სურსათის უვნებლობა და მეცნიერება
თანამედროვე გაგებით მეცნიერება, ისევე როგორც ხელოვნება, მორალი, სამართალი, იდეოლოგია, რელიგია და ა.შ., კაცობრიობის კულტურის მონაპოვრად განიხილება.
„მეცნიერება“, მისი არსის მკაცრი შეფასებით, როგორც კაცობრიობის კულტურის ერთ-ერთი მონაპოვარი — ევროპაში აღიარებული იქნა XVII საუკუნეში, რაც მიღებული ცოდნის ან ჰიპოთეზის გადამოწმებას უკავშირდებოდა.
დღეს „მეცნიერების“, როგორც ცნების უნიფიცირებული განმარტება არ არსებობს, შესაბამისად რთულია ახალი დარგების „მეცნიერებად აღიარება“. ამ საკითხის სირთულე კიდევ უფრო მძაფრდება იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ ცალკეულ მეცნიერთა შორის არსებობს სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი მიდგომები „ფილოსოფიის“, „ეკონომიკის“ და მეცნიერების სხვა დარგების დამოუკიდებელ მეცნიერებებად აღიარების თაობაზე, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მეცნიერება ცოდნის განსაკუთრებული სისტემაა საზოგადოებაზე, ადამიანზე და ა.შ. ის არის ფასეულობათა გარკვეული სახესხვაობა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჭეშმარიტი ცოდნის მიღება, დაგროვება და სრულყოფა.
მეცნიერება ხშირად არასწორად არის გაგებული. ზოგიერთისთვის მეცნიერებას პრესტიჟული მნიშვნელობა აქვს, სხვებისთვის მეცნიერება ნამდვილი ცოდნაა, ნაწილისთვის კი იგი ემპირული ფენომენის ობიექტურ კვლევას ნიშნავს. მეცნიერების საწყისის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, უფრო მეტიც, ცოდნა, რომელიც მეცნიერულად მიიჩნევა დღეს, მომავალში შეიძლება არამეცნიერულად ჩაითვალოს.
მეცნიერების ერთიანი კლასიფიკაცია თითქმის გამორიცხულია ობიექტების, საგნების, მეთოდების, გამოყენების სფეროების და სხვა ფაქტორების მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი კვლევების განშტოებული სისტემების არსებობის გამო.
ყველაზე ზოგადი კლასიფიკაციით, მეცნიერება იყოფა საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, საზოგადოებრივ (სოციალურ) და ჰუმანიტარულ მეცნიერებად. ამ მეცნიერებათა შორის ასევე არსებობს მათი შემაკავშირებელი რგოლები და ერთი და იგივე მეცნიერება შესაძლოა სხვადასხვაგვარად მოიაზრებოდეს და საფუძველი ჩაუყაროს სხვა დამოუკიდებელ მეცნიერებას (მედიცინა, ეკოლოგია, საინჟინრო ფსიქოლოგია, და სხვა).
ნორმებისა და იდეალების ერთობლიობა, რომელსაც შესაძლოა წარმმართველი მნიშვნელობა ენიჭებოდეს მეცნიერების განვითარების ერთ ეტაპზე, გამოიხატება ტერმინში „მეცნიერული აზროვნების სტილი“. იგი შესაძლოა იცვლებოდეს და ერთ მეცნიერებას მეორე ანაცვლებდეს ან ხდებოდეს მოვლენათა და მტკიცებულებათა გადაფასება. მაგ. მეცნიერების ისტორიის შემსწავლელმა ამერიკელმა მეცნიერმა — თომას კუნმა, რომელიც აანალიზებდა მეცნიერული ცოდნის განვითარების ხასიათს, განსაზღვრა პერიოდები, როდესაც მეცნიერება ვითარდებოდა დინამიურად, გროვდებოდა რა ფაქტები, რომელთა მეშვეობით მტკიცდებოდა სხვადასხვა თეორემები უკვე არსებულის ფონზე. მან ამ პროცესს „პარადიგმა“ უწოდა.
განსაზღრული პარადიგმის ჩარჩოებში მეცნიერების განვითარება შესაძლოა ხასიათდებოდეს არსებულ თეორიებთან შეუსაბამო მონაცემთა მობილიზებით, ამიტომაც ადრე თუ გვიან საჭირო ხდება „შეუსაბამისობის“ ახსნის მიზნით მეცნიერული ცოდნის გარკვეული საფუძვლების, ზოგადი პრინციპების, მეთოდოლოგიური მტკიცებულებების შეცვლა, რაც წარმოადგენს „გადატრიალებას მეცნიერებაში“ (მაგ. მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში გენები განიხილებოდა, როგორც ცილოვანი ბუნების მოლეკულები და სხვ.)
მეცნიერება არ არის მარტო დადგენილი წესი, რომლის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მის შინაგან არსს. გარდა დადგენილი წესისა, მას მრავალი განშტოება აქვს, რომლის დებულებად ჩამოყალიბება შეუძლებელიც კი არის.
„მეცნიერება“ ეხება არა ცოდნის რომელიმე ზოგად ან კონკრეტულ ნაწილს, არამედ მეთოდოლოგიას. ამ მიზეზთა გამო ცნება„მეცნიერება“ გამოიყენება დარგში იმ ცოდნის აღსანიშნავად, რომელიც მეცნიერული მეთოდოლოგიით არის მოპოვებული.
კაცობრიობის ისტორიული განვითარების შესაბამისად, ცალკეული დარგი, ყალიბდება რა საზოგადოების აზროვნების, საქმიანობისა და აქტივობის დამოუკიდებელ ფორმად, ადამიანის კულტურისა და საჭიროებების განსაკუთრებული ცოდნის ფორმირების პარალელურად გარდაიქმნება მეცნიერებად და შესაძლოა წარმოადგენდეს პროდუქტს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის კვლევის მეთოდებს, კონცეფციებს, პრინციპებს და ა.შ. ასე იქმნებოდა სურსათის უვნებლობა, როგორც მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა.
მეცნიერება და საზოგადოების მოთხოვნა უვნებელი სურსათის წარმოება -მიწოდებაზე ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. მეცნიერება არ შეიძლება შეიქმნას ან განვითარდეს საზოგადოების გარეშე, ისევე როგორც თანამედროვე საზოგადოებას არ შეუძლია მეცნიერების გარეშე არსებობა, რადგან იგი უზრუნველყოფს და ხელს უწყობს საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ყველა სფეროში და ამით თავის თავზე იღებს საზოგადოების სოციალური განვითარების ფუნქციასაც. ცნობილია, რომ მეცნიერება მოიცავს სოციალური ინსტიტუტების ერთობლიობას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება კონკრეტული კვლევები. სურსათის უვნებლობა, როგორც „მეცნიერება“, სრულად ესადაგება აღნიშნულ მოთხოვნებს. ის აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ექსპერტების მიერ. კოდექს ალიმენტარიუსის განმარტებით: „სურსათის უვნებლობა არის მეცნიერება. როგორც მოგეხსენებათ, კოდექსის სტანდარტები დაფუძნებულია მეცნიერებაზე და რისკის ანალიზი რეკომენდებულია მთავრობებისთვის გამოსაყენებლად…..”
დაავადებების ახალი გამომწვევები ან მავნე ნივთიერებების ნარჩენები მოითხოვენ მეცნიერების მიერ უვნებლობის ახალი მეთოდების ტექნოლოგიური პროცესების ბოლო ეტაპზე გამოყენებას,რასაც ხშირად საწარმოო ჯაჭვის დასაწყისში მოსდევს პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების მიმართ მოთხოვნების შეცვლის აუცილებლობა.
რაც შეეხება სურსათში`ცხოველის საკვებში, ცხოველში ან მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტში რისკების კლასიფიკაციას, მოქმედებს ერთიანი წესი: ნებისმიერი ზომების მიღების საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული კვლევების შედეგების აღმწერ სიდიდეთა სამეცნიერო ანალიზი, რომლის შედეგად გამოვლენილი პოტენციური საფრთხის მავნე ზეგავლენის ალბათობა განისაზღვრება რისკის მეცნიერული შეფასებით
სურსათის უვნებლობის პარამეტრები ითვალისწინებენ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მისაღებ დონეს (რაც განიხილავს სურსათის მოხმარების მოდელს მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებით (მაგ., ასაკით) და მოხმარებული სურსათის და წყლის დაბინძურების მაჩვენებლებს). შესაბამისად, ის შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მეცნიერული კვლევებით (მაგალითად კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტები, ასევე რისკის შეფასებები, ჩატარებული სურსათის, სოფლის მეურნეობის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების ექსპერტების მიერ.).
სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ მეცნიერულად დასაბუთებულ ინტეგრირებულ პრინციპებზე (HACCP, მიკვლევადობა, რისკის შეფასების პროცესში საფრთხის იდენტიფიცირება და დახასიათება, ექსპოზიციის შეფასება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მეცნიერული კვლევები და შედეგები) დაფუძნება აუცილებელი გახდა სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ყველა რგოლისათვის. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ფიქრი ამ მიმართულებით კაცობრიობისა და საზოგადოების განვითარებაზე.
მეცნიერული აზროვნება წარმოადგენს აზროვნების ისეთ სახეს, როდესაც მეცნიერულ დონეზე ხდება ჰიპოთეზების, პრინციპების, მიდგომების გარკვეული გააზრება. ყველა ეს მახასიათებელი ნიშანდობლივია სურსათის უვნებლობისთვის. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპებზე ეს მახასიათებლები მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლოა დროთა განმავლობაში იცვლებოდეს — ხდებოდეს მათი უგულვებელყოფა ან ახლით ჩანაცვლება.
სურსათის უვნებლობას, როგორც მეცნიერულ დისციპლინას, აქვს მსოფლმხედველობრივი დატვირთვა. ის წარმოადგენს საზოგადოების განვითარების ფაქტორს და თანამედროვე წარმოების პროცესებისა და წამყვანი ტექნოლოგიების შექმნის საფუძველს. ის ასევე არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება და დამუშავება.
სურსათის უვნებლობის სფეროში ახალი მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება სამეცნიერო კვლევის მეთოდების საშუალებით, ხოლო შეფასებები ეფუძნება მეცნიერულ პროცესებს. დღეისათვის მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ფუნქციონირებს არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, სახელმწიფო დაწესებულება, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა საქმიანობის სფეროს მხოლოდ სურსათის უვნებლობა წარმოადგენს. მსოფლიოს ბევრ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებას შემუშავებული აქვს სურსათის უვნებლობის სასწავლო პროგრამები, მათ შორის სასწავლო პროგრამები სურსათის უვნებლობის მართვის კუთხით. ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი იმის დასადასტურებლად, რომ სურსათის უვნებლობა დღეისათვის წარმოადგენს დამოუკიდებელ დისციპლინას, რომლის მეცნიერული რანგი აღიარებულია ამა თუ იმ მომიჯნავე დარგებში მოღვაწე მეცნიერთა, პირთა და პროფესიონალთა შორის.
ზურაბ ცქიტიშვილი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
აკდემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი