აგროსიახლეები

სოფელ გამარჯვებაში თანამედროვე საკონსერვო საწარმო “ჯეონატურალსი” წარმატებით მუშაობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში თანამედროვე სტანდარტების საკონსერვო საწარმო ჯეონატურალსი სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა და მის შექმნაში ჯამურად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

მიღწეული შედეგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფინანსური ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება. კერძოდ, საწარმოს განვითარებისთვის დაიხარჯა 450,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 370,000 ლარი – საგრანტო თანადაფინანსების სახით გამოიყო. ამ რესურსების ათვისებით შესაძლებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება.

საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსში“ დღესდღეობით 40 კაცია მუდმივად დასაქმებული და კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე მყარად აქვს ადგილი დამკვიდრებული.

საწარმო სპეციალიზებულია ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაში, რაც მას საშუალებას აძლევს, შესთავაზოს მომხმარებლებს ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული, მაღალი ხარისხის კონსერვირებული პროდუქცია.

სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით უკვე 270-ზე მეტი საწარმო შეიქმნა, რომელთა ჯამური თანადაფინანსება 126 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ხილისა და ბოსტნეულის, თხილის, ჩაის, რძის, თევზის, ხორცის გადამუშავება და სხვა.

ქვეყანაში ეტაპობრივად იქმნება ისეთი საწარმოები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას უწევენ იმპორტირებულ პროდუქციას და თანდათან ინტეგრირდებიან საექსპორტო ბაზრებზეც. „ჯეონატურალსი“ სწორედ ამ წარმატებული მაგალითების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით აშენდა და განვითარდა.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საკონსერვო საწარმო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.