სპეციალისტის თვალით დანახული პრობლემების მეციტრუსეობის სექტორში
ბოლო 30 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე რთული პროცესების მიუხედავად მეციტრუსეობას აჭარის რეგიონის სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.
მაგალითად, აჭარაში არსებულ მეურნეობების ნახევარზე მეტს (დაახლოებით 54%, ჯამში 28 ათასი მეურნეობა) აქვს ციტრუსოვანთა მცირე პლანტაცია. ამის მიუხედავად, რატომღაც მეციტრუსეობა დღეისათვის წარმოდგენილია ჩიხში მყოფ უპერსპექტივო დარგად, რომელსაც, თითქოსდა, არ აქვს არსებობის და თავის გატანის საშუალება.
წლების განმავლობაში ასეთმა მიდგომამ გამოიწვია წინა თაობების მიერ შექმნილი საყოველთაოდ აღიარებული მომგებიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის, ტრადიციის და არსებული სტანდარტების გავერანება. შედეგად კი სადღეისოდ მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. პლანტაციების დიდი ნაწილი (დაახლოებით 40-50%) გადაბერებული, ან დაავადებულია და საჭიროებს ჩანაცვლებას.
აღნიშნულ გარემოებას ემატება მცენარეთა დაცვის კუთხით არსებული რთული ვითარებაც. სადღეისოდ დაფიქსირებულია 12-მდე მავნაბელ-დაავადება, რომელიც დეტალურ კვლევასა და მის წინააღმდეგ პარაქტიკული ბრძოლის ღინისძიებების შემუშავებას საჭიროებს.
განსაკუთრებით თვალში საცემია ციტრუსების შავი ფრთათეთრას მოქმედების მასშტაბი, რომელმაც გასულ წელს დაახლოებით 6000 ტონა მოსავალი დააზიანა.
სწორედ ამიტომ, საჩქაროდ შესამუშავებელია „მეციტრუსეობის დარგის გადარჩენის ფართომასშტაბიანი პროგრამა“, სადაც ჩაერთოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მეცნიერები, პრაქტიკოსი ფერმერები და თითოეული დარგის სპეციალისტი რომელთა გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება პროგრამის, როგორც შემუშავების, ასევე მისი აღსრულების პროცესში.
P.S არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ ზემოთმოყვანილი საკმაოდ რთული გარემოებების მიუხედავად დღემდე აჭარაში ციტრუსის ხვედრითი წილი მემცენარეობის მთლიან პროდუქციაში 27%-ს შეადგენს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ რეალიზებულ პროდუქციაში 70%-ს. რაც ყოველწლიურად რეგიონში შემოტანილი რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს ნიშნავს, რომლის უკანაც 28 ათასი მეციტრუსის ოჯახი დგას.
მამუკა თურმანიძე