სოფლის მეურნეობა ცოდნისა და ტექნოლოგიის მეშვეობით ვითარდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წილკანში ესტუმრა და ადგილზე არსებული ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ლაბორატორიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს და პირადად გაეცნო მიმდინარე საქმიანობას.
ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, მინისტრს წარუდგინა სამეცნიერო ბაზაზე მოქმედი ლაბორატორიები, მიმდინარე კვლევითი პროგრამები და განვითარებაზე ორიენტირებული სამომავლო გეგმები.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა აგრარული დარგის მოდერნიზაციისთვის მეცნიერებისა და კვლევის მნიშვნელობაზე:
„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკაზე წვდომის შესაძლებლობები. ეს არის საფუძველი, რომ სოფლის მეურნეობაში ინოვაციაზე დაფუძნებული განვითარება რეალურად განხორციელდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
წილკნის სამეცნიერო ბაზა წარმოადგენს მნიშვნელოვან ცენტრალურ ჰაბს, რომელიც აერთიანებს ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის, ქსოვილის კულტურისა და დნმ-ის ლაბორატორიებს. ცენტრში ფუნქციონირებს სათესლე მასალის საცავი სერტიფიცირების მიზნით, ასევე – მეაბრეშუმეობის ბაზა, სადაც მიმდინარეობს თუთის აბრეშუმხვევიას ქართული და ინტროდუცირებული ჯიშების შენარჩუნება, გაუმჯობესება და ახალი ჯიშების გამოყვანა ფერმერული მეურნეობებისთვის.
მნიშვნელოვანი კომპონენტია საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც ერთი და მრავალწლოვანი კულტურების (მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული და ორგანული) კვლევები ხორციელდება.
ბაზის ტერიტორიაზე, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერითა და MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეკრანული სათბური და სადემონსტრაციო ჰაბი. აქ რეგულარულად იმართება ტრენინგები ფერმერებისა და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის.