ტარხუნა
ტარხუნსას სამშობლოდ მონღოლეთი ითვლება. ველურად მოზარდი გვხვდება ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში და სამხრეთ ევროპაში, ტარხუნას კულტურა გავრცელებულია რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, აშშ და სხვაგან.
საქართველოში ტარხუნას კულტურას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, იგი მოხსენიებულია XVII საუკუნის ქართულ დამწერლობაში, გავრცელებულია მებოსტნეობის ყველა რაიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს I მებოსტნეობის ზონაში: თელეთში, კუმისში, ზემო ავჭალაში, გლდანში და ა.შ.
ეთერზეთების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მას იყენებენ ლიქიორის დასამზადებლად, როგორც სანელებელ ბოსტნეულს კიტრის და პამიდვრის დამწნილებისას.
ტარხუნას ნედლი და გამხმარი ფოთლები გამოიყენება კულინარიაში, მისგან ამზადებენ აგრეთვე ძმარს.
ტარხუნა ვიტამინებით მდიდარი მწვანილია, რომელსაც მებოსტნეები მწვანილების მეფეს უწოდებენ.
ნედლ ტარხუნაში ეთერზეთების რაოდენობა 0,1-0,5 %-მდეა, გამხმარში – 0,25-0,8%-მდე…
ტარხუნა მრავალწლიანი სურნელოვანი ბოსტნეულია, აქვს სწორმდგომი, გლუვი 70-80 სმ სიმაღლის ღერო. ქვედა ფოთლები სამადაა გაყოფილი, ზედა ფოთლები კი ლანცეტაა.
ყვავილები პატარაა, თეთრი ფერის, სფეროსებრ ყვავილედებში შეკრებილი. ყვავილობს ივლის – აგვისტოში, მრავლდება ვეგეტატიურად.
ტარხუნა სიცივის ამტანი ბოსტნეული კულტურაა. კარგად ხარობს ბარის რაიონებში და კარგად უძლებს ზამთრისა და ზაფხულის ყინვებს. დიდ მოთხოვნილებას უყენებს ინათლეს, კარგი ხარისხის ეთერებით მდიდარი პროდუქცია მიიღება მხოლოდ კარგად განათებულ, ტენით მდიდარ ნოყიერ ნიადაგებზე.
კულტურაში არჩევენ ტარხუნას ორ სახეობას: გერმანულს (მუქი მწვანე, ვიწრო ფოთლებით) და რუსულს ( ღია მწვანე, განიერი ფართო ფოთლებით). პირველი თესლს არ იძლევა და მხოლოდ ვეგეტატიურად მრავლდება.
საქართველოში ტარხუნას ნიმუშებიდან გამოვყავით მხოლოდ ორი ეკოტიპი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსი.
ტარხუნას, როგორც ნედლ ისე გამხმარ მასაში ეთერზეთები გაცილებით მეტი რაოდენობით აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოს ეკოტიპში.
ტარხუნას ძირითადად ამრავლებენ ბუჩქის დაყოფით. მაისში, როდესაც თითქმის მთავრდება მწვანე ყლორტების კრეფა, ტარხუნას ფესვებს ანაწილებენ ისე, რომ თითოეულ ნაწილს თან გაჰყვეს მომავალი ყლორტის საწყისი კვირტი.
ტარხუნას რგავენ წინასწარ მომზადებულ, ერთმანეთისგან 50 სმ-ით დაცილებულ კვლებში, კვლის სიგანე ერთი მეტრია, სიგრძე კი ნებისმიერი. ტარხუნას რგავენ 25 სმ დაცილებით 4 მწკრივად. მცენარეებს შორის მწკრივში 15 სმ-ია. დარგვისთანავე კარგად რწყავენ. შემდეგ მოვლა ჩვეულებრივია: ბრძოლა სარეველებთან, გაფხვიერება, დამატებითი კვება და მორწყვა. ზედმეტი ტენი ხელს უწყობს ტარხუნას ფოთლების ჟანგათი დაავადებას.
ტარხუნას ქორფა ტოტები მწვანილად გამოიყენება გაზაფხულზე და ნაწილობრივ ზაფხულში, ხოლო სხვა მიზნებისათვის იღებენ მეტი რაოდენობით მწვანე მასას და ეთერზეთებს.
3-4 წელიწადში ერთხელ აუცილებელია ტარხუნას ნარგაობის განახლება, რადგან მცენარეები თანდათან ჩიავდება და მოსავალი მცირდება.