სასოფლო-სამეურნეო ცხოველების _ ძროხის ჯიშები
სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების უმეტესობა ადამანმა ჯერ შემოიჩვია, შემდეგ კი მოიშინაურა ჩვ.წ.აღ.-მდე 5-7 ათასი წლის წინათ. მათი წარმოშობის ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვან მასალას იძლევა უძველესი ადამიანის საცხოვრისის არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული ძვლები და გამოქვაბულების კედლებზე აღმოჩენილი ფრესკები, რომლებზეც წარმოდგენილია გარეული ცხოველებზე ნადირობისა და შემოჩვევა-მოშინაურების სცენები. ამაზე მეტყველებენ, აგრეთვე, ეთნოგრაფიული გამოკვლევებისას მოპოვებული მასალები- ცხოველების გამოსახულებიანი საკულტო და ყოველდღიური ჭურჭელი, ავეჯი და მისთ.
მსოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშინაურების 6 კერას შორის ერთ-ერთი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელშიც შედის საქართველო. ამის გათვალისწინებით ადვილი გასაგები უნდა იყოს ჩვენში ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ჯიშების ასეთი სიმრავლე და ნაირფეროვნება, რომელთაგან ზოგიერთი აბორიგენული ან ენდემურია.
ადამიანის მიერ გარეული ცხოველის შემოჩვევის, შემდეგ კი მოშინაურების ძირითადი მიზანი იყო გარკვეული საშუალების (ცოცხალი გამწევი ძალის, პროდუქციის წყაროს) საცხოვრებელთან ახლოს ყოლა. თავის მხრივ, სასოფლოსამეურნეო ცხოველთა ჯიშების წარმოქმნის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო ადამიანის სურვილი და სწრაფვა თავისი ამა თუ იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გარკვეული სარგებლიანობის მომცემი ცხოველის მიღება. ამასთან, საწარმოო ძალებისა და წარმოების ურთიერთობათა განვითარებამ მისი მისწრაფებათა არეალი კიდევ უფრო გააფართოვა და დღეს ცხოველი წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელოვან ასპარეზს.
დღეისათვის მსოფლიოში აღრიცხულია ძროხის 1000-მდე ჯიში, ღორის- 100- მდე, ცხვრის- 600-მდე, თხის 60-მდე ცხენის 150-მდე, ბოცვერის 60-მდე და შინაური ფრინველების რამოდენიმე ასეული ჯიში.
მოშინაურების გავლენით ცხოველებმა განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, შეიცვალა მათი სხეულის ზომები და ფორმა, ზოგიერთ სახეობაში დაიკარგა გამრავლების სეზონურობა, ისინი უფრო მალმწიფადები გახდნენ, გაიზარდა სარძეო პროდუქტიულობა და სხვა.
მაგალითად, ძროხა გადაიქცა უფრო პატარა ტანის ცხოველად, ვიდრე მისი გარეული წინაპარი ტური იყო, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში 5-8 ჯერ გაიზარდა მისი მონაწველი. შინაური ცხენების უმრავლესობა გაცილებით ტანადია, ვიდრე გარეული ფორმა. ცხვარში მოშინაურებით დაიკარგა გარეული წინაპრისათვის დამახასიათებელი გაზაფხულზე გაღვერვის ანუ ბალნის ცვენის თვისება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მატყლის სიგრძე, ზოგიერთი მათგანი კი გვაძლევს მეტად ნაზ, ე. წ. მერინოსულ მატყლს.
ამდენად, საუკუნეების მანძლზე ადამიანის მიზანმიმართული საქმიანობით მნიშვნელოვნად შეიცვალა მოშინაურებულ ცხოველთა სახეობების ბიოლოგიური ბუნება, რის შედეგად წარმოიშვა უფრო წვრილი ტაქსონომიური ერთეულები- ჯიშები.
ჯიში არის ადამიანის შრომით ჩამოყალიბებული ერთი სახეობის, ერთიანი წარმოშობის, კონკ რეტული პირობებისადმი შეგუებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველებ ის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან მსგავსი ექსტერიერულ-კონსტიტუციური და სამეურნეო თვისებებით და ამ თვისებებს გადასცემენ შთამომავლობას.
მნიშვნელოვანია, რომ ჯიში არ არის რაიმე მუდმივი, უცვლელი. ის სისტემატიურად განიცდის ცვლილებას და ამ ცვლილებების მიმართულებები დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე, ან ასეთის არ არსებობაზე.
ჯიშში შემავალი ცხოველები იყოფიან ნათესაურ ჯგუფებად და ჰქმნიან ჯიშის სტრუქტურას-ჯილაგებს, ეკოტიპებს, ხაზებს, ოჯახებს. ჯიშების ასეთი აგებულება მისი შემდგომ სრულყოფას აადვილებს, მაგრამ, ამისათვის, ადამიანის მხრიდან საჭიროა სისტემატიური და მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის გარეშე ჯიშის ხარისხი არა თუ შენარჩუნებული იქნება, არამედ გაუარესდება.
ძროხის ჯიშები
სანაშენე მუშაობის დონის მიხედვით განასხვავებენ ძროხის პრიმიტიულ, გარდამავალ და კულტურულ ჯიშებს. პროდუქტიული მიმართულების მიხედვით კი ძროხის ჯიშები იყოფა სარძეო, სახორცე და კომბინირებულ (სარძეო-სახორცე და სახორცე-სარძეო, აგრეთვე სარძეო-სახორცე-მუშა) ჯიშებად. სპეციალიზირებული სარძეო და სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშები, ძირითადად, მიეკუთვნებიან კულტურულ ჯიშებს, ხოლო კომბინირებული პროდუქტიულობის ჯიშებში გვხვდება როგორც კულტურული, ასევე გარდამავალი და პრიმიტიული ჯიშები.
სარძეო ჯიშები. ძირითადად იყოფა სამ მონათესავე ჯგუფად- 1. შავჭრელ, 2. წითელ და 3. წითელჭრელ ჯიშებად. სარძეო ჯიშებს ასევე მიეკუთვნება ჯერსიული და გერნსიული ჯიშები, რომლებიც არ ენათესავებიან სხვა არც ერთ ჯიშს.
შავჭრელი ჯიშები სათავეს იღებს ჰოლანდიის დასავლეთის ზღვის სანაპირო ზოლში ოდითგანვე ცნობილი შავჭრელი ძროხიდან. ამ ჯგუფში შედის ერთმანეთის მონათესავე რამოდენიმე ათეული შავჭრელი შეფერილობის ჯიში, რომლებიც, ძირითადად, იწოდებიან მოშენების ქვეყნების სახელებით: მაგალითად გერმანული შავჭრელი, ესტონური შავჭრელი, რუსული შავჭრელი და სხვ.
ჰოლშტინური ჯიში . ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში. გამოყვანილია აშშ და კანადაში ჰოლანდიური ძროხის ხალასჯიშიანი მოშენებით გაუმჯობესების გზით. ჯიში ფერად შავ-ჭრელია, მაგრამ გვხვდება წითელჭრელი ჰოლშტინებიც. საკმაოდ დიდტანიანი ცხოველია, ფურების სიმაღლე მინდაოში 142-145 სმ, კუროების 155-160 სმ; ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 600-700 კგ, კუროების 950-1100 კგ, ახალშობილი ხბოს კი 30-35 კგ- ა.
ექსტერიერით ტიპიური სარძეო პროდუქტიული მიმართულების ცხოველია- თავი მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის და შედარებით წვრილი, მკერდი საშუალო სიღრმისა და განიერი; სხეულის უკანა მესამედი გრძელი და ფართო, ძვლეული წვრილი, კანი თხელი და დაფარულია ხშირი, მოკლე და ბზინვარე ბალანით; კისერზე კანი დანაოჭებულია, კიდურები და ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, უპირატესად ჯამისებრი ფორმის, კერტები უმეტესად ცილინდრული ფორმის. ფურების საშუალო მონაწველი 8000– 10000 კგ. ამასთან, რძეში ცხიმის და ცილის შემცველობა, ძირითადად, არ არის დიდი და, შესაბამისად, 3,6 და 3,1%-ს შეადგენს.
სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით დღეს არსებული ყველა მსოფლიო რეკორდი, გარდა რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობისა, ეკუთვნის ამ ჯიშის ფურებს. მას აშენებენ დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიაში და აზიის კონტინენტზე; შემოყვანილია საქართველოშიც, სენაკის რაიონის სოფ. თეკლათში, (კოოპერატივი “ტყირი”), საიდანაც გავრცელდა სხვა რაიონებშიც.
სტეპის წითელი ჯიში. ჩამოყალიბდა XVX-XX საუკუნეებში უკრაინის სტეპის სამხრეთ რაიონების მკაცრი კლიმატის და შედარებით მწირი კვების პირობებში. ჯიშის წარმოშობა დაკავშირებულია ჰოლანდიელ-გერმანელი მენონისტების უკრაინაში ჩამოსახლებასთან, რომლებმაც თან ჩამოიყვანეს წითელჭრელი ოსტფრიზული და წითელი ფერის ანგელნური ჯიშის ძროხა.
შემოყვანილი ცხოველები ვერ შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს, რის გამო დაიწყეს მათი შეჯვარება ნაცარა უკრაინული ჯიშის, აგრეთვე ველიკორუსულ ძროხასთან. შემდგომ ეტაპზე, სხვადასხვა გენერაციის ნაჯვარების “თავისში” მოშენებით მოხდა ამ ჯიშის ფორმირება.
თავიდან მას კოლონისტურს, მოგვიანებით კი გერმანულ წითელ ჯიშს ეძახდნენ, 1941 წელს კი ჯიშს შეუცვალეს სახელი და უწოდეს სტეპის წითელი.
მშრალი და ცხელი კლიმატისადმი შეგუება და ამტანობა ორასწლოვანი სელექციის ნაყოფია და მიჩნეულია ჯიშის ძირითად ღირსებად, ხოლო ნაკლად ითვლება შედარებით სუსტად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, აგრეთვე სხვა კულტურულ სარძეო ჯიშებთან შედარებით ნაკლები ცოცხალი მასა და მონაწველი. ჯიში გავრცელებულია უკრაინის და რუსეთის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შემოყვანილი იყო საქართველოში.
ექსტერიერით ჯიში მკვეთრად გამოხატული მერძეული ტიპისაა: ოდნავ წაგრძელებული ხმელი თავი, გრძელი კისერი შესამჩნევად დანაოჭებული კანით; მინდაო ვიწრო და ოდნავ მაღალი; ზურგისა და წელის ხაზი სწორი; გულმკერდი საშუალო სიღრმის და შედარებით ვიწრო; ღაბაბი სუსტად განვითარებული; გავა შედარებით მოკლე და დაქანებული, ცალკეულ შემთხვევაში კი სახურავისებრი. ცხოველების უმეტესობას კიდურების დგომა სწორია, ჩლიქები კი მაგარი. ტყავი თხელი და ელასტიურია, დაფარულია შედარებით მოკლე და ხშირი ბალნით; ცური საშუალო ან დიდი ზომის და ჯირკვლოვანი, უმეტესად აბაზანისებრი ან მომრგვალებული, კერტები გრძელი ან საშუალო სიგრძის და უმეტესად ცილინდრული ფორმის; სარძეო ჭა და სარძეო ვენები კარგად არის გამოხატული.
ზრდასრული ფურების სიმაღლე მინდაოში 128-130 სმ, ხოლო კუროების 138-141 სმ-ა. მათი ცოცხალი მასა, შესაბამისად, 450-520 და 750-800 კგ-ს შეადგენს, ახალშობილი ხბოს კი 25-30 კგ-ს.
სარძეო პროდუქტიულობის მიხედვით ჯიშის სტანდარტი I, II და III ლაქტაციაზე, შესაბამისად 2900, 3300 და 3700 კგ რძეა, 3,7 % ცხიმითა და 3,3% ცილით.
ჯერსიული ჯიში. გამოყვანილია კუნძულ ჯერსიზე (ბრიტ.) ნორმანდიული ძროხის ხალასად მოშენების გზით; 1789 წლიდან ამ კუნძულზე აიკრძალა ცხოველების იმპორტი, რის გამო გამოყვანის სასელექციო სამუშაოები ხორციელდეობდა სხვა ჯიშებისაგან იზოლირებულად, 10-12 ათას სულადობაზე.
კულტურულ სარძეო ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტანიანია, ფურების ცოცხალი მასა 450-500, კუროების 750-850, ახალშობილი ხბოების კი 20-25 კგ-ა. ცხოველები ხასიათდებიან მალმწიფადობით: ჳ დაგრილებაზე დეკეულებს უშვებენ 12-14 თვის ასაკში; ამასთან, რძე გამოირჩევა ცხიმისა (5,55,8%) და ცილის (3,6-3,9%) მაღალი შემცველობით.
სამშობლოში ფურების მონაწველი 4500-5000 კგ, აშშ-ში კი 4700 კგ რძეა 4,95% ცხიმით. ცალკეულ ფერმებში წველიან 7-9 ათას კგ, რეკორდისტი ფურებიდან კი 11-12 ათას კგ რძეს; ლაქტაციურ მონაწველში რძის საშუალო ცხიმიანობის რეკორდი შეადგენს 8,89%-ს.
გავრცელებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ, ავსტრალიაში და სხვაგან. ჩვენში გამოყენებული იყო ქართული მთის ძროხასთან შესაჯვარებლად; I თაობის ნაჯვარები ცოცხალი მასით, მონაწველით და რძეღალიანობით აღემატებოდნენ ადგილობრივ ჯიშს;
კომბინირებული მიმართულების ჯიშები: შვიცური ჯიში ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. გამოყვანილია შვეიცარიაში. ცხოველებისათვის დამახასითებელია პროპორციული აგებულების სხეული, პატარა თავი, რამდენადმე წაგრძელებული ფორმის ტანი, ღრმა და განიერი გულმკერდი, სწორი ზურგისა და წელის ხაზი, ოდნავ აწეული გავა, ზომიერად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, მაგარი ძვლოვანი სისტემა, მოცულობიანი და უპირატესად ჯამისებრი ან აბაზანისებრი ფორმის ცური, გამოკვეთილი სარძეო ვენები და სარძეო ჭა.
ცხოველები წაბლა ფერის არიან (ღიადან მუქ წაბლიფერამდე), ამასთან, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, ზურგის ხაზი, ცხვირის სარკისა და თვალის ირგვლივ მიდამო, აგრეთვე ყურის ნიჟარებისა და კიდურების შიგნითა მხარე უფრო ღია ფერის ბალნითაა დაფარული. ზრდასრული ფურების საშუალო ცოცხალი მასა 500-600 კგ-ა, კურო-მწარმოებლების- 800-1100 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს 30-35 კგ. ინტენსიურად გამოზრდა-სუქებისას მოზვრების სადღეღამისო წონამატი 900-1050 გ-ს აღწევს, საკლავი გამოსავალი კი 55-58%-ა.
შვეიცარიაში ფურების საშუალო მონაწველი 4500-5000 კგ რძეა 3,8-4,5% ცხიმის შემცველობით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1906 წლიდან შეცვალეს ამ ჯიშის სელექციის მიმართულება და ცხოველების გადარჩევა დაიწყეს მერძეულობის ნიშნებისა და მონაწველის უპირატესად გადიდების მოთხოვნებიდან გამომდინარე. დღეისათვის აქ ჩამოყალიბებულია ტიპიური სარძეო პროდუქტიულობის ექსტერიერის მქონე ჯიში, რომელსაც უწოდებენ ბროწნ შწისს (წაბლა შვიცური). აშშ-ში ის სარძეო პროდუქტიულობით ჩამოუვარდება მხოლოდ ჰოლშტინურ ჯიშს.
შვიცური ჯიშის პირუტყვი ბიოლოგიურად ყველა ჯიშზე უფრო ლაბილურია, რითაც ხსნიან მის გავრცელებას როგორც ცივი და ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში, ასევე ბარისა და მაღალმთიან რაიონებშიც. დღეისათვის მას აშენებენ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 100-მდე ქვეყანაში. საქართველოში ეს ჯიში პირველად შემოუყვანიათ 1864 წელს.
კავკასიური წაბლა ჯიში. გამოყვანილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და დაღესტანში ადგილობრივი ძროხის შვიცურთან და მის მონათესავე ჯიშებთან შეჯვარების გზით.
საქართველოში, შვიცური ჯიშის შეჯვარებაში გამოყენების პირველი ცდები დაკავშირებულია გერმანელი მემამულის ა. კუჩენბახის საქმიანობასთან, რომელსაც დღევანდელი დმანისის რაიონის ტერიტორიაზე რუსეთის მეფისაგან აღებული სესხით შეუძენია 20 ათასი დესეტინა მიწა და მოუწყვია სარძეო ფერმა. ვინაიდან ადგილობრივი ძროხა იწველიდა ცოტას, 1964 წელს მას შვეიცარიაში შეუძენია და ჩამოუყვანია შვიცური ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო.
იმდროინდელი ცნობების თანახმად შემოყვანილი ცხოველები ძნელად ეგუებოდნენ ადგილობრივ ეკოლოგიურ პირობებს და მასობრივად ავადდებოდნენ, რის გამო კუჩენბახმა დაიწყო მათი შეჯვარება ადგილობრივ პირუტყვთან და ნაჯვარების მოშენება.
ჯიშის გამოსაყვანად ინტენსიური სასელექციო მუშაობა დაუწყიათ XX საუკუნის 40-ან წლებში. ჯიშად დამტკიცდა 1960 წელს. მასში ოპტიმალურადაა შერწყმული გამოსავალი ჯიშების ნიშან-თვისებები: შვიცურიდან მან მემკვიდრეობით მიიღო დიდი ცოცხალი მასა და მაღალი მერძეულობა, ხოლო ქართული მთის ძროხიდან რძის შედარებით მაღალი ცხიმიანობა და გარემო პირობებისადმი შემგუებლობა.
ქართული პოპულაციის ცხოველები ექსტერიერით უფრო კომპაქტური აგებულებისანი არიან, ვიდრე შვიცური ჯიში. თავი საშუალო ზომის და მსუბუქი, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, გავა ფართო და ოდნავ აწეული; მუცელი მოცულობიანი, ცური უპირატესად აბაზანისებრი ან მომრგვალებული ფორმის, კერტები ცილინდრული ფორმის კიდურები საშუალო სიმაღლის, ჩლიქები მაგარი. ფურებისათვის სტანდარტული ცოცხალი მასა შეადგენს 370-430 კგ-ს, კუროებისათვის-570-680 კგ. ფურების მონაწველის სტანდარტი I, II, III და მეტ ლაქტაციაზე შესაბამისად არის 2000, 2500 და 2800 კგ რძეა, 3,7% ცხიმით.
მოზარდი ხასიათდება ზრდის საკმაოდ მაღალი უნარითა და სახორცე პროდუქტიულობით. ინტენსიურად კვებისას 15 თვის მოზვრების ცოცხალი მასა აღწევს 455 კგ, ხოლო ნაკლავის გამოსავალი 59%- ს შეადგენს.
1990 წლისათვის ჩვენში ფუნქციონირებდა ამ ჯიშის 1 სამომშენებლო და 43 სანაშენე მეურნეობა და ფერმა, რომელშიც ჰყავდათ 36000 სულზე მეტი პირუტყვი, სულ საქართველოში კი აღრიცხული იყო 100 ათას სულზე მეტი. დღეისათვის გავრცელებულია დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონებში, აგრეთვე კახეთში, უპირატესად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში.
სახორცე ჯიშები. ძირითადად იყოფა 3 ჯგუფად- ბრიტანული მალმწიფადი, ფრანგულ-იტალიური დიდტანიანი და ახალი სამყაროს ზებუსნაირი ჯიშები. ბრიტანული ჯიშებია ჰერეფორდული, აბერდინ-ანგუსური, გალოვეი, შორთჰორნი და სხვა. ფრანგულ-იტალიურ ჯიშებს მიეკუთვნება შაროლე, კიანური, ლიმუზინური, მენ-ანჟუ, ღია აქვიტანური, რომანული და მარკიჯანული. ახალი სამყაროს ზებუსნაირი ჯიშებია სანტა-გერტრუდა, ბრაფორდი, ბიფმასტერი, ბრანგუსი, შარბრეი, ბრამუზინი, სიმბრაზინი და სხვა.
ჰერეფორდული ჯიში: არეალით და სულადობით ამ ჯიშს, სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშებს შორის, პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. ის გამოყვანილია ჰერეფორდის საგრაფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი მუშა ტიპის ძროხის გაუმჯობესებით.
ჯიშის გამოყვანის სამუშაოები დაიწყეს XVIII საუკუნის შუა წლებში. რბილი კლიმატის გამო ცხოველებს მთელი წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, საძოვარზე ინახავდნენ, რამაც განაპირობა მისი კონსტიტუციური სიმაგრე, აგრეთვე საძოვრის ბალახის კარგად გამოყენების უნარისა და მოვლა-შენახვის პირობებისადმი ნაკლები მომთხოვნელობის თვისებების ჩამოყალიბება.
ჯიშისათვის დამახასიათებელია კომპაქტური აგებულება, თავი საშუალო სიდიდის, სახის ნაწილი მოკლე, სხეული კასრისებრი ფორმის და ჰარმონიულად განვითარებული, ფეხები დაბალი, ჩლიქები კი მაგარი. ძირითადი ფერია შინდისფერი წითელი, ხოლო თავი, ზურგის ხაზი, ღაბაბი, გუგუბო, მუცელი და კუდის ფუნჯი, აგრეთვე კიდურები მაჯისა და სახტომ სახსრამდის თეთრად არის შეფერილი. ამასთან, თეთრი და წითელი შეფერილობის ზონები მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისაგან.
ჯიში მალმწიფადია, 1 წლის ასაკში ზოგიერთი ინდივიდი 350-400 კგ- ს იწონის. ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 500-600 კგ, კურო-მწარმოებლების- 850-1000 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს 30-35 კგ-ა. ფურების მერძეულობა 1300-1800 კგ-ს აღწევს, მაგრამ მათ არ წველიან, ვინაიდან ხბოს ზრდიან თავისუფალი წოვების, ე.წ. “ფური-ხბო”-ს (“ცოწ-ცალფ”) მეთოდით.
ინტენსიურად კვებისას მოზარდის სადღეღამისო ნამატი 850-1000 გ-ს აღემატება, ხოლო საკლავი გამოსავალი 58 – 63%-ის ფარგლებშია.
1846 წელს დაფუძნდა სანაშენე წიგნი, რომელიც 1883 წლიდან გამოცხადდა დახურულად. ჰერეფორდული ჯიშის მწარმოებლების სპერმა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისათვის. ამავე მიზნით ჰერეფორდული ჯიშის მწარმოებლები შემოყსურ. ჰერეფორდული ჯიშის კურო-მწარმოებელი შემოყვანილი იყო საქართველოში, სიღნაღის რაიონის წნორის სახორცე მეძროხეობის საცდელ-სპეციალიზებულ კომპლექსში.
აბერდინ-ანგუსური ჯიში: გამოყვანილია შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აბერდინისა და ანგუსის საგრაფოში. ეს ზონა ხასიათდება შედარებით გრილი და ნესტიანი კლიმატით, რელიეფი კი გორაკ-ბორცვიანია. ცხოველები ხასიათდებიან ცოცხალი ტემპერამენტით, ჰარმონიული აგებულებით და კარგად გამოხატული სახორცე ფორმებით: თავი პატარა, კისერი მოკლე, ზურგისა და წელის ხაზი სწორი და განიერი, სხეული სიღრმეში და სიგანეში კარგად განვითარებულია და დაფარულია ფუმფულა კუნთოვანი ქსოვილით, ბარკლები ასევე კუნთებით კარგადაა შევსებული, ძვლეული წვრილი, ფეხები დაბალი, ჩლიქები კი მაგარი აქვთ. ფერად ცხოველები შავია. დამახასიათებელია გენეტიკური ურქოობა, რაც დომინანტური ნიშან-თვისებაა. ჯიში მალმწიფადია. უკვე 14-16 თვის ასაკში ამთავრებს ინტენსიურ ზრდას და ცოცხალი მასა აღწევს ზრდასრული ინდივიდების 80-85%-ს. გასუქებული პირუტყვის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს კუნთებსშორის და კუნთებსშიგნითა ქონს, როს გამო მარმარილოსებრი შესახედაობა აქვს.
ამ ჯიშის ცხოველები ადვილად ეგუებიან სხვადასხვა კლიმატური ზონის პირობებს, რის გამო იმპორტირებულია აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და სხვაგან. შემოყვანილი იყო საქართველოში (სიღნაღის რაიონის წნორის კომპლექსი).
ტანადობით ისინი ჩამოუვარდებიან სხვა ბრიტანულ სახორცე ჯიშებს. ფურის და კუროს ცოცხალი მასა, შესაბამისად შეადგენს 450-500 და 750-850 კგს, ხოლო ახალშობილი ხბოს მასა 25-30 კგ-ა.
ფურის მერძეულობა საკმარისია მაწოვარი ხბოს ნორმალური ზრდაგანვითარებისათვის; 6-8 თვის ასაკში დედიდან ასხლეტილი მოზარდი 170-190 კგ- ს იწონის, ინტენსიურად სუქებისას დღეღამური ნამატი 800-950 გრამი, ხოლო 18 თვის ასაკში დაკლული მოზარდის ნაკლავის გამოსავალი 60-65% -ა. ხორცის ხარისხით მას ბადალი არა ჰყავს. ზრდის პოტენციისა და ხორცის ხარისხის გასაუმჯობესებლად ეს ჯიში გამოიყენება სამრეწველო შეჯვარებაში.
შაროლე. გამოყვანილია საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში, შაროლეს პროვინციაში. დიდტანიანობასთან ერთად გამოირჩევა ზრდის მაღალი ენერგიით, მაგრამ გვიანმწიფადია. კარგად იყენებს ბუნებრივ საძოვრებს. თავის სამშობლოში ფურების ცოცხალი მასა 700-800, კუროების 10001400 კგ-ს აღწევს. ახალშობილი ხბოს მასა 40-45 კგ-ა.
ზრდის პოტენციით აღემატება ბრიტანულ სახორცე ჯიშებს, მაგრამ ნაკლავის გამოსავლითა და ხორცის ხარისხით ჩამოუვარდება მათ. 8 თვის ასაკში ასხლეტილი მოზარდის ცოცხალი მასა შეადგენს 200-220 კგ-ს. მოზვრების საშაულო დღეღამური წონამატი ინტენსიურად სუქებისას 1200 გ- ა, საკლავი გამოსავალი კი 55-56%.
ნაკლოვანი მხარეებიდან აღნიშნავენ გართულებული მშობიარობის მაღალ სიხშირეს, რაც დაკავშირებულია ახალშობილი ხბოს ფართოშუბლიანობასთან და დიდი მასასთან. გარდა ამისა შეიმჩნევა უხეში ძვლოვანი სისტემა და მსხვილბოჭკოვანი კუნთოვანი ქსოვილი. ცხოველებში საკმაოდ ხშირად გვხვდება “დოპელენდარიზმი”, ანუ სხეულის უკანა მესამედის კუნთების ჰიპერტროფია (გაორმაგება). შაროლეს ჯიშს აშენებენ მსოფლიოს 5 კონტინენტზე. ფართოდ გამოიყენება სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებაში.
ზებუსნაირი სახორცე ჯიშები: ძროხისნაირების ქვეოჯახის (ბოვინაე) ხარის (ბოს) გვარში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზებუს, ანუ ინდურ ძროხას (Bos taurus indicus), რომელიც არის ჩვეულებრივი ძროხის ნაირსახეობა. ის ძროხასთან შეწყვილებისას იძლევა ნაყოფიერ შთამომავლობას, მიღებულ ცხოველებს კი ეძახიან ზებუსნაირებს.
არსებული მონაცემებით მსოფლიოში ძროხეულის ყველაზე გავრცელებულ 299 ჯიშს შორის 121 არის ზებუ ან ზებუსნაირი. სულ კი ცნობილია ზებუსა და ზებუსნაირი ძროხის 380-მდე ჯიში. მათი სულადობა 450 მლნ-ს აღემატება, ანუ ძროხეულის საერთო სულადობის 1/3- ს შეადგენს.
ზებუ ხასიათდება პაპანაქება სიცხისადმი ტოლერანტობით, ძროხასთან შედარებით უხეში საკვების საყუათო ნივთიერებების უკეთესი მონელებადობით, აგრეთვე ზოგიერთი ინფექციური და ინვაზიური დაავადებისადმი გადიდებული რეზისტენტობით და/ან იმუნურობით. ეს თვისებები მემკვიდრეობით არის განსაზღვრული და შეჯვარებისას მაღალი განმეორებადობით ვლინდება შთამომავლობაში. ამდენად ეს ცხოველები შეუცვლელნი არიან ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნების ბუნებრივი საკვებ-სავარგულების ათვისების თვალსაზრისით, ხოლო ზებუსნაირი ახალი ჯიშები საკმაოდ ეფექტურები არიან ინტენსიური მეცხოველეობის პირობებშიც.
ზებუს ჯიშებიდან განსაკუთრებულად საყურადღებოა ბრამანის და მისი მონათესავე ჯიშები- ინდუბრაზილი და კუბური ზებუ.
ბრამანი. გამოყვანილია აშშ-ში ზებუს ინდური ჯიშების- ონგოლეს, კანკრეჯისა და გირის მონაწილეობით. ის სახორცე-სარძეო პროდუქტიული მიმართულებისაა. მისი ექსტერიერისათვის დამახასიათებელია კისერ-მინდაოს მიდამოში არსებული ხორცოვან-ქონოვანი კუზი, აგრეთვე მეტად დიდი ზომის ყურები და კანის ნაოჭები ღაბაბზე, გუგუბოსა და მუცელზე. ფერად ცხოველები ღია ნაცრისფერია, გვხვდება წითელი ფერის ბრამანის ჯიშის ნახირებიც.
ფურების ცოცხალი მასა 450-550 კგ, კურო- მწარმოებლების 850-1000 კგ, ახალშობილი ხბოს კი 25-30 კგ-ა. ძირითადად გამოიყენება სახორცე მიმართულების ტექნოლოგიით, რა დროსაც ხბოს ზრდიან დედის თავისუფლად წოვების პირობებში. ამიტომ ფურების სარძეო პროდუქტიულობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ხბოს ცოცხალი მასით 6,5-8 თვის ასაკში ასხლეტისას, რაც 185-200 კგ-ს შეადგენს.
ბრამანის ჯიში გამოირჩევა პაპანაქება სიცხისადმი მდგრადობით, პრაქტიკულად არ ავადდება პიროპლაზმიდოზების ისეთი ფორმებით, როგორიცაა პიროპლაზმოზი, ანაპლაზმოზი და ფრანსეალოზი, ხოლო თეილერიოზით დავადება ვლინდება სულადობის 15-20%-ში და როგორც წესი, ლეტალი შედეგის გარეშე. გარდა ამისა, ეს ჯიში რეზისტენტულია ისეთი დაავადებისადმი, როგორებიცაა ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, თურქული, ტრიპონოსომოზი.
გამოიყენება ჩვეულებრივი ძროხის ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებაში, რა დროსაც ჰეტეროზისის მაღალი ეფექტის წყალობით მიღებული თაობა გამოირჩევა ორივე მშობლებთან შედარებით ზრდის უფრო მაღალი ენერგიით, სიცოცხლისუნარიანობით და საუკეთესო საკლავი პროდუქტიულობით.
ბრამანის ტიპის ზებუს მონათესავე კუბური ზებუ გამოიცადა საქართველოს ბარის რაიონებში. ადგილობრივ ჯიშებთან ჰიბრიდიზაციისას გაიზარდა სარძეო და სახორცე პროდუქტიულობა, აგრეთვე გაუმჯობესების ფურების ნაყოფიერება, ნამატის გამოსავლიანობა და სიცოცხლისუნარიანობა.
ინდური ზებუს მონაწილეობის, გამოყვანილია სარძეო პროდუქტიული მიმართულების ისეთი ჯიშები, როგორებიცაა იამაიკის იმედი (ჟამაიკა ჰოპე), ავსტრალიური მერძეული ზებუ (AMZ) და ზებუ-ფრიზი (FS).
ბიფმასტერი. გამოყვანილია აშშ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის შტატებში, ბრამანის ჯიშის ზებუს შეჯვარებით სახორცე პროდუქტიული მიმართულების შორთჰორნის და ჰერეფორდულ ჯიშებთან. მის გენოტიპში ½ სისხლი ბრამანის, დანარჩენი კი დაახლოებით თანაბრად შორთჰორნისა და ჰერეფორდული ჯიშებისაა.
ამ ჯიშის ცხოველებში გაერთიანებულია სამივე გამოსავალი ფორმის საუკეთესო თვისებები: ზებუსგან მან მიიღო პაპანაქება სიცხისადმი გამძლეობა და დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენტობა, ხოლო შორთჰორნისა და ჰერეფორდულისაგან მალმწიფადობა, ზრდის პოტენცია, მაღალი საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის საუკეთესო საგემოვნო თვისებები.
ცხოველები ფერად წითელია, ცალკეულ ინდივიდებში აღინიშნება უმნიშვნელო თეთრი ნიშნები თავზე და მკერდზე, აგრეთვე ცურის და სასინჯის მიდამოებში. ფურების ცოცხალი მასა 500-600 კგ, კუროების 850-1000 კგ, ახალშობილი ხბოს 25-35 კგ, ხოლო მოზარდის დედიდან 6,5-8 თვის ასაკში ასხლეტისას- 190-220 კგ.
ჯიშს აშენებენ ხალასად. კარგ შედეგს იძლევა სამრეწველო შეჯვარებაში, რა დროსაც მიიღება ჰეტეროზისის მაღალი ეფექტის მქონე სასუქი მოზარდი.
ძროხის ქართული ენდემური/აბორიგენული ჯიშები.
ქართული მთის ძროხა. კავკასიის ენდემია. ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიერ ჩვ.წ. აღ-მდე IV საუკუნეში აღწერილი ძროხის უშუალო შთამომავალია, რომელიც მიუხედავად „პატარა ტანის“-ა „ბევრ რძეს“ იძლეოდა.
ამ ძროხაში განასხვავებენ ფშავ-ხევსურულ, ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მერძეულია ფშავხევსურული ჯილაგი.
მსოფლიოში ცნობილი 17 ჯუჯა ტანის ძროხის ჯიშებიდან ქართული მთის ძროხას მე-15 ადგილი უკავია. ზრდასრული ფურის სიმაღლე მინდაოში 98-102 სმა, ცოცხალი მასა კი 180-230 კგ. კურო-მწარმოებლის ცოცხალი მასა 280-300 კგ, ხოლო ახალშობილი ხბოს- 11-15 კგ-ა.
ფერით არაერთგვაროვანია: 51% შავია, 24% წითელი ან ჩალისფერი, 15% შავჭრელი, 8% წითელჭრელი და 2% ვეჟანი. ექსტერიერით ცხოველები უახლოვდებიან მერძეულ ტიპს: თავი პატარა და მსუბუქი; ტანი ზომიერად გრძელი, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, გულმკერდი საშუალო სიღრმისა და სიგანის, მუცელი მოცულობიანი; კანი თხელი და ელასტიური, კიდურები მოკლე, ჩლიქები მაგარი, ცური უპირატესად ჯირკვლოვანი და მომრგვალებული ფორმის. გამოირჩევა მაგარი კონსტიტუციით და ამტანობით. მას შეუძლია მთის ციცაბო, 350- მდე დაქანებულ საძოვარზე საკვების მოპოვება.
მწირი კვებისას ფურის საშუალო მონაწველი 800-900 კგ რძეა, 4,2% ცხიმით. ნორმირებული კვების და გაუმჯობესებული მოვლა-შენახვის პირობებში 7 სული სხვებზე უფრო პროდუქტიული ფურების საშუალო 305-დღიური მონაწველი იყო 2530 კგ რძე 4,67% ცხიმით, ხოლო ყველაზე დიდი მონაწველით გამოირჩეოდა ფური „გუტა“ # 236, რომელმაც ჳვ ლაქტაციაზე მოიწველა 4111 კგ რძე 4,96% ცხიმით. ასეთი მაღალი პროდუქტიულობა არ არის ერთეული შემთხვევა: მაგალითად, ფურმა „ლელა“ # 494-მა ვ ლაქტაციაზე მოიწველა 3126 კგ რძე 5,61% ცხიმით.
ჯიში გამოირჩევა სუქების კარგი უნარით და ხორცის მაღალი საგემოვნო თვისებებით. ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამურმა ნამატმა 671 გ, ხოლო საკლავმა გამოსავალმა 51,2% შეადგინა. ხორცი შეიცავს 64% წყალს, 19,8% ცილებს, 15,3% ცხიმებს და 0,9% მინერალურ მარილებს.
ამან განაპირობა ფერმერებში ამ ჯიშის პოპულარობა და განიხილება როგორც მაღალმთიანი რეგიონების კურორტებისა და დასასვენებელი სახლების ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „ნატურალური“ რძით და ხორცით მომარაგების ერთადერთ წყაროდ.
მეგრული წითელი ჯიში. გამოყვანილია მეგრელი მეჯოგეების მიერ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ადგილობრივი პატარატანიანი ძროხის ხალასად მოშენებით და მკაცრი გადარჩევისა და შერჩევის პირობებში. სხვებთან შედარებით უკეთეს შედეგს მიაღწიეს ძმებმა კვარაცხელიებმა, რომელთა გვარით საკმაოდ ხშირად მოიხსენიება ეს ჯიში.
მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენახვამ და მიზანმიმართულმა სასელექციო მუშაობამ ხელი შეუწყო მაგარი კონსტიტუციის ცხოველების ჩამოყალიბებას, აგრეთვე მათი ადაპტაციის დიაპაზონის გაფართოებას და ჯანმრთელობის გაკაჟებას.
ცხოველები თანაბრად კარგად ეგუებიან მთის ალპურ და კოლხეთის დაჭაობებულ საძოვარზე შენახვას და ადვილად იტანენ შორ მანძილებზე გადარეკვას. ზამთარში ისინი მადიანად შეექცევიან კოლხეთის დაჭაობებული საძოვრების უხეშ ბალახნარს, მათ შორის ”ხაიას” (ჩარეს ელატა ბელლარდი), რომელსაც ძროხის კულტურული ჯიშები არ ჭამენ.
ცხოველების სხეული პროპორციული აგებულებისაა; ძვლეული წვრილი და მაგარი, კუნთოვანი სისტემა კი ზომიერად განვითარებული აქვთ. სრულასაკოვანი ფურების სიმაღლე მინდაოში 112,4 სმ, ტანის ირიბი სიგრძე (ჯოხით) 133,5 სმ, გულმკერდის სიღრმე კი 61,6 სმ-ა. ჯიშისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ინტენსივობის წითელი შეფერილობა, რქები და ჩლიქები კი თაფლისფერი აქვს.
კონსტიტუციურად ცხოველები უფრო სარძეო ტიპისაკენ იხრებიან. ამასთან, მათ ახასიათებს კარგი სამუშაო თვისებები, გამძლეობა, ღონე, ჩქარი მოძრაობა და გაწევის უნარი. ცდებში დამტკიცებულია, რომ მეგრული წითელი ჯიშის ხარების გაწევის უნარმა ცოცხალი მასის 57%, მაშინ როდესაც შვიცურ ჯიშში მხოლოდ 46% შეადგინა.
ფურების საშუალო ცოცხალი მასა 270-280 კგ (მაქსიმალური 358), კუროების 350-420 კგ, ახალშობილი ხბოს კი 15-17 კგ-ა. საძოვრული კვებისას ფურების მონაწველი 1400-1900 კგ რძეა 4,3-4,4% ცხიმის შემცველობით.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის სანაშენე ფერმაში I და III ლაქტაციის ფურები იწველიდნენ 1800 და 2440 კგ რძეს, შესაბამისად. მთაში იალაღობისას საძოვრულ საკვებზე დამატებით 1 კგ კომბინირებული საკვების მიცემისას ლაქტაციის 305 დღიური მონაწველი გაიზარდა და შეადგინა 3017 კგ რძე, 4,33% ცხიმით. ჯიშის რეკორდი მონაწველის მიხედვით ეკუთვნის ფურ ”თორია” № 0861- ს, რომლისაგანაც მიღებულია 4315 კგ რძე, 4,28% ცხიმით.
ჯიში ხასიათდება დამაკმაყოფილებელი ზრდის უნარით და კარგი საკლავი პროდუქტიულობით. დაბადებიდან ზომიერად ინტენსიური კვებისას 18 თვის ასაკის მოზვრები იწონიდნენ 289,2 კგ-ს, მათი დაკვლით მიღებულია 144,4 კგ მასის ტანხორცი, ხოლო ნაკლავის გამოსავალმა 53% შეადგინა.
1996-1999 წლებში სამეგრელო-გურიის რაიონების ექსპედიციური შესწავლისას ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობებში ხალასჯიშიანი ცხოველების სულადობამ შეადგინა 10,6 ათასი სული.
გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი