შვეიცარიის HES·SO უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ჯიღაურას ბაზაზე
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შვეიცარიის HES·SO უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სკოლის პროფესორები და სტუდენტები ეწვივნენ. ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის – „საზაფხულო უნივერსიტეტი 2025“ ფარგლებში და მას ჯიღაურას ბაზა მასპინძლობდა.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა. შეხვედრისას მან დეტალურად გააცნო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა იმ საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს, რომელსაც ცენტრი სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ახალგაზრდებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასა და მათ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში გავრცელების პერსპექტივებს, რასაც ცენტრის მეცნიერები აქტიურად იკვლევენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ვაზის საკოლექციო ნაკვეთები, ლაბორატორიები, აგრეთვე ვაზისა და ღვინის თემატური სამუზეუმო სივრცე. დღის ბოლოს გაიმართა დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით ღვინის დაყენებისა და დავარგების ტექნოლოგიურ პროცესებს.
საზაფხულო უნივერსიტეტი HES·SO-ს მევენახეობა-მეღვინეობის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის პროფესიული კომპეტენციების გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში.
ჯიღაურას ბაზა არაერთი ახალგაზრდა მევენახისთვის წარმოადგენს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული ზრდის სივრცეს. ცენტრი ღიაა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბაკალავრებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული მევენახეობის უნიკალურობით, ადგილობრივი ჯიშების კვლევითა და საერთაშორისო კავშირების განვითარებით.