აგროსიახლეები

სიმინდის FAO – წარმოების მდგრადობის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

  ბოლო 60 წლის განმავლობაში მეტეროლოგიურმა სადგურებმა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს ტემპერატურების პერმანენტული  ზრდა – ზომიერ ზონაში +0,81°C-ით და ტროპიკულ ზონაში  – +0,50°C-ით. ამან განსაკუთრებით გაამწვავა თანამედროვე   საგაზაფხულო  კულტურების წარმოების პრობლემები, გაზარდა რისკები. ამ პრობლემების   გადაჭრის  და რისკების მენეჯმენტის მცდელობამ კი თავის მხრივ  დღის წესრიგში დააყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავეგეტაციო პერიოდების და  ფოტოსინთეზური მახასიათებლების მიხედვით   ჯიშებისა და ჰიბრიდების სისტემატიზაცია დაჯგუფება.
გამომდინარე ზემოაღნიშნული ამოცანებიდან  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ FAO-მ,  რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის უმთავრესი სააგენტოა, შეიმუშავა სიმინდის  ჰიბრიდებისა და ჯიშების პირობითი დაჯგუფება  FAO, მათი სავეგეტაციო პერიოდების, ეფექტური ტემპერატურების  და კიდევ სხვა მახასიათებლების შესაბამისად (იხილეთ სურათი  1).

ცხრილი

სურათი 1.  სიმინდის ჯიშებისა და ჰიბრიდების FAO-ს ჯგუფების მაჩვენებლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს  ტერიტორიაზე (69 700 კვადრატული
კილომეტრი) არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა, დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით (იხილეთ სურათი 2).

E183a1e18390e183a5e18390e183a0e18397e18395e18394e1839ae1839de183a1 E18399e1839ae18398e1839be18390e183a2e183a3e183a0e18398 E183a0e183a3e18399e183901

სურათი 2. საქართველოს კლიმატური რუკა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 21 იანვრის ბრძანება №2/49-ის შესაბამისად  დამტკიცებულია მინდვრის კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების  გავრცელების  22 აგროკლიმატური  ზონა. ეს ზონებია:

ა)   ზღვისპირა სუბტროპიკული ტენიანი   და   ჭარბტენიანი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ზუგდიდის, ქობულეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

ბ) სუბტროპიკული ტენიანი: აბაშის, მარტვილის, ლანჩხუთის (ზღვისპირა ნაპირის გარდა), სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

გ) ქვემო იმერეთი: ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის, ხონის, წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

დ) რაჭა-ლეჩხუმის დაბლობი: ამბროლაურის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

ე) ზემო იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი: ამბროლაურის, ზესტაფონის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ცაგერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ვ) მესხეთის მთაგორიანი: ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

ზ)      სამცხე-ჯავახეთის მთაგორიანი: ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მთიანი პლატო;

თ) ქართლის ურწყავი: გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მთისპირა ურწყავი ნაწილი;

ი)    ქართლის სარწყავი: გორის, დუშეთის, ქარელის, კასპის, ახალგორის, მცხეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;

კ)  ქვემო ქართლის სარწყავი: ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;

ლ)  თრიალეთის მთისპირა ურწყავი: ბოლნისის (მთისპირა ნაწილი), მარნეულის (მთისპირა ნაწილი)  თეთრიწყაროს (დაბლობი ნაწილი) მუნიციპალიტეტები;

მ)  თრიალეთის მთატყიანი: ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ნ)  დიდი კავკასიონის მთატყიანი: დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ო) სამგორის სარწყავი: გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;

პ) შირაქ -კახეთის სარწყავი ველი: გურჯაანის (უკანამხარე), საგარეჯოს (დაბლობი ნაწილი), სიღნაღის (შირაქის ველი და უკანამხარე) და დედოფლისწყაროს (შირაქის ველი და უკანამხარე) მუნიციპალიტეტები;

ჟ)    ალაზნის სარწყავი: ალაზნის ველის სარწყავი ნაწილი, გურჯაანის, სიღნაღის, თელავისა და  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;

რ) ალაზნის მიღმა ტენიანი: მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის ნაწილი, რომელიც მოიცავს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დაბლობ ნაწილს;

ს) მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირის ურწყავი ნაწილი: ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის წინამხარის დაბლობის ურწყავი ნაწილი;

ტ) წალკის მთაგორიანი: წალკის მუნიციპალიტეტის მთაგორიანი ნაწილი;

უ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის და გორის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, რაჭა-ლეჩხუმის მთაგორიანი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ქ) აჭარა-გურიის მთაგორიანი: ქედის, შუახევის, ხულოს, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი.

ბუნებრივია, რომ  თვითოეულ  ზემოაღნიშნულ კლიმატურ ზონას თავისი ფოტოსინთეზური აქტივობის მაჩვენებლები აქვს და მეწარმემ ეს მაჩვენებლები უნდა დაამთხვიოს სიმინდის ფოტოსინთეზური აქტივობის მაჩვენებლებს-FAO-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში  საწარმოო ზონის კლიმატური რესურსები არ იქნება გამოყენებული გონივრულად, ვერ მიიღება    დაგეგმილი  სასურველი შედეგი,  გაწეული ხარჯები ვერ ანაზღაურდება და წარმოება ვერ გახდება მდგრადი.

ნოე ხოზრევანიძე და კობა კობალაძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები