აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმემცენარეობა

    შვრიის სასურსათო, სამკურნალო, საკვები და სამრეწველო მნიშვნელობა

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წარმოებაში საშემოდგომო ჯიშები დაინერგა,  სასურსათო მნიშვნელობით შვრიის კულტურისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.    
დღეს შვრიის მარცვალი გამოიყენება პურ-ბურღულეულის, ხორბალთან ნარევში საკონდიტრო  ნაწარმის და სხვა პროდუქტების დასამზადებლად.
შვრიის მარცვლში შემავალი ბიონაერთები უმაღლესი  ხარისხის, ძვირფასი სასურსათო თვისებებით არის შემკული.

შვრია ფართოდ გამოიყენება დიეტურ და ბავშვთა კვებაში. სხვა სიკეთეებთან ერთად,  შვრიის მარცვლისგან დამზადებული პროდუქტი ანტიალერგიულობითაც ხასიათდება, ამიტომ: შვრიის ფქვილზე, ბურღულზე და ყავაზე, ორცხობილებზე და სხვა ნუგბარზე მოთხოვნა გაზრდილია.  

შვრია კარგი საკვებია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის. შვრიის ჩალა და ბზე კვებითი ღირებულებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა კულტურების იგივე  ანარჩენები. პარკოსან ბალახებთან ნარევი შვრია კარგია მწვანე საკვებად და თივად.

ძლიერი შეფოთვლის, ინტენსიური ზრდის, მაღალი საკვები ღირსებების და ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო გამო შვრია გამოიყენება  ჰიდროპონიკაში კერძოდ 7 დღეში მაღალხარისხოვანი ვიტამინიზებული საკვების მიღების მიზნით.

შვრიის მარცვლეული გამოიყენება პირუტყვის (განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველების) და ცხენების გამოსაკვებად; დიდი რაოდენობით კვებავენ შვრიით ცხოველთა მწარმოებლებს-კუროებს. შვრიით კვებისას ფრინველების კვერცხის წარმოება იზრდება, რძის  წველადობა  იზრდება. შვრიის  ნამჯა და თივა გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირსებებით. შვრიას თესავენ თივაზე პარკოსნებთან ნარევში. როდესაც კვებით ღირსებებზეა საუბარი უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ერთეული (კგ)  შვრია მიღებული იყო  და დღესაც არის მიღებული ეტალონად ერთ საკვებ ერთეულად.

მისი მარცვალი შედარებით მდიდარია ვიტამინებით (B1, B2), მიკროელემენტებით (კობალტი, თუთია, მანგანუმი) და სხვა ნივთიერებებით. მისგან მზადდება ბურღული, შვრიის ფაფა, ორცხობილას ფქვილი, დიეტური პური და ა.შ.. შვრიის ფაფა სასურსათო ღირებულებით, კალციუმის და ფოსფორის შემცველობით აღემატება ფეტვს და წიწიბურას. შვრიის ფქვილი გამოსაცხობად არ გამოდგება, რადგან არ შეიცავს ისეთი ხარისხის გლუტენს, ელასტიკურობას, ფორიანობას და სხვა თვისებებს.

საშემოდგომო შვრიას ხშირად თესავენ საშემოდგომო ცერცველასთან, ცერცვთან  ან ბარდასთან  შერევით.

საგაზაფხულო შვრიის შემთხვევაში კი საგაზაფხულო ბარდა გამოიყენება. ისინი იძლევა დიდი რაოდენობის მაღალხარისხოვან მწვანე საკვებს ან თივას.

მათ განათიბზე სარწყავ პირობებში ხშირად ითესება საგაზაფხულო სათიბი კულტურები, უმეტესად სიმინდი, სორგო, სუდანურა და ა. შ. 

დიდი მნიშვნელობა აქვს შვრიას, როგორც სამკურნალო კულტურას ჰიპოკრატეც  მიუთითებდა, რომ  შვრია გამოიყენება  ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ალერგიული  დაავადებების დროს,  ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის გასაძლიერებლად, ღვიძლის, სხვადასხვა სახის მოტეხილობების, ტრავმების და ა.შ.  სამკურნალოდ, აღადგენს  გულის რიტმს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას.

შვრიის წყალხსნარი გამოიყენება შარდმდენად და ორგანიზმის გამწმენდად   თირკმელების დაავადებების დროს. მწვანე შვრია გამოიყენება   დაღლილობის, უძილობის, არასაკმარისი მადის დროს. შვრიას აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.

სახამებლის მაღალი შემცველობის გამო რომელიც სპეციალურ ჯიშებში 45-55 პროცენტს აღემატება,  შვრიამ ბიოეკონომიკაში ახალი ნედლეულის, ადვილად დეგრადირებადი ბიოპლასტმასის მნიშვნელობა – ბიოშესაფუთი მასალის და საბავშვო სათამაშოების საწარმოებელი უსაფრთხო ნედლეულის ფუნქციაც შეიძინა.

შვრიის მრავალფეროვნება

შვრიას გააჩნია სახეობათა დიდი მრავალფეროვნება, რომელთა შორის არის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, ჰიბრიდული,  კულტურული  და ველური ფორმების 70-მდე  სახეობა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას, რომელთაგან საქართველოში ძირითადად გავრცელებული გვხვდება ორი სახეობის: კულტურული შვრია (Avena sativa L.), ხასიათდება გვალვაგამძლეობით, მლაშე ნიადაგებისადმი შეგუებულობით და ველური შვრია – შვრიუკა (Avena Fatua L.), ის  ასარევლიანებს პურეულის ნათესებს  და მინდვრის კულტურებს.

შვრიის ბიოლოგიური თავისებურებები

შვრია თვითგამნაყოფიერებელი მცენარეა, მაგრამ მის ნიშან-თვისებებს ახასიათებს  ფართო ცვალებადობა.

შვრიის თესლი, კილებით არის დაფარული, ამის გამო მის გაღივებას შედარებით მეტი დრო და წყალი ჭირდება.

შვრია სითბოსადმი არ არის მომთხოვნი, იგი ზომიერი ჰავის მცენარეა. აღმოცენებიდან  ყვავილედის გამოტანამდე შედარებით გრილი ამინდით კმაყოფილდება. თესლი გაღივებას იწყებს 3-40 ტემპერატურაზე.

გაზაფხულის სუსხს -3-40-ს კარგად იტანს. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა აღმოცენების შემდგომ პირველ ოთხ კვირაში 10-120C.

თუ ტენი საკმარისია, კარგად ვითარდება და ნაკლებად ზიანდება მავნებლებით.

მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ხორბალი და ქერი.

შვრია ნიადაგისადმი უფრო ნაკლებ მომთხოვნია, ვიდრე სხვა საგაზაფხულო პურეული, რაც გამოწვეულია კარგი ფესვთა სისტემით და მისი მაღალი

შეთვისებადობით. იზრდება ქვიშნარ, თიხნარ და ტორფიან ნიადაგებზე. ამავე დროს შვრია კარგად ეგუება ნაყოფიერ ნიადაგებს.

კარგი მოსავალი მიიღება შავმიწებზე საკმარისი ტენიანობის დროს. სხვა კულტურებზე უკეთესად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. მშრალ ქვიშიან  ნიადაგებზე წყლის ნაკლებობა იწვევს წვრილთესლიანობას, თავთავის შეუვსებლობას, გაზრდილ  კილიანობასა და  ფხიანობას.  შვრიის ბიოლოგიური თავისებურებების გამო, უხვი მოსავლის მისაღებად, საჭიროა მოვლა-მოყვანის სპეციფიკური ტექნოლოგია.

შვრია  ავადდება სოკოვანი დაავადებით (ჟანგა, გუდაფშუტა), ადვილად ზიანდება ამიტომ თესლის შეწამვლა აუცილებელია.

მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მაღალხარისხოვანი  თესლით თესვა.  სათესლედ მხოლოდ მსხვილი მარცვლები უნდა გამოვიყენოთ.

კობა კობალაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი