შოკისმომგვრელი სიმართლე სოიოზე: სტრესი მემკვიდრეობით გადაეცემა — რას ნიშნავს ეს ფერმერებისთვის?
უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოიას გააჩნია უნიკალური უნარი – გენეტიკურად გადასცეს სტრესული გარემო პირობების „მეხსიერება“ „შთამომავლობას“, რამაც შესაძლოა ფერმერების მიდგომა ამ კულტურის მოყვანასთან დაკავშირებით, ფუნდამენტურად შეცვალოს.
კვლევის მიხედვით, სოიას გენეტიკური მეხსიერება „შთამომავლობას“ ეხმარება ისეთი არახელსაყრელი პირობების გადატანაში, როგორებიცაა გვალვა ან მავნებლების ზემოქმედება, თუმცა ამავე დროს, აღნიშნულ მექანიზმს, შესაძლოა მოსავლიანობაზე უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს.
გენეტიკური მეხსიერება — დნმ–ის გარეშე გადაცემული ცოდნა
2025 წელს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სოიას მცენარეები შთამომავლობას გადასცემენ გადატანილ გამოცდილებას სტრესზე, თუმცა ეს არ გულისხმობს დნმ-ის ცვლილებას. მექანიზმი ეფუძნება ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, რომლებიც გენეტიკურ კოდს არ ცვლის , არამედ არეგულირებენ მის „წაკითხვას“.
ეს პროცესი ცნობილია როგორც ტრანსგენერაციული პლასტიურობა, რაც მცენარეს გარემოს ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციის საშუალებას აძლევს.
სტრესულ პირობებში განვითარებული მცენარეების „შთამომავლობა“:
- შეიცავს მეტ აზოტსა და ცილას, რაც მათ გამძლეობასა და სიცოცხლისუნარიანობას ზრდის;
- აყალიბებს მეტ ყვავილსა და დამცავ ბუსუსებს (ტრიქომებს), რომლებიც მავნებლებისგან იცავენ;
- თუმცა, ხშირად გამოირჩევა გაუარესებული საერთო მოსავლიანობით, მეტი ცარიელი პარკითა და შენელებული ზრდით.
როგორ შეიძლება ფერმერებმა გამოიყენონ ეს ცოდნა
ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, სეზონის დასაწყისში მართონ მცენარის სტრესის დონე, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმები მოსავლის დაზიანების გარეშე.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, რა დონეზე შეიძლება იყოს სტრესი სასარგებლო, რათა შედეგი იყოს დადებითი და არა დამაზიანებელი.
კლიმატის ცვლილება და მავნებლებთან გამკლავება
კლიმატის ცვლილების ფონზე მავნებლები უფრო აგრესიულები ხდებიან, რაც ფერმერებს აიძულებს, ქიმიური საშუალებები უფრო ინტენსიურად გამოიყენონ. ასეთ ვითარებაში, სოიას სტრესული მეხსიერება შესაძლოა გახდეს ბუნებრივი ალტერნატივა პესტიციდების შემცირებისთვის — რაც ეკოლოგიური და ეკონომიური უპირატესობაცაა.
გარდა ამისა, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სტრესების თანმიმდევრობა — მაგალითად, მავნებლის თავდასხმა გვალვამდე ან პირიქით — მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალ მოსავალზე. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სტრესის ტიპი, არამედ მისი გამოვლენის თანმიმდევრობა ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე.
მომავლის კვლევითი პერსპექტივები
2025 წლის ეს კვლევა ხსნის კარს ახალ სამეცნიერო მიმართულებებში:
- სელექცია – უფრო გამძლე და ადაპტირებული სოიას ჯიშების შექმნა;
- აგროტექნოლოგიები – მოყვანის სტრატეგიების დახვეწა ტრანსგენერაციული პლასტიურობის გათვალისწინებით;
- გლობალური კვების უსაფრთხოება – მდგრადი სოფლის მეურნეობის სისტემების განვითარება.
სოიას გენეტიკური მეხსიერების აღმოჩენა აგრონომიაში ახალი ერაა, რომელიც მდგრად სოფლის მეურნეობასა და სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებულ პრაქტიკას გვთავაზობს.
ფერმერებისთვის ეს ნიშნავს, რომ ახალი ცოდნის გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება მოსავლიანობის გაუმჯობესება, ეკოლოგიური ზემოქმედების შემცირება და სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკის გრძელვადიანი მდგრადობა.
წყარო: AGRONEWS