შერეული მეურნეობები ძლიერი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გზა
დღევანდელ ცვალებად კლიმატურ პირობებში, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობა მხოლოდ მოსავლის რაოდენობით აღარ იზომება. სულ უფრო მეტად წინა პლანზე იწევს შერეული მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო სისტემა, სადაც ფერმერი ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე ერთდროულად ეწევა მემცენარეობასა და მეცხოველეობას.
ინტეგრირებული მიდგომა ხშირად მოიცავს აგრომეტყევეობას (ხეების, მაგალითად: ხეხილის, პავლოვნია სამერქნედ) და აკვაკულტურას (თევზის მოშენებას), რაც მეურნეობას უფრო მდგრადს, მრავალფეროვანსა და ეკოლოგიურს ხდის.
სისტემის ძირითადი კომპონენტები
შერეული მეურნეობა რამდენიმე მიმართულების ჰარმონიული სინთეზია:
- მარცვლეული კულტურების, პარკოსნების და ბოსტნეულის მოყვან;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი, ფრინველის მოშენება;
- თევზის ტბორების მოწყობა იქ, სადაც წყლის რესურსი ამის საშუალებას იძლევა.
- ხეების დარგვა მერქნის მისაღებად, საკვებად _ ხილის მოსაყვანად და ნიადაგის გასაჯანსაღბლად.
რატომ უნდა ავირჩიოთ შერეული მეურნეობა?
- რესურსების ეფექტური გამოყენება ეს არის ჩაკეტილი ციკლი: მოსავლის ნარჩენები გამოიყენება ცხოველთა საკვებად, ხოლო ცხოველური ნაკელი ამდიდრებს ნიადაგს. ხეები კი თავის მხრივ ამცირებენ ეროზიას და უზრუნველყოფს დამატებით რესურსის მიღბას.
- შემოსავლების დივერსიფიკაცია ფერმერი შემოსავალს იღებს როგორც მემცენარეობიდან, ისე მეცხოველეობიდან. ეს საგრძნობლად ამცირებს ფინანსურ რისკს. თუ ერთ წელს, ერთი მიმართულებიდანმოსავალი არასახარბიელო იქნება, მეორე დარგი დააბალანსებს დანაკარგს.
- სასურსათო უსაფრთხოება ერთი მეურნეობიდან ოჯახი იღებს სრულფასოვან რაციონს: მარცვლეულს, ბოსტნეულს, რძეს, ხორცს, კვერცხს, თევზსა ხილს და ძვირფას სამშენებლო მასალასაც კი.
- ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება ორგანული სასუქების გამოყენება ამცირებს დამოკიდებულებას ქიმიურ დანამატებზე, რაც ნიადაგის სტრუქტურასა და ხარისხს აუმჯობესებს.
- კლიმატური შოკებისადმი მდგრადობა გვალვის შემთხვევაში, როდესაც ნათესები ზიანდება, პირუტყვი ან თევზის მეურნეობა კვლავ რჩება შემოსავლისა და საკვების სტაბილურ წყაროდ.
- ეკომეგობრულობა და დასაქმება ეს მოდელი ხელს უწყობს ნარჩენების გადამუშავებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამასთანავე, შერეული მეურნეობა უზრუნველყოფს მთელი წლის მანძილზე დასაქმებას როგორც ფერმერული ოჯახებისთვის, ისე ადგილობრივი მოდახლეობისთვის.
შერეული მეურნეობა არ არის მხოლოდ ტრადიციული მიდგომა, ეს არის მოქნილი და მყარი მოდელი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის მეურნეობებისთვის.
კლიმატის ცვალებადობის პერიოდში, ასეთი ინტეგრირებული სისტემა საუკეთესო გზაა სტაბილურობის შესანარჩუნებლად, გარემოს დასაცავად და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

