შრომის უსაფრთხოება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებში თბოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისას
აგროსამრეწველო კომპლექსში ფართოდ არის გამოყენებული წყლის გასათბობი თუ ორთქლის ქვაბები, ეკონომაიზირები და თბოტექნიკური მოწყობილობა. 3 კვტ სიმძლავრისა და არაუმეტეს 1150 წყლის ტემპერატურის წყალსათბობი, აგრეთვე 0,07 მპა წნევამდე ორთქლის ქვაბები, რომელთა ექსპლუატაციის დროსაც დაცული უნდა იყოს სათანადო სტანდარტების, აგრეთვე საქარხნო ინსტრუქციის მოთხოვნები. თვითნაკეთი ქვაბების გამოყენება აკრძალულია!
ახლად დაყენებული ქვაბებისა და საქვაბე მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვებას აწარმოებენ სახელმწიფო ტექზედამხედველობისა და შრომის ინსპექციის ორგანოების კომისიის ნებართვის საფუძველზე. კომისიის გადაწყვეტილება აისახება ქვაბის ტექნიკურ პასპორტში და დასტურდება ხელის მოწერით.
კომისიაზე განსახილველად წარმოდგენილი უნდა იყოს დამონტაჟებული და მუშაუნარიანი საქვაბე დანადგარები, ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური დამოწმების მასალები და შრომის დაცვის ინსტრუქციები. შრომის დაცვის ინსტრუქცია მუშავდება საქარხნო ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოიცავს თბოგენერატორების, ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბების, რომლებიც მუშაობენ მყარ, თხევად და აირსაწვავზე, მონტაჟისა და ექსპლუატაციის დროს სახანძრო უსაფრთხოების ზომებს და მტკიცდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ და გამოიკიდება საქვაბეში.
მოწყობილობისა და საქვაბის შენახვაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მუშაკს, რომელიც ინიშნება საწარმოს ბრძანებით. საქვაბეში შემოღებული უნდა იყოს ვახტის ჟურნალი, რომელშიც მორიგე ცეცხლფარეში ხელის მოწერით ადასტურებს ცვლის მიღებასა და ჩაბარებას, შეაქვს ცნობები ქვაბისა და მოწყობილობების მუშაობაზე. ქვაბების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს ჟურნალში ჩანაწერები. საწარმოო მავნე ფაქტორების დონეები საქვაბეში არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ნორმებს. მართვის პულტებთან, გამზომ ხელსაწყოებთან და წყლის დონის მაჩვენებლებთან განათება უნდა იყოს არანაკლებ 50 ლქ.
ქვაბების დაყენება უნდა ხდებოდეს არანაკლებ II ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობაში. დასაშვებია საქვაბეების მიერთება საწარმოო შენობებთან, თუ ისინი დაცილებული არიან ერთმანეთისაგან ხანძარსაწინააღმდეგო კედლით.
200მ2-ზე მეტი იატაკის საერთო ფართობის შემთხვევაში შენობას უნდა ჰქონდეს ორი გასასვლელი. შესასვლელი კარები უნდა იღებოდეს გარეთ და ჰქონდეს შიგნიდან საკეტები, ხოლო სამომსახურეო, საყოფაცხოვრებო და სხვა შენობების კარები უნდა იღებოდეს საქვაბის მხარეს და ჰქონდეთ თვითდაკეტვის მოწყობილობები. საქვაბის შენობები აღჭურვილი უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ვენტილაციით, ავარიული განათებით, აფთიაქით, პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებებით.
საქვაბე დანადგარების მონტაჟსა და რემონტს საქარხნო ინსტრუქციის შესაბამისად ატარებენ სპეციალიზებული სამონტაჟო ორგანიზაციები. მონტაჟზე და რემონტზე დაიშვებიან სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს ინსტრუქცია.
უსაფრთხოების და საკონტროლო საზომი მოწყობილობა და ხელსაწყოები მისადგომი უნდა იყოს დაკვირვებისა და მომსახურებისათვის. უსაფრთხოების ხელსაწყოები უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში და დაცული მექანიკური ზემოქმედებისაგან.
თხევადი საწვავის სათავსები (ტევადობები) უნდა იყოს განლაგებული საქვაბის შენობიდან არანაკლებ 12 მ მანძილზე და აღჭურვილი მეხდაცვის საშუალებებით. მყარი საწვავის საწყობები შეიძლება ემიჯნებოდეს საქვაბეს იმ პირობით, თუ მათ აცილებს ხანძარსაწინააღმდეგო კედელი. აირის საწვავზე საქვაბეების მონტაჟი და ექსპლუატაცია ტარდება გაზის მეურნეობაში არსებული უსაფრთხოების წესების შესაბამისად. საქვაბის შენობაში დაყენებული ელექტროძრავები უნდა იყოს დახურული შესრულების, სანათები აფეთქებადაცული.
საქვაბეების მომსახურებაზე დაიშვებიან 18 წელზე მეტი ასაკის პირები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება, ჩააბარეს გამოცდები ცეცხლფარეშის ოპერატორის მომზადების პროგრამით და მიღებული აქვთ საკვალიფიკაციო მოწმობა.
აირზე მომუშავე საქვაბის მომსახურებაზე ოპერატორის გადაყვანის შემთხვევაში მოწმდება მისი ცოდნა გაზის მეურნეობაში დადგენილი წესების შესაბამისად, ოპერატორებს სტანდარტის მიხედვით ასწავლიან სამუშაოთა უსაფრთხო შესრულებას.
ქვაბების ტექნიკურ შემოწმებას ატარებენ მათ შენახვაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით. შემოწმება მოიცავს დათვალიერებასა და ჰიდრავლიკურ გამოცდებს. პირველადი შემოწმებისას დათვალიერება საჭიროა ქვაბისა და საქვაბე მოწყობილობის, აგრეთვე მათი განლაგების შესაბამისობისათვის საქარხნო საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან, გათბობის სისტემაში ქვაბის სწორი ჩართვის, საქვაბის მდგომარეობის, შრომის უსაფრთხოების საწარმოო ინსტრუქციების არსებობის დადგენისათვის. პერიოდული შემოწმებისას დათვალიერების მიზანია – დადგინდეს ქვაბისა და საქვაბე მოწყობილობის წესივრულობა და საიმედოობა, მათი შემდგომი უსაფრთხო გამოყენებისათვის.
ქვაბის ელემენტების სიმტკიცეზე და მათი შეერთების სიმჭიდროების ჰიდრავლიკური გამოცდები ტარდება წყლით, რომლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 50-ზე ნაკლები. ქვაბები, დაყენებულ არმატურასთან ერთად, იცდება საცდელი წნევით-ორთქლით 5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ წნევას ამცირებენ სამუშაომდე, დათვალიერების მთლიანი დროის მანძილზე. საცდელი წნევით ამოწმებენ ახლად დაყენებულ ქვაბებს, თუ ისინი არ იყო გამოცდილი ქარხანა-დამამზადებლის მიერ.
ქვაბები, რომლებიც იმყოფება ექსპლუატაციაში, კონტროლდება საცდელი წნევით ყოველი 6 წლის შემდეგ, ან 3 წლის შემდეგ (ქვაბები, რომლებიც მიუდგომელია შიდა დათვალიერებისადმი), საცდელი წნევით ამოწმებენ აგრეთვე გარემონტებულ ქვაბებს. სამუშაო წნევით გამოცდებს ატარებენ ყოველწლიურად და ყოველი რემონტისა და წმენდის შემდეგ. რემონტის, გაწმენდისა და შემოწმების შედეგები, აგრეთვე ნებართვის (აკრძალვის), გაწმენდისა და შემდგომი შემოწმების ვადები შეაქვთ ქვაბის პასპორტში. ქვაბის შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობას საზღვრავს ქვაბის შენახვაზე და მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უსაფრთხოების ზომებს 0,07 მპა ჭარბწნევიან ორთქლისა და 1150-ზე მეტი ტემპერატურის წყალსათბობი ქვაბების გამოყენებისას. ამ მოწყობილობების მონტაჟი, ექსპლუატაცია და ტექნიკური შემოწმება უნდა ხდებოდეს მოქმედი წესების შესაბამისად.
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გამოიყენება სხვა თბოგენერაციული მოწყობილობებიც, კერძოდ, თბოგენერატორები და ზოგიერთი ჰაერსათბობები. ამ მოწყობილობებისადმი უსაფრთხოების მოთხოვნები მოცემულია სათანადო ინსტრუქციებში.
უსაფრთხოება სატუმბ სადგურებში
ავარიული სამუშაოების გარდა, მოწყობილობების დათვალიერებისა და პროფილაქტიკური მოვლის სამუშაოები სატუმბ და ჰიდრო ელექტროსადგურებში ტარდება განაწესის მიხედვით, ზეპირი, ან სატელეფონო განკარგულებით, ჟურნალში სათანადო ჩანაწერის შეტანით. ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების არსებული სისტემა გათვალისწინებულია მომუშავეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ანუ სამუშაო ადგილზე წყლის მოხვედრის აღმოსაფხვრელად.
უსაფრთხოების საშუაალებებით აღჭურვილი სტანდარტული სატუმბი სადგური
სატუმბ და ჰიდროელექტროსადგურების სამანქანო დარბაზებში იყენებენ 12 ვ ძაბვის გადასატან სანათებს. სამანქანო განყოფილების იატაკი უნდა იყოს მშრალი. მოწყობილობების მბრუნავ ნაწილებს ღობავენ. ტურბინულ კამერაში მუშაობამდე მილსადენი იცლება წყლიდან, ჭედავენ და კეტავენ ტურბინის მიმმართველ აპარატს. თუ ის გამოჭედილია თოშით, ყინულით, ლუკის გაღება შეიძლება მხოლოდ მანომეტრის ჩვენების ნულოვანი მნიშვნელობისას. მანქანური დარბაზისა და ჰიდროკვანძის პერსონალს ზამთარში ურიგებენ ხელთათმანებს, ზაფხულში _ მზისგან დამცავ სათვალეებს. მილსადენებში, რომლებიც თოშით, ან ყინულით არის გაჭედილი, ლუკების გაღებისას ჭანჭიკებს უშვებენ თანდათანობით, რათა არ წარმოიქმნას მცირე ხვრელი და ადამიანი არ მოხვდეს წნევიან სვეტში. მილსადენების დათვალიერების დროს აკრძალულია მილზე ზემოდან სიარული. მათი რემონტი დასაშვებია მხოლოდ ფიცარნაგების გამოყენებით, ხოლო თუ მილი დიდი დიამეტრისაა – მასზე ასვლა ხდება სპეციალური კიბეებით. 200-ზე მეტი დახრის მილსადენზე მუშაობის, აგრეთვე თოშით გამოჭედილ მილსადენში ჩასვლისას, საჭიროა დამზღვევი ბაგირების გამოყენება.
უსაფრთხოება წნევის ქვეშ მომუშავე ტევადობების გამოყენებისას
წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი და მისი ელემენტები მზადდება სტანდარტების, ნორმებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად საწარმოებში, რომლებსაც გააჩნიათ სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ადგილობრივი ორგანოების ნებართვა.
დამკვეთს ჭურჭელი მიეწოდება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ფორმის პასპორტთან, მონტაჟისა და უსაფრთხოების ექსპლუატაციის ინსტრუქციასთან ერთად. ჭურჭლის კორპუსზე ამაგრებენ ფირფიტას, რომელშიც მითითებულია ქარხანა-დამამზადებელი, ჭურჭლის საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, სამუშაო და საცდელი წნევა, კედლების დასაშვები ტემპერატურა. გარდა ამისა, ქარხნის მიერ საპასპორტო მონაცემები დაიტანება ჭურჭლის ყველაზე ხილულ ადგილზე. ჭურჭელი აღიჭურვება წნევისა და აირის ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოებით (სურ. 3), დამცავი მოწყობილობებით, ჩამკეტი არმატურით, სითხის დონის მაჩვენებლით.
წნევის ქვეშ მომუშავე ტევადობების საკონტროლო მანომეტრები
ჭურჭლის დაყენება საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო შენობებში, აგრეთვე მიმდებარე შენობებში დაუშვებელია, ხოლო საწარმოო შენობებში რეგლამენტირებულია დარგობრივი უსაფრთხოების წესებით საკომპრესორო დანადგარების ჰაერშემკრებების მონტაჟი რეგლამენტირებულია ასევე შესაბამისი წესებით. ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჭურჭლის დათვალიერების, რემონტისა და გაწმენდის შესაძლებლობა შიგნითა და გარეთა მხრიდან და გამორიცხული იყოს მისი გადაყირავება.
ჭურჭლის მონტაჟისა და რეგისტრაციის შემდეგ, ხილულ ადგილებში, საღებავით დატანილი უნდა იყოს სარეგისტრაციო ნომერი, დაშვებული წნევა, შემდეგი შიგნითა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური გამოცდების თარიღი (თვე და წელი). სამუშაოდ გაშვებამდე ჭურჭელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს სახტექზედამხედველობაში. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პირველი ჯგუფის ჭურჭელი, რომელიც მუშაობს კედლის 2000-ზე მეტი ტემპერატურისას, რომლის ტევადობის V (ლ) და წნევის P (მპა) ნამრავლი არ აღემატება 50-ს, აგრეთვე მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ჭურჭელი, რომელიც მუშაობს ზემოთ აღნიშნულ ტემპერატურაზე, PV ნამრავლი არ აღემატება 1000-ს, და სხვა, რომლებიც მითითებულია წესებში.
ყველა ჭურჭელი რეგისტრირდება მფლობელი საწარმოს მიერ, სპეციალურ აღრიცხვისა და დამოწმების ჟურნალში. ჭურჭლის რეგისტრაცია სახტექზედამხედვე-ლობაში ტარდება ჭურჭლის მფლობელის წერილობითი განაცხადების საფუძველზე. რეგისტრაციისათვის საჭიროა ჭურჭლისა და დამცავი სარქველის პასპორტის, მისი მონტაჟისა და დაყენების აქტის წარდგენა,რომელიც ადასტურებს პროექტთან და წესებთან შესაბამისობას, აგრეთვე ჭურჭლისა და ყველა ელემენტების წესივრულობას. აქვე უნდა იქნას წარმოდგენილი ჭურჭლის ჩართვის სქემა წნევის წყაროს ჩვენებით, მისი სამუშაო არის პარამეტრები, არმატურა და სხვა. ჭურჭლის მუშაობაში გაშვების ნებართვას, რომელიც არ რეგისტრირდება სახტექზედამხედველობის ორგანოებში, ტექნიკური დამოწმების შედეგების საფუძველზე გასცემს მუშაკი, რომელიც ინიშნება საწარმოოს ბრძანებით, ჭურჭელზე ზედამხედველობის გასაწევად. ჭურჭლის მუშაობაში გაშვების ნებართვა შემდეგი ტექნიკური შემოწმების ვადების ჩვენებით შეიტანება პასპორტში.
ჭურჭელს უტარდება ტექნიკური შემოწმება სამუშაოს გაშვებამდე და პერიოდულად, ექსპლუატაციის პერიოდში. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია მუდმივად იქონიოს ჭურჭელი მზად, წესების შესაბამისად, უზრუნველყოს მდგომარეობის წესივრულობა და მუშაობის საიმედოობა. მუშაკები, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას ჭურჭლის ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე, აგრეთვე მათ წესივრულ მდგომარეობასა და უსაფრთხო მოქმედებაზე ინიშნება ბრძანებით საინჟინრო-ტექნოლოგიური პერსონალიდან. სათანადო ცოდნის შემოწმების შემდეგ საწარმოში მუშავდება ჭურჭლის მუშაობის რეჟიმისა და მათი უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქცია, პერიოდულად ატარებენ პერსონალის ცოდნის შემოწმებას.
ბალონებს წაყენებული აქვთ დამატებითი მოთხოვნები. შეკუმშული, თხევადი და გახსნილი გაზების 10 ლ-ზე მეტი ტევადობის ბალონებს აქვთ წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლისათვის დადგენილი ფორმის პასპორტი. წვადი აირით გავსებული ბალონების ვენტილების გვერდით შტუცერებს აქვთ მარცხენა ხრახნი, ხოლო არაწვადს – მარჯვენა. აფეთქებადსაშიში წვადი პირველი და მეორე კლასის მავნე ნივთიერებიანი ბალონის ყველა ვენტილს უნდა ჰქონდეს სახშობი, რომელიც ეხრახნება გვერდით შტუცერს.
ბალონის ზედა სფერულ ნაწილზე დაიტანება შემდეგი მონაცემები:
– ქარხანა-დამამზადებლის სავაჭრო ნიშანი;
– ბალონის ნომერი;
– ცარიელი ბალონის მასა (კგ);
– დამზადების თარიღი;
– შემდგომი შემოწმების წელი;
– სამუშაო და საცდელი წნევა;
– ბალონის ტევადობა;
– ტექნიკური კონტროლის განყოფილების დამღა;
– შეღებვის ფერი, რომლებიც გაზებზეა დამოკიდებული. ფერების სისტემა მოცემულია სპეციალურ ცხრილში.
ექსპლუატაციაში მყოფი ბალონების შემოწმება ხდება 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო გაზებით შესავსების, რომლებიც განიცდიან კოროზიას და გამოყენებული არიან სატრანსპორტო საშუალებების საწვავად – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ. პერიოდული შემოწმება ტარდება საგამოცდო პუნქტებში, ან შემვსებ სადგურებში.
უსაფრთხოება სამაცივრო დანადგარებისა და პასტერიზატორების ექსპლუატაციისას
სამაცივრო დანადგარებს შეუძლიათ შექმნან საფრთხე, ვინაიდან ისინი მუშაობენ წნევის ქვეშ, ხოლო მაცივარ–აგენტად გამოყენებულმა ამიაკმა, ხლადონმა და ფრეონმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა და აფეთქება (ამიაკის ორთქლისა და ჰაერის გარკვეული კონცენტრაციისას). უბედური შემთხვევის მიზეზი შეიძლება იყოს კომპრესორის ავარიები (ჰიდრავლიკური დარტყმები), დამჭირხნი მილსადენების (დამცავი მოწყობილობების გამოყენებისას), ან სამაცივრო აგენტით შევსებული ბალონების გარღვევა, ღია აირით სარემონტო სამუშაოების შესრულებისას გაზჰაერის ნარევის აფეთქება, სითხის მილსადენზე ტვირთის დაცემისას რღვევა, ამიაკისა და ფრეონის გამოყოფა შეერთების შემჭიდროვებებში.
უსაფრთხოების საშუალებების სრული კომპლექტით აღჭურვილი აგრარული დანიშნულების მაღალი ტევადობის სამაცივრო დანადგარი.
ჰაერში 7 მგ/გ3 ამიაკის კონცენტრაციისას იგრძნობა მისი სუნი, ხოლო 20 მგ/გ3-სას საჭიროა გამოყენებული იქნას აირწინაღი. ფრეონის ორთქლის არსებობისას (გაჟონვის გამო) შენობაში უნდა ჩაირთოს ვენტილაცია, გაიღოს ფანჯრები; ასეთ შენობაში ოპერატორი უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ აირწინაღში და რეზინის ხელთათმანებში.
ამიაკების სამაცივრო დანადგარები (გარდა საყოფაცხოვრებოსი) განლაგებული უნდა იყოს სპეციალურ შენობაში (გარდა შემთხვევებისა, როცა შენობის მოცულობა არანაკლებ 1 მ3-ია ყოველ 0,5 კგ დანადგარში არსებულ ამიაკზე). შენობები უნდა იყოს ფანჯრებიანი, გამწოვი ვენტილაციით, რომელიც გათვლილია ჰაერის სამმაგ შეცვლაზე ერთ საათში. ფრეონი ღია ცეცხლზე იშლება მომწამლავ ნივთიერებებად (ფსოგენი და სხვა), ამიტომ მისი გაჟონვა და ღია ცეცხლით სარგებლობა დაუშვებელია (თამბაქოს მოწევა და სხვა). აკრძალულია ფრეონის სამაცივრო დანადგარების მონტაჟი იმ აპარატებთან 2,5 მ-ზე ნაკლებ სიახლოვეს, რომელთა გარეთა ზედაპირის ტემპერატურა შეადგენს 3500 და მეტს.
სამაცივრო დანადგარების მომსახურებაზე დაიშვებიან მხოლოდ სწავლება გავლილი პირები და აქვთ სათანადო მოწმობა. სამაცივრო დანადგარებს ათვალიერებენ მონტაჟის დროს და შემდგომში წელიწადში ერთხელ. შემოწმება ითვალისწინებს გარეთა დათვალიერებასა და პნევმატიკურ გამოცდას (ერთხელ 3 წელიწადში) სიმტკიცეზე (აზოტით, ან ნახშირმჟავით). მას ატარებს სახტექზედამხედველობის ინსპექტორი იქ, სადაც დარეგისტრირებულია წნევის ქვეშ მომუშავე აპარატები. წნევის ქვეშ დანადგარის გამოცდების დროს მომუშავეებმა უნდა დატოვონ შენობა. გაზის მიწოდების ვენტილი განლაგებული უნდა იყოს მომიჯნავე შენობაში.
თხევად საკვებ პროდუქტებში (რძე, ხილის წვენები, ღვინო, ლუდი) მიკრობების მოსპობის ერთ-ერთი ხერხია პასტერიზაცია, ანუ პროდუქციის ერთჯერადი გაცხელება 60-700 ტემპერატურამდე, დროის სხვადასხვა დაყოვნებით (საერთოდ 15-30 წთ.)
პასტერიზატორის ექსპლუატაციისას მის ცილინდრში ორთქლის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 50 კპა, გამომდევნელ დოლიან პასტერიზატორის პერანგში 30 კპა. ამისათ¬ვის მიმყვან ორთქლსადენზე უნდა იყოს რედუქციული სარქველი, რომელიც რეგულირდება გარკვეულ წნევაზე. დოლი ყენდება და იხსნება მხოლოდ სპეციალური სახსნელით. საჭიროა ვერიდოთ პასტერიზატორის სახურავის გახსნისას ორთქლით დამწვრობას. საჭიროა მისი დამცველი სარქველის მოქმედების რეგულარული კონტროლი.
ოთარ ქარჩავა, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი