ემსახურება ჩვენი სკოლის ეზოს მოწყობა-გამწვანებას, ქარისაგან დაცვით სამუშაოებს.

ეს მცენარეები გამოირჩევა ლამაზი მწვანე ვარჯით, კარგად იტანს ფორმირებას, გამწვანებაში ცნობილია ამ მცენარეების მრავალი დეკორატიული ფორმა.

ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებთან თანამშრომლობით ჩავატარეთ თანმიმდევრული სამუშაოები:

  1. ნიადაგის მომზადება;
  2. სარგავი მასალის გამოყვანა;
  3. მცენარეების მოვლა, მორწყვა;
  4. ავადმყოფობებთან ბრძოლის ღონისძიება.

აქ წარმოდგენილ ორწლიან ნერგებს გაზაფხულზე გადავიტანთ სკოლის ეზოში.

ნარუჯის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი მედეა ობოლაძე. შეიქმნა ეკო კლუბი, განახორციელა პროექტი ,,მწვანე მომავალი“.

ნერგების დაკალმებაზე და დარგვაზე მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული ნერგებისათვის გაამზადეს პლასტმასის კოლოფები ნიადაგით, ახალი გამოყვანილი ნერგები კამელია „ჩაის ვარდი“, მარაოს პალმა, დეკორატიული მუხა, პოტოკარპუსი სილამაზით ატყვევებს ადამიანს, სკოლის რეაბილიტაციის დამთავრების შემდეგ გადაიტანენ თავისი სკოლის ეზოში. ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა სკოლის, სამეცნიერო ინსტიტუტის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაახლოებას.

ლიხაურის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი მარიამ გობრონიძე  პროექტით ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან’’.

წინასწარ დაგეგმილ დღეს, ლიხაურის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ანასეულის სამეცნიერო ინსტიტუტს, სადაც მეცნიერ-თანამშრომლებისაგან მიიღეს რეკომენდაციები ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით გადაანაწილეს მიწა პოლიეთილენის ჭიქებში, შეარჩიეს და საკუთარი ხელით დარგეს კამელია, პოტოკარპუსი, ცეპალოტაქსუსი, ირმის რქა.

სკოლის ინტეგრირებულმა მუშაობამ საფუძველი ჩაუყარა სკოლების დამეგობრებას. მოსწავლეები შეეცდებიან გარდაქმნან და გააუმჯობესონ თავიანთი გარემო.

მთისპირის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი ნანა ხომერიკი წარმოდგენილი პროექტით ,,ბუნების მშვენიერება’’.

სოფ.კვირიკეთის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი ცირა ჩხაიძე. შეიქმნა კლუბი ,,ეკომებრძოლები’’. მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,ახალი სიცოცხლე’’.

გადაწყვიტეს სკოლის ეზოში ჯუჯა (ქონდარა) ვაშლების გაშენება. სოფელ გვარადან, სადაც ინსტიტუტის წარმომადგენლები მუშაობენ გაზაფხულზე წამოიღებენ და დარგავენ ჯუჯა ვაშლის 40 ნერგს. ასევე შეისწავლიან ჯუჯა ვაშლების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებს, მალე გამოვა ჩვენი ჟურნალი ჩვენი სტატიით და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

აუცილებელია მსგავსი პროექტების დანერგვა სასწავლო პროცესში.

 დასკვნა:

  1. მოსწავლეებს განუვითარდებათ მეწარმეობის, სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევები.
  2. მოსწავლეები მოახდენენ თეორიული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკულ საქმიანობაში.
  3. შესაძლებლობა ექნებათ მიღებული პროდუქტის რეალიზების, ამა თუ იმ კულტურის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთ საშუალებად აქციონ.

 

ქეთევან ჩიკაშუა,

მენტორი მასწავლებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

გიორგი სალუქვაძე,

 აგრარული ტექნოლოგიების მე-2 კურსის სტუდენტი