აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთში იმყოფება

მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ  და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.
მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება.

მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების  თანამშრომლებს შეხვდება, დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები – ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოსდაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.

დავით სონღულაშვილი, იმერეთში პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.