სუბტროპიკული ზონის სამკურნალო მცენარეები
ნედლეულის გამოყენების მიხედვით და კულტურის წარმოების ხასიათით, სამკურნალო მცენარეები შეადგენენ ტექნიკურ მცენარეთა განსაკუთრებულ ჯგუფს, რომელთა მოვლა-მოშენების მიზანია, ადამიანთა და ცხოველთა სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის საჭირო სამკურნალწამლო ნედლეულისა და სამედიცინო პრეპარატების მიღება.
მსოფლიოს ხალხურ მედიცინაში ფართოდ არის წარმოდგენილი სამკურნალო მცენარეები. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ჩინეთის, ინდოეთის, ძველი ეგვიპტის და მთელი რიგი სხვა ქვეყნების ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მიზნით გამოყენებული მცენარეები.
საუკუნეების მანძილზე, ინდოეთში ფართოდ იყენებენ მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს. იქ ძლიერ აფასებენ მცენარე ლოტოსს, მას ღვთაებრივს უწოდებენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდა გველის ნაკბენის მკურნალობისას, ე.ი. როგორც შხამის საწინააღმდეგო საშუალებას. ამ მიზნით იყენებენ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა საქპინაქი, სხვადასხვა ციტრუსი, წიწაკა და სხვა.
ქართველ ხალხს სამკურნალო მცენარეების გამოყენების საქმეში დიდი გამოცდილება გააჩნია. ძველ კოლხეთში, მცენარეების სამკურნალოდ გამოყენება იმდენად ფართოდ იყო მიღებული, რომ სამკურნალო მცენარეების პლანტაციებიც კი ჰქონდათ გაშენებული.
საქართველოში სამკურნალოდ გამოყენებულ მცენარეთა უმრავლესობა ველურად იზრდება. ზოგიერთი მათგანი დიდი ხნის წინათ შემოუტანიათ, რომელთა უმრავლესობა კარგად შეეთვისა საქართველოს ბუნებრივ პირობებს და ფართო გავრცელებაც ჰპოვა, ზოგიერთი მათგანი ველურად მოზარდიც გვხვდება.
იმ მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერებებიდან, რომლებსაც მცენარეები შეიცავენ და სამკურნალო ღირებულება აქვთ, აღსანიშნავია: აკოლოიდები, გლუკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები და სხვა.
XVI საუკუნეში, მედიცინაში წარმოიშვა ახალი მიმართულება-იატროქიმია, რომლის ფუძემდებლად ითვლებიან პარაცელესი, თეოფრასტე და სხვა. ისინი დაავადების მიზეზად ასახელებდნენ ორგანიზმში ქიმიური წონასწორობის დარღვევას და მის აღსადგენად საჭიროდ თვლიდნენ ქიმიური ნივთიერებების შეყვანას, ამიტომ სწავლობდნენ რა მცენარეთა ქიმიური ნივთიერებების შემცველობას, მიუთითებდნენ, რომ თითოეული სამკურნალო მცენარიდან მოქმედებს მხოლოდ გარკვეული ნივთიერება, რისთვისაც მცენარიდან მთავარ მოქმედ ნივთიერებას სუფთა სახით გამოჰყოფდნენ.
წამლები და ზოგიერთი საწამლავი შხამები, რომლებსაც ძველ კოლხეთში ამზადებდნენ, მიგვითითებს, რომ საქართველოში წამალთმცოდნეობა უძველესი დროიდან იყო განვითარებული.
ბუნებაში უსარგებლო მცენარე არ არსებობს, ყველა მცენარე მეტნაკლებად სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია მათი ცნობა და შესაბამისი ცოდნა.
ზოგიერთი მცენარე შხამიანია (მომწამვლელია), მაგრამ მათი სწორი გამოყენება, დოზების დაცვა, უმძიმესი დაავადებების განკურნებას იწვევს.
როდესაც ორგანიზმი განიცდის ვიტამინების დეფიციტს (არასრულყოფილი კვებით), მინერალური ნივთიერებების, მიკრო და მაკრო ელემენტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნაკლებობას, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ამ დროს რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას საჭირო მცენარეები. სამკურნალო მცენარეების სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანი ინარჩუნებს ჯანმრთელობას, სიცოცხლის აქტიურობას და შრომისუნარიანობას.
აღსანიშნავია, რომ წარმოებული სამკურნალო მედიკამენტების 40% მცენარეული წარმოშობისაა, მათი რაოდენობა თანდათანობით იზრდება, რადგანაც მცენარეული წარმოშობის მედიკამენტები ნაკლებად ხასიათდება უარყოფითი უკუმოვლენებით. კერძოდ, გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოყენებული სამედიცინო პრეპარატების 77% მცენარეული წარმოშობისაა.
ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა ზონალური საცდელი სადგურში, რომელიც 1937 წლიდან აქტიურ მუშაობას ეწეოდა, სუბტროპიკული და ტროპიკული წარმოშობის მცენარეთა მოვლა-მოყვანაზე დიდი მუშაობაა ჩატარებული, მაგრამ მე-XX საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედგეგ აღნიშნული კვლევითი ინტიტუტი დაიხურა.
სამკურნალო მცენარეებიდან საწარმოო მნიშვნელობა აქვს: ალოეს, თირკმლის ჩაის, გველის სუროს, ოლეანდრას, პასიფლორას, კალანხოეს და სხვა.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი