აგროსიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

ზამთრის ტურისტული სეზონის აქტიურობის პარალელურად, მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის უვნებლობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც მსხვილ ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე სავაჭრო ობიექტებში, რათა მომხმარებლამდე ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი მივიდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები სურსათის რეალიზაციის ყველა მნიშვნელოვან პირობას: შენახვის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს, პროდუქტის სწორ განთავსებას და მომხმარებლისთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდებას ამოწმებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეტიკეტირებას, პროდუქტის დასახელებას, ინგრედიენტებს (მათ შორის ალერგენებს), საკვებ დანამატებს, წონას, შენახვისა და გამოყენების წესებს. ასევე აუცილებელია მითითებული იყოს მწარმოებელი ან დისტრიბუტორი, წარმოშობის ქვეყანა, კვებითი ღირებულება, დამზადების თარიღი და პარტიის ნომერი.

სეზონური დატვირთვის გამო, საკურორტო ზონები კონტროლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან აქ ერთდროულად იმყოფება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტების დიდი ნაკადი.

სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება.

გასული წლის მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 512 ობიექტი შემოწმდა. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.

სურსათის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის, ისე ადგილობრივი ფერმერებისა და მოვაჭრეების რეპუტაციისთვის.

 სწორი შენახვა, ეტიკეტირების წესების დაცვა და სანიტარული ნორმების შესრულება ხელს უწყობს ნდობის ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის წარმატებულ რეალიზაციას, განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ რეგიონებში.