დარგებიმეთევზეობა

შიმშილით გამოწვეული ხანგრძლივი სტრესი თევზებში

თევზის შიმშილი, სატოფე მიგრაციისა და გამოზამთრების პერიოდში, დიდი ხანია მეთევზეების, იქთიოლოგების, ფიზიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შიმშილს, როგორც ფიზიოლოგიურ  მოვლენას ხშირად აქვს ადგილი, როგორც ხმელეთის ისე წყლის ცხოველებში.

ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით თევზი ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ხშირად იმყოფება. მას შეუძლია საკვების გარეშე დიდი ხანი გაძლოს. ასე მაგალითად: მდინარის გველთევზა წყლის 140C პირობებში საკვების გარეშე 78 დღე ძლებს, ხოლო 9ºC პირობებში კი 195 დღე. ამასთან მხოლოდ 100 დღის შემდეგ ესახება სიგამხდრის უმნიშვნელო სიმპტომები. კაპარჭინა 16-170C პირობებში კვების გარეშ 250 დღე ძლებს, ხოლო კობრი 1,5 წელი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.

ხელოვნურ პირობებში გველთევზა საერთოდ არ იკვებება და საკვების გარეშე შეუძლია 2-3 წელი იცოცხლოს.

როგორც ცნობილია, არჩევენ სრული შიმშილის პერიოდს – საკვების უქონლობა ან სხვადასხვა მიზეზით კვების სრულად შეწყვეტა (რომელსაც ადგილი აქვს გამოზამთრების ან სატოფე მიგრაციების დროს). არასრულ შიმშილს – საკვების უკმარისობა საერთო ენერგიის ხარჯვასთან დამოკიდებულებაში და ცალმხრივი ან არასრულფასოვანი კვება – საკვებთან ერთად ერთი ან რამდენიმე სახის საკვები ნივთიერების მიუღებლობას (დისბალანსირებული კვება).

ხანგრძლივი შიმშილი ხასიათდება ფერმენტული სისტემის აქტიურობის დაქვეითებით და ლაბილური ენერგეტიკული რესურსების ამოწურვით. ხანგრძლივი შიმშილი იწვევს არამარტო მასის დაკარგვას არამედ თევზის სხეულის სიგრძის შემცირებასაც, რომელიც საწყის სიდიდესთან შედარებით 4-5%-ს შეადგენს.

თევზი გამრავლების ციკლის ყოველწლიურობით ხასიათდებიან, მათ შორის არსებობს ზოგიერთი სახეობა, რომელიც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ტოფობს და შემდეგ იღუპება. მათ რიცხვში შედის წყნარი ოკეანის ხუთი სახეობის ორაგული, გველთევზა და სხვა, რაზეც მეტყველებს თანამედროვე მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები.

ორაგულისებრნი (ტარაღანა, ზუთხი, თეთრულა) სატოფე ადგილებისაკენ გადაადგილებისას საკვების ძალზედ მცირე რაოდენობით კმაყოფილდებიან, ხოლო ტოფობის პერიოდში მთლიანად წყვეტენ კვებას. თეთრულას ცოცხალი მასა მდინარეში შესვლისას ტოფობამდე 40%-ით კლებულობს, ხოლო მტკვრის ზუთხისა 50%-ით. შინაგანი ორგანოების ცხიმი 7-ჯერ მცირდება, ხოლო მდედრობითი სამემკვიდრეო მასა მატულობს 30-ჯერ. სხეულის დაკარგული მასის რაოდენობა ამ პერიოდისთვის 31-44% შეადგენს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ ორაგულისებრთა ტოფობის შემდეგ მათი დაღუპვის ძირითადი მიზეზი სიჯანდაგეა.

ჩვენი დაკვირვების შედეგები მეტყველებენ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კობრის სათევზე მეურნეობაში მოზარდის გამოზამთრების შემდეგ მიღებული მონაცემები (ცხრილი #1) ამავე ასაკის მოზარდისგან გამოზამთრებამდე მიღებულ მონაცემებთან შედარებით კრიტიკულია.

(ცხრილი #1) გამოზამთრებამდე და გამოზამთრების შემდეგ მიღებული კრიტიკული მონაცემები:

#

მაჩვენებელი

გამოზამთრებამდე გამოზამთრების შემდეგ
1 თევზის მასა გრ. 24-35 15-22
2 გამოკვებულობის კოეფიციენტი რაოდენობრივი მაჩვენებლები ცოცხალ წონასთან შეფარდებით 2,4-3,5 1,5-2,2
3 ცხიმი 1,3-6 0,2-0,4
4 ცილა 10-15 6-9
5 ნაცარი 2-4 2-6

კობრის მოზარდის ძირითადი ენერგეტიკული რეზერვების ხარჯვა იმდენად დიდია გამოზამთრების პერიოდში, რომ ხშირად ადგილი აქვს მოზარდის მასიურ დახოცვასაც. აღნიშნული პროცესის გამწვავებას ხშირად ერთვის გამოსაზამთრებელი თევზის გამოსაზრდელ ტბორში გადაყვანამდე წყლის ტემპერატურის მომატება, რომელიც განსაკუთრებულად ზრდის თევზის ორგანიზმის მოთხოვნილებას საკვებზე. ეს უკანასკნელი ააქტიურებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და სასიცოცხლო ენერგეტიკულ მოთხოვნილების ზრდას.

იმისათვის, რომ ავიცილოთ თევზის შიმშილით გამოწვეული სტრესები და მივიღოთ ჯანსაღი, გამოსაზაფხულებელი მოზარდი, აუცილებელია: წყალსატევები აკმაყოფილებდეს სათევზე მეურნეობისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გამოსაზამთრებლად შერჩეულ იქნას თევზი მისი ნაკვებობის კოეფიციენტისა და ერითროციტების ულტრაბგერული რეზისტენტობის მიხედვით.

აღნიშნული მონაცემები იძლევა საშუალებას ტბორში ჩასასმელი მოზარდის  დახასიათებისათვის, რომელიც თევზის ფიზიოლოგიური საჭირო მაჩვენებელია.

თამაზ გავაშელი,

ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

/შალვა მაკარაძე/,

ვეტერინარიის დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“  №5 (116)