სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს ურჩევს
ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ბიზნესოპერატორების მონიტორინგს. 2025 წლის შემაჯამებელი მონაცემები ასახავს არსებულ გამოწვევებსა და იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც სექტორის მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, 2025 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) განახორციელეს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მათ შორის გამოიკვეთა დარღვევები, რომელთა გამოც ბიზნესოპერატორები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ:
-
საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე;
-
სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა;
-
სურსათის მიკვლევადობის დარღვევა;
-
ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები.
აღნიშნული დარღვევების პრევენცია შესაძლებელია. დარღვევების შემცირება ხელს შეუწყობს თავად ბიზნესის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით; ასევე, იმ ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით; ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია; უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა მხოლოდ ადმინისტრირების საკითხი არ არის – ეს სოციალური პასუხისმგებლობაა.
სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება და კანონმდებლობასთან შესაბამისობა ბიზნესსექტორისთვის სტაბილურობის გარანტია, ხოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს საწინდარი.
სახელმწიფო კონტროლი კვლავაც გაგრძელდება სტანდარტების კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად.

