აგროსიახლეები

შაქრის ჭარხალი მხოლოდ შაქარი კი არა, სასმელი წყალიც არის

კომპანიები De Watergroep, Tiense Suikerraffinaderij და ფლამანდური ბრაბანტის პროვინცია სასმელი წყლის ფართომასშტაბიანი წარმოების უნიკალურ ახალ წყაროს _ შაქრის ჭარხალს იკვლევენ.
კვლევითი პროექტი წლეულს დაიწყება ამ ადგილას საპილოტე ქარხნის გაშვებით. „მიზანია, 2030 წლისთვის 10 000 ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს შაქრის ჭარხლისგან მიღებული სასმელი წყლით“, – აცხადებენ ისინი. თუმცა, მწარმოებლებისთვის, რომლებიც უკვე იმედოვნებენ, რომ თავიანთი პროდუქტის ღირებულების გაზრდის ახალ გზას იპოვიან, წყალი ჭარხლის შაქარზე უფრო სასარგებლო არ იქნება.

შარშან, პარტნიორების ფართო სპექტრთან ერთად, შაქრის ქარხანა Tiense Suikerraffinaderij-მა დაიწყო შაქრის ჭარხლის გადამუშავების დროს წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების სასმელი წყლის ხარისხამდე გაწმენდის ტექნოლოგიის შემუშავება, იუწყება იოზეფენ ვერშტრაეტე ფლამანდიური სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საინფორმაციო ცენტრის, VILT-ის პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ეს Tiense Watervelden“ პროექტის შემდეგი ნაბიჯია, რაც სამი წლის წინ დაიწყო და რომლის მიზანია ფლამანდიური ბრაბანტის 10,000 ოჯახისთვის შაქრის ჭარხლისგან მიღებული სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

„შაქრის გარდა, შაქრის ჭარხალი შეიცავს წყლის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამჟამად, ეს წყალი წარმოების პროცესში წარმოქმნილ ნარჩენ, ჩამდინარე წყლებად ითვლება. „ახალი წყლის პროექტით ამ მიდგომის შეცვლას ვცდილობთ“, _ განმარტავს იან ინგელსი, Tiense Suikerraffinaderij-ის დირექტორი.

ამჟამად ქარხანაში წმენდენ ნარჩენ წყალს, რათა მისი გამოყენება ახლომდებარე ფერმებისათვის სავარგულების მოსარწყავად გამოსადეგი იყოს. თუმცა, ქარხანა ახლა კიდევ უფრო შორს წასვლას და წყლის სასმელად ვარგისიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ამ საქმისთვის Tiense Suikerraffinaderij-მა და მისმა პარტნიორებმა Interreg Northwest Europe-ის საგრანტო პროგრამიდან 1.3 მილიონი ევრო მიიღეს. ეს თანხები წელს ქარხნის ტერიტორიაზე საპილოტე ქარხნის ასაშენებლად იქნება გამოყენებული, რათა პროცესი მცირე მასშტაბით გამოსცადონ.

პარტნიორები უკვე სრულად არიან დარწმუნებულნი ამ ტექნოლოგიაში და პროექტის მასშტაბირებას გეგმავენ, რათა 2030 წლისთვის ბევრმა ოჯახმა შეძლოს შაქრის ჭარხლის წყლის გამოყენება.

წყარო: VILT.com

ავტორი: იოზეფენ ვერშტრაეტე