აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება

წარმატებული ეკონომიკური განვითარების თითქმის ყველა ქვეყანამ, სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებად, სხვადასხვა ფორმის კოოპერაციულ საწყისებზე, ფუნქციონირებადი ორგანიზაციები (კოოპერატივები, ასოციაციები, კავშირები) მიიჩნია, რადგან სოფლად  შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე ეფექტიანა სწორედ კოოპერაციული მოძრაობის მხარდაჭერით არის შესაძლებელი
კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმების და გარდაქმნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კოოპერაცია უაღრესად დიდ როლს თამაშობს  კრიზისების გადალახვის, სოციალური პრობლემების მოგვარების, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ქმედითუნარიანობის ამაღლების საკითხებში. 

განვითარებულ ქვეყნებში მკაფიოდ არის გამოხატული სახელმწიფოს დამოკიდებულება კოოპერაციული სექტორის მიმართ.  ამ სახელმწიფოებში საზოგადოებას და ხელისუფლებას ადეკვატურად ჰქონდათ გააზრებული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში კოოპერატივების  უმნიშვნელოვანესი მისია. ამიტომ ამ ქვეყნებში კოოპერაციის პროცესი ხშირად სახელმწიფოს ორგანიზებით და ხელშეწყობით წარიმართა.

ეკონომიკური საქმიანობის კოოპერაციული ფორმის აღმოცენება განპირობებული იყო ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ობიექტური  მოთხოვნებით.

კოოპერაციული ურთიერთობების ინტენსიური განვითარება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო და   განვითარებულ ფულად-სასაქონლო ურთიერთობების გზაზე მდგარი ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო სისტემისა და სუსტი ეკონომიკური პოტენციალის მქონე   წვრილი და საშუალო გლეხური მეურნეობების სასაქონლო ბაზრებთან, განვითარებულ წარმოების საშუალებებთან და საკრედიტო რესურსებთან სტაბილური კავშირების დამყარების აუცილებლობით იყო განპირობებული.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ კოოპერაციულ პრინციპზე დამყარებულ საწარმოო ურთიერთობებს მნიშვნელოვანი და შეუცვლელი  ადგილი უჭირავს  ევროპის ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესში და მათი განვითარების  თვისებრივად ახალ დონეზე გადასვლაში. ევროპის ქვეყნებში, მე-19 საუკუნეში, ტერიტორიული გავრცელების ლოკალურ არეალებში (ძირითადად სოფლის და თემის დონეზე) დაწყებულმა ჩანასახოვანმა კოოპერაციულმა მოძრაობებმა, რომელიც მთლიანად მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებზე იყო დამყარებული, წარმოშვა ამ ინტერესების რეალიზებისთვის საჭირო ორგანიზაციული და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობა. სწორედ მოსახლეობის ეკონომიკურმა ინტერესებმა განაპირობა დემოკრატიული პრინციპების ისეთი აუცილებელი მდგენელების ერთ სისტემაში მოქცევა, როგორიცაა სოლიდარული პასუხისმგებლობა და დემოკრატიული თვითმმართველობაა, რაც ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა სრულყოფას და თანდათან კოოპერაციული სისტემის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებად ჩამოყალიბდა. აღნიშნულიდან, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარება მნიშვნელოვანწილად სწორედ ეკონომიკურ საფუძველზეა აღმოცენებული, რაც უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებაში კოოპერაციული ურთიერთობების წარმოქმნასა და გავრცელებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდანვე მის შემადგენლობაში  შედიოდა კოოპერაციის საკითხების შემსწავლელი ეკონომიკური საბჭო, რომელმაც მის პირველივე რეზოლუციებში – „მიწის რეფორმა“ (1951წ) და „დაბალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება“ (1954წ),  კოოპერაციას მიანიჭა განსაკუთრებული როლი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ქვეყნების მთლიანი ეკონომიკური სისტემის  განვითარების საკითხში.

კოოპერაციის მხარდამჭერი სპეციალური კომისია არსებობს ევროპარლამენტშიც. ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ეფექტიანი სისტემის არსებობა ხანგრძლივი განვითარების უწყვეტ პროცესს უკავშირდება. ამ პროცესში სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის კატაკლიზმურ ცვლილებებს პრაქტიკულად ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ევროკავშირის აგრარული პოლიტიკა კოოპერატივებს ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაძლიერებისა და ბაზრების დახვეწის ერთ-ერთ მთავარ მაორგანიზებელ მნიშვნელობას, რაც განაპირობებს კოოპერაციული მოძრაობის განვითარების მხარდაჭერისა და სტიმულირების  პოლიტიკას. ის ქვეყნები კი, რომლებისთვისაც დიქტატორული და კლანური  მმართველობის  გამო შეუთავსებელი და მიუღებელია კოოპერაციული პრინციპები, საწარმოო ურთიერთობათა ფორმით და მოსახლეობის უმრავლესობის განვითარებისა და ცხოვრების დონით, 21-ე  საუკუნეშიც  ფეოდალურ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციაში იმყოფებიან. ასეთებია: სამხრეთ ამერიკის, არაბეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და შუა აზიის არაერთი ქვეყანა.

ბოლო წლებში დასავლეთ ევროპაში კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ნაკარნახევი იყო სურვილი, რომ კოოპერაციული ორგანიზაციებისთვის მიენიჭებინათ გარკვეული მოქნილობა, რათა ისინი გამკაცრებული  კონკურენციის პირობებს მორგებოდნენ.  თუმცა ყოველივე ეს განხორციელდა დემოკრატიული კონტროლის და კოოპერაციული პრინციპების განუხრელი დაცვით. მაგალითისთვის, საფრანგეთის კანონმდებლობით კოოპერატივებს საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საშუალება მიეცათ, თუმცა მსხვილი კორპორაციული კაპიტალის ინტერვენციის თავიდან აცილების მიზნით, განისაზღვრა მმართველი ხმების განაწილების გარკვეული კვოტები. ზოგიერთ კანონში კოოპერატივებს მიეცათ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებად რეორგანიზების უფლება (მაგ., შვედეთში 1987 წ. გერმანიაში კი 1994 წელს).

1957 წლის 25 მარტს რომში ხელმოწერილი ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა ევროპის  საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა (CAP) და ევროკავშირის საერთო ბაზრის ორგანიზაციის (CMO) პრინციპები და წესები, რომლებიც სავალდებულოა წევრი ქვეყნისთვის. CAP-ის ფარგლებში არსებობს სასოფლო-სამეურნეო ბაზრისა და შემოსავლების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმი (2012 წელს მთლიანობაში ამ ასიგნებებმა 43 მილიარდი ევრო შეადგინა), რომელიც თანადაფინანსების პრინციპით პირდაპირ სუბსიდიებს გასცემს ფერმერთა ორგანიზაციებზე. ამ სახსრებიდან საშუალოდ 7 მილიარდი ევრო ხმარდება სოფლად არასასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვითი საქმიანობით დაკავებულ ფერმერთა ორგანიზაციებს. ამ მექანიზმის მეშვეობით ფერმერთა ჯგუფებს ხელი მიუწვდებათ შედარებით იაფ ინვესტიციებზე, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ კონკურენტული მარკეტინგული სტრუქტურების, დამატებითი ღირებულების შექმნის, პროდუქციის ბრენდირებისა და გეოგრაფიული დასახელების დაცვის სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირის  აგრარული პოლიტიკა კოოპერატივებს ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ორგანიზაციისა და დახვეწის პრიორიტეტულ მნიშვნელობას, რაც განაპირობებს კოოპერაციული მოძრაობის განვითარების მხარდაჭერისა და სტიმულირების პოლიტიკას. ევროპის ქვეყნებში კოოპერაციის აქტიური მხარდაჭერით გაიზარდა წარმოების მასშტაბები იმდენად, რომ შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჭარბწარმოების პრობლემა. ამიტომ ბოლო წლებში განხორციელდა სახელმწიფო დაფინანსების პრინციპების გარკვეული ცვლილება, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოოპერატივები ძირითადად იღებენ მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას და შეღავათიან კრედიტებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის.

კოოპერატივების მიერ ნებაყოფლობით, ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილის რეალიზაციის პრობლემებს ზოგჯერ მივყავართ სახელმწიფო ორგანოების ჩარევამდე, რომლებიც სუსტად ორგანიზებული ბაზრების პირობებში იძულებული არიან შთანთქან ზედმეტად წარმოებული პროდუქცია,  ბაზარზე ფასების შესანარჩუნებლად, ხოლო დეფიციტის შემთხვევაში, განახორციელონ იმპორტი ფასების ზრდის შესაჩერებლად.

საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ დემოკრატიულ საზოგადოებებში კოოპერაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა კერძო მეწარმეობასთან დაკავშირებული ფართო საკანონმდებლო ბაზის ნაწილია. იგი მაქსიმალურად მოწოდებულია, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს კოოპერატივების მმართველ და საორგანიზაციო ასპექტების დეტალურ რეგულირებაში და ამით ხელი შეუწყოს ამ ორგანიზაციების დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობას. კოოპერატივების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება ძირითადად დაიყვანება მონიტორინგზე, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა კანონმდებლობასა და თავიანთ წესდებას. სხვადასხვა ქვეყნებში კოოპერატივების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ სამართლებრივი რეგულაციების რამდენიმე მიდგომაზე:

პირველი მიდგომა – უნიფიცირებული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ყველა იურიდიული პირის შექმნასა და საქმიანობას. ამ მიდგომის სამართლებრივი რეგულაციების მთავარი წყარო არის სამოქალაქო კოდექსი (ჰოლანდია), კანონი იურიდიული პირების შესახებ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი), ან სამოქალაქო კოდექსი და  კანონი იურიდიული პირების შესახებ ცალ-ცალკე (თურქმენეთი).

გერმანიაში კოოპერაციული საქმიანობა დაფუძნებულია გერმანიის ფედერალურ კანონზე „კომერციული და სამეურნეო ამხანაგობების შესახებ“ (1889წ). დიდ ბრიტანეთში – კანონზე „სამრეწველო გაერთიანებებისა და ურთიერთდახმარების საზოგადოებების შესახებ“.

მეორე მიდგომა – კოოპერაციის ზოგადი სამართლებრივი რეგულირება, რომლის საფუძველს წარმოადგენს კოოპერატივების კოდექსი (პორტუგალია), კანონი კოოპერატივების შესახებ (პოლონეთი, ლიტვა, სლოვენია, უნგრეთი, ყაზახეთი), ან კანონი კოოპერაციული საზოგადოებების შესახებ (საფრანგეთი, შვედეთი).

პორტუგალიაში კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს კოოპერაციული კოდექსი. აქ კოოპერატივები წარმოადგენენ განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის იურიდიულ პირებს, რაც გამოიხატება კოოპერატივების მიმართ საგადასახადო შეღავათებში. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ღონისძიებები გათვალისწინებულია კოოპერატივების განვითარების პროგრამაში (2000 წ).

კანონით „კოოპერატივების შესახებ“ რეგულირდება კოოპერატივების სამართლებრივი მდგომარეობა პოლონეთში (2004 წ), ლიტვაში (1993 წ), სლოვენიაში (1993 წ), ყაზახეთში (2014 წ) და უნგრეთში (1992 წ).

ფინეთში კოოპერაციული გაერთიანების სტატუსს განსაზღვრავს კანონი „კოოპერაციული გაერთიანებების შესახებ“, (1954 წ). მსგავსი კანონი მოქმედებს შვედეთშიც. ამ ქვეყნებში კოოპერაციულ გაერთიანებებში მოიაზრება ორგანიზაციები, სადაც წევრთა რაოდენობა და კაპიტალი წინასწარ არ არის განსაზღვრული. ეს გაერთიანებები შექმნილია წევრთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოიყენონ ამ ორგანიზაციის მომსახურება.

მესამე მიდგომა – განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისათვის. ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მოლდავეთის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ირლანდიის, ტაჯიკეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის კანონმდებლობებში.

იაპონიაში არსებობს განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სამომხმარებლო კოოპერატივებისათვის. სამართლებრივი რეგულაციები აგრარული კოოპერატივებისათვის მოცემულია კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“ (1947 წ). აქ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში იგულისხმება ფერმერთა გაერთიანებები, რომლებიც შექმნილია წარმოების, მარკეტინგის, საწარმოო საშუალებების შესყიდვის, კონსულტაციების გაწევის, საკრედიტო და სადაზღვევო მიზნებისთვის. სამომხმარებლო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულაციები მოცემულია იაპონიის კანონში „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ (1948 წ).

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფერმერთა საკრედიტო სისტემის ორგანიზაცია მოქმედებს კოოპერაციის საფუძველზე და რეგულირდება კანონებით „ფერმერთა კრედიტის შესახებ“ (1971 წ), „სასოფლო-სამეურნეო კრედიტის შესახებ“ (1987 წ), „ფერმერთა საკრედიტო სისტემის რეფორმირების შესახებ“ (1996 წ). სამართლებრივი საფუძვლები საკრედიტო კავშირების საქმიანობის შესახებ დაფუძნებულია აშშ-ს კანონზე „საკრედიტო კავშირების შესახებ“ (1934 წ). კანონმდებლობა კოოპერატივების შესახებ ასევე რეგულირდება ცალკეული შტატების დონეზე.

მეოთხე მიდგომა კოოპერაციის საერთო სამართლებრივი რეგულაციები (ძირითადად კანონით კოოპერაციის შესახებ), განსხვავებული ტიპის კოოპერატივების სამართლებრივ რეგულაციებთან ერთად. ეს მიდგომა საფუძვლად უდევს ბევრი სამართლებრივი რეგულაცია კოოპერატივების შესახებ (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, უკრაინა).

იტალიის კანონმდებლობაში კოოპერატივი განისაზღვრება როგორც განსაზღვრული სპეციფიკის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. კოოპერატივების სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავენ სხვადასხვა კანონები. იტალიაში კოოპერაციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის 1947 წელს მიღებული კონსტიტუციის 45-ე მუხლი. უფრო დაწვრილებით კოოპერაციის მიზნები ჩამოყალიბებულია იტალიის სამოქალაქო კოდექსში.

უკრაინაში ყველა იურიდიული პირი კლასიფიცირდება, როგორც სამეწარმეო და არასამეწარმეო საზოგადოება. მწარმოებელი კოოპერატივები აღიარებულია, როგორც სამეწარმეო საზოგადოება (უკრაინის სამოქალაქო კოდექსი), სამომხმარებლო და სხვა ტიპის კოოპერატივები – არასამეწარმეო საზოგადოებად. არასამეწარმეო საზოგადოებების სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები განსაზღვრულია უკრაინის სამოქალაქო კოდექსით.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (დანია, ბელგია) ამ დრომდე არ არსებობს სამართლებრივი აქტები რომელიც არეგულირებს კოოპერატივების საქმიანობას და კოოპერატივების ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითად მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ თვითონ კოოპერატივების მიერ შემუშავებული შიდა ნორმატიული აქტები. ამის მიუხედავად აღნიშნულ ქვეყნებში კოოპერაციული აქტივობები მაღალ დონეზეა განვითარებული.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ორგანიზაციული და სამართლებრივი რეგულირების კუთხით საინტერესოა ესპანეთის გამოცდილება.

ესპანეთის კოოპერაციული სისტემის სამართლებრივ საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ესპანეთის კონსტიტუციის (1978წ.) 129.2 მუხლი: „სახელმწიფო ორგანოებმა ეფექტურად უნდა დასახონ წარმოებაში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები და ხელი შეუწყონ  კოოპერატივების ჩამოყალიბებას არსებული კანონმდებლობის საფუძველზე“. ესპანეთის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო სექტორის  სტრატეგიული ხედვა და მისიაა: „სტიმული უნდა მივცეთ კოოპერატივის მომგებიანი, კონკურენტუნარიანი, მაღალპროფესიონალური, დამატებითი ღირებულების შემქმნელი, მზარდი მასშტაბების ბიზნეს მოდელის შექმნას, რომელიც გახდება ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადობის გარანტი“.

ესპანეთში კოოპერატივი აღიარებულია როგორც „განსაკუთრებული” საწარმო, რადგან კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო სექტორი  სოციალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სადაც  გადაწყვეტილებათა მიღება და მოგების განაწილება, სხვა სამეწარმეო ფორმებისგან განსხვავებით, არ ხდება შენატანი კაპიტალის მიხედვით. კოოპერატივის  ეთიკის საფუძველს წარმოადგენს პრინციპები, ღირებულებები, პასუხისმგებლობა და საქმიანობის სოციალური შედეგები. ეკონომიური მართვის  ძირითადი პრინციპი – რენტაბელობა მისთვის წარმოადგენს მიზანს იმდენად,  რამდენადაც ის იძლევა მისი წევრების ეკონომიური და სოციალური განვითარების  საშუალებას.

ესპანეთში აგროსასურსათო კოოპერატივების რაოდენობა მიმდინარე პერიოდში შეადგენს  3.380-ს, სადაც გაწევრიანებულია 1 მლნ-მდე  ფერმერი; გრძელვადიანი და მოკლევადიანი კონტრაქტებით დასაქმებულია 96 ათასი ადამიანი; კოოპერატივების  წლიური საქონელბრუნვა შეადგენს, დაახლოებით, 26 მლრდ. ევროს, საიდანაც ექსპორტის მოცულობა შეადგენს 27%-ს. დღეს ესპანეთის მთლიანი საქონელბრუნვის  47% ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ, რომელთაგან 36% ახორციელებს ექსპორტს. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ერთი კოოპერატივიდან 1 მილიარდი ევრო.

ესპანეთის რეფორმების წარმატების მთავარ მიზეზს სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების განვითარება წარმოადგენს. აგროსასურსათო სექტორის პროდუქციის 60%-ს კოოპერატივები აწარმოებენ. ესპანეთი მთელ რიგ სფეროებში: ღვინო, ხილ-ბოსტნეული, ზეთის ხილის  წარმოება და  სხვა  პირველ ადგილზეა ევროპაში. „სოფლის მეურნეობის საკრედიტო ბანკი“, რომლის აქტიური მოქმედების პერიოდი იყო 30 წელი, ფუნქციონირებდა მე-20 საუკუნის 50 – იანი წლებიდან 80 – იან წლებამდე. ამ პერიოდში არსებობდა სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრები. 1978 წლიდან სახელმწიფო აღარ მართავდა ამ სფეროს. შეიქმნა კოოპერატივების ასოციაციები, საკრედიტო კოოპერატივები, კოოპერატივების საკრედიტო განყოფილებები. კოოპერატივებს გაუჩნდა საკუთარი ხმა ქვეყნის მთავრობის  წინაშე.

ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, ესპანეთმა დაიწყო სტანდარტების შემუშავება და სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო დახმარების ხაზის შექმნა. აღნიშნული პროცესი შემდეგ სტრატეგიულ ღონისძიებებს მოიცავს:

  • წარმოების დაგეგმვაზე ორიენტირებული ღონისძიებები:
  • კვლევებსა და ექსპერიმენტული წარმოებაზე მიმართული აქტივობები;
  • ტრენინგებსა და მრჩეველთა მომსახურებებზე მიმართული ღონისძიებები;
  • გარემოსდაცვითი ღონისძიებები;
  • სხვა ღონისძიებები, ქმედებები, ინვესტიციები და ხარჯების კონცეფციები.

ესპანეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა და განვითარების სტრატეგიები არსებობს ცალკეული რეგიონების მიხედვით. ვალენსიის რეგიონის სოფლის მეურნეობის, გარემოს, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის და პოპულარიზაციის პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

  1. ვალენსიის აგრარული კოოპერატივების ინსტიტუტის(ICAV) ღონისძიებები (1984-1994);
  2. კოოპერატივების მხარდაჭერა(ეტაპი I    1994-2004);
  3. კოოპერატივების მხარდაჭერა(ეტაპი II   2004-2011);
  4. მომარაგება და კოოპერატივების გამსხვილების ღონისძიებები (2011-2015);
  5. აგრარული პროდუქტების საწარმოები და მიწოდების კონცენტრაციის ღონისძიებები (2015-2017).

ვალენსიის აგრარული კოოპერატივების ინსტიტუტის (ICAV) ფუნქციები (1984-1994):

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა წარმოების, მარკეტინგის და სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების კუთხით;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და აგრარული კვლევების განხორციელება და კვლევების შედეგების გავრცელება კოოპერაციულ გაერთიანებებში;
  • სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო დარგობრივი განათლების უზრუნველყოფა და ფერმერებისა და გლეხებისათვის ტრენინგების ჩატარება კოოპერაციის საკითხებში;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ესპანეთის და ვალენსიის მთავრობის აგრარული პოლიტიკის და სამოქმედო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება ვალენსიის რეგიონში აგრარული კოოპერაციული ორგანიზაციების დასახმარებლად.

1995 წელს  დამტკიცდა ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ,,გენერალური გეგმა’’ (1995-2000 წწ.). აღნიშნული გეგმის ძირითადი ამოცანები იყო:

  • კოოპერაციული საწარმოების რესტრუქტურიზაცია, რათა მიეღოთ ისეთი საწარმოო და სადისტრიბუციო სტრუქტურები, რომელთა ეკონომიკური მასშტაბის ეტაპობრივი კონცენტრაციის გზით, გააუმჯობესებდნენ საკუთარ გავლენებს ბაზრის სეგმენტებზე. ასევე კოოპერატივებს შეექმნათ კოოპერაციული გაერთიანებები მომარაგებისა და ბაზრის სეგმენტებზე მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად;
  • კოოპერაციული საწარმოების ხელშეწყობა იმ დარგებსა და საწარმოებში, სადაც კოოპერაციული საქმიანობა სუსტად იყო განვითარებული;
  • კოოპერატივების ფინანსური სტრუქტურების გაძლიერება, განსაკუთრებით იმ კოოპერატივებში, რომელთაც ჰქონდათ საკრედიტო განყოფილებები;
  • კოოპერატივების წევრების, მმართველი საბჭოების და მენეჯერებისთვის  ტრენინგის სათანადო დონის უზრუნველყოფა.

ჩარჩო ხელშეკრულებების საშუალებით, ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორიცაა: ტრენინგი, რეკლამა, კოოპერატივებში სამუშაოს კოორდინირება და სხვა, ვალენსიის მთავრობიდან დახმარება მიიღო ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციამ.

2015 წლის 16 მაისს, ვალენსიის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება N15, რომლითაც განისაზღვრა სუბსიდიების გაცემის მარეგულირებელი ბაზა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრაციისათვის ვალენსიის რეგიონში. აღნიშნული ბრძანების მიზანი იყო კვების ინდუსტრიაში და ვაჭრობის სფეროში კოოპერატივების პოზიციების გაძლიერება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, კოოპერატივების გამსხვილების და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობით.

ვალენსიის რეგიონში სამთავრობო დახმარების სპექტრი იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და მოიცავდა ყველა შესაბამის სფეროსა და ღონისძიებას: განვითარების გეგმების შემუშავება, საინვესტიციო ანალიზი, ბაზრის კვლევისა და მართვის სისტემები, მიწის იჯარა, ტრენინგი,  კაპიტალიზაცია, კომერციალიზაცია, კონსოლიდაცია,  საჭირო სპეციალისტების დაქირავება, დივერსიფიკაცია, ინტეგრაცია, ახალგაზრდების სწავლება და დასაქმება, ვალდებულებათა სტრუქტურირება, დაფინანსება, პროპაგანდა, ინფორმაციის გენერირება- გავრცელება, სტრუქტურული მოდერნიზაცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების კონვერსია ახალ სახეობებზე, ადაპტირება ახალი ტენდენციებზე და ტექნოლოგიებზე.

გასული საუკუნის 70-იან წლებში გარემოსდაცვითი მიდგომების შესახებ ცნობიერება საზოგადოებაში სულ უფრო წინ მიდიოდა და პესტიციდების და სასუქების არასწორი გამოყენების შედეგად მიღებული ზიანის შესახებ უფრო ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, დადგა საჭიროება სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიონალიზმის დონის ამაღლებისა, რომლის მიზანი იყო პროფესიონალი კადრების მომზადების სისტემის შექმნა, რაც ფერმერებს დაეხმარებოდა უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაში. მაშინდელ პერიოდში ესპანეთში ფერმერული მეურნეობები ჯერ კიდევ არ იყო მომგებიანი და არ ჰქონდათ შესაძლებლობა აენაზღაურებინათ ტრენინგებისა მომსახურებების საფასური. ამიტომ აღნიშნული სისტემის შექმნისთვის აუცილებელი იყო ადმინისტრაციის მხარდაჭერა.

კოოპერატივების წევრების ცოდნის ამაღლების კუთხით, კარგ მაგალითს წარმოადგენს ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციის მიერ ATRIAS-ის  (ინტეგრირებული მიდგომა სოფლის მეურნეობაში) ქსელის შექმნასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები. 1993 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი განკარგულება ATRIAS-ის შესახებ, სადაც  გამოკვეთილი იყო შემდეგი მიმართულებები:

  • ინტეგრირებული კონტროლი ტექნოლოგიების და ფიტოსანიტარიულ პროდუქტების რაციონალური გამოყენებაზე;
  • სპეციალიზებული პერსონალის ტრენინგები და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა;
  • ფერმერების ჯგუფების წახალისება ინტეგრირებული ფიტოსანიტარიული მიდგომის (ATRIAS) განხორციელებაში.

მინისტრის ბრძანებულების თანახმად ATRIAS-ის ფორმირება მინიმუმ 10 ადამიანს შეეძლო, მინიმალური ფართობი კი დარგის მიხედვით დგინდებოდა. მთავრობა ანაზღაურებდა მათ მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალის ხელფასს მთლიანად ან ნაწილობრივ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. სპეციალისტები აღნიშნული გუნდის მთავარი საყრდენები გახდნენ, რადგან ისინი პირველადი წარმოების სფეროს ბაზრებთან აკავშირებდნენ. რეგულაციები მუდმივად ვითარდებოდა შემდეგ კონტრიბუციების მიხედვით: სასურსათო უსაფრთხოება, ხარისხი, მიკვლევადობა, ფიტოსანიტარიული პროდუქციაზე ორიენტირება და ა.შ.

1989 წლიდან 2010 წლამდე, ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციამ მარცვლეულის წარმოების ინტეგრირებული კურსის პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი სპეციალისტი გადაამზადა. 2010 წელს ფედერაციამ მოახდინა ონლაინ კურსის პრეზენტაცია, ხოლო 2016 წლისთვის გადამზადდა 197 პროფესიონალი. ტრენინგი ვერ იქნებოდა წარმოდგენილი 1 საგნის შესწავლით, რადგან სპეციალისტმა უნდა მიიღოს მუდმივი და განგრძობითი ტრენინგი ისე, რომ მას ჰქონდეს წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სახეობებზე, რათა მან ეფექტიანად და მდგრადად შეძლოს მუშაობა. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა სპეციალისტების ქსელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ, შეუძლიათ ინოვაციების შესახებ ცოდნის გავრცელების კუთხით თანამშრომლობა და ასევე იქნებიან მუდმივი გადამზადების პროცესის მონაწილეები.

ATRIAS-ის ქსელის დაფუძნებით და სპეციალისტების ფუნდამენტური როლის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი მიღწევები:

  • პირველადი წარმოების ტექნიკით აღჭურვამ ბევრად გააუმჯობესა და გაზარდა ფერმების კომპეტენტურობა;
  • სპეციალისტებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ფერმერების გადამზადებაში;
  • ქსელმა საფუძველი ჩაუყარა უსაფრთხო და მაღალი ხარისხის წარმოების მოდელის შექმნას, რაც საჭირო ინსტრუმენტია მოთხოვნილი ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ევროკავშირების რეგულაციებთან შესაბამისობაში;
  • ფერმერებმა შეძლეს და თავი გაართვეს რეგულაციებს პროდუქტების წარმოებიდან პესტიციდების ამოღებასთან დაკავშირებით;
  • მცენარეთა დაცვის პროდუქტების და სასუქების გაურკვეველი გამოყენებით დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც მოყვა შემდგომი გაუმჯობესება გარემოს დაცვის და მომხმარებელთა ჯანდაცვის კუთხით;
  • ფერმერების რაოდენობა, რომლებიც ორგანული ფერმერული მეურნეობის სტანდარტების დაცვით მონაწილეობენ ინტეგრირებულ წარმოებაში, გაიზარდა. ამჟამად ვალენსიაში მსგავსი მიდგომით მუშავდება 32 000 ჰა მიწის ნაკვეთი;
  • ATRIAS-ში შემავალი ფერმერები სარგებელს ნახულობდნენ ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისგან, რადგან ისინი აკმაყოფილებდნენ მოთხოვნილი ხარისხის სტანდარტების უმეტესობას. 2004-2010 წლებში ATRIAS-ში ჩართულმა ფერმერებმა ევროკავშირის სუბსიდიები მიიღეს 1 ჰექტარზე 150-დან430 ევრომდე, წარმოებული მარცვლეულის სახეობების მიხედვით.

მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესწევთ უნარი, უზრუნველყონ ცხოვრების მაღალი სტანდარტები, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაზე. აუცილებელია, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსად,  ცალსახად განისაზღვროს მთავარი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების სასიკეთოდ.

სახელმწიფო რეგულირების სისტემაში არსებული გამოწვევების შესაბამისი, ახალი ელემენტების დანერგვა იძლევა ინსტიტუციური საფუძვლების შექმნის შესაძლებლობას, რაც ქმნის ეკონომიკურ პირობებს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისათვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმაციას მრავალფეროვანი საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე. წარმოდგენილი საკითხების სისტემური გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მეურნეობრიობისათვის საჭირო პირობების შექმნას, აღწარმოების მასშტაბების გაზრდას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რაც შექმნის მყარ გარანტიებს საქართველოში ძლიერი კოოპერატიული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და  სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაჭრისათვის.

დავით მამუკელაშვილი, ეკონომიკის დოქტორი