აგროსიახლეები

სუფთა მიწა, სუფთა მოსავალი — ბიოწარმოების გზა სოფელ შაუმიანიდან

ბიოაგროწარმოების მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და შეფასების, აგრეთვე ბიომეურნეობებისთვის რეკომენდაციების გასაცემად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის უფროსი გოჩა წერეთელი და უფროსი სპეციალისტი გივი წილოსანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი ცენტრსა და შპს „ქალდეას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიოაგროწარმოების ხელშეწყობასა და კერძო სექტორისთვის ცოდნის გაზიარებას. თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ხედვას — ეკოლოგიურად მდგრადი აგროსექტორის განვითარებას და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას.

შპს „ქალდეას“ მფლობელობაში არსებული 100 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი წელს პირველად გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისთვის.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგრობიოლოგიური და ფიტოსანიტარული მდგომარეობა და იმსჯელეს მათი განვითარების პოტენციალზე.

ბიოაგროწარმოება დღეს წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს. ის უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვასა და სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ბიოაგროწარმოების სამსახურის სპეციალისტების აქტიური ჩართულობა ბიოფერმერების საქმიანობაში. ეს ჩართულობა მოიცავს როგორც კონსულტაციების გაწევას და ტექნოლოგიური რჩევების მიწოდებას, ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერას ბიოწარმოების პროცესში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ ფერმერებთან და ინიციატორ მეწარმეებთან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეკომეურნეობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოში.