თანამედროვე მიდგომები კვების ფიზიოლოგიაში, პრობლემები და გამოწვევები
2022 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინოვაციების კომისიის სხდომა № 29, რომელზეც მოხსენებით: „თანამედროვე მიდგომები კვების ფიზიოლოგიაში, პრობლემები და გამოწვევები“ წარსდგა ტექნიკის დოქტორი, აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინა კაციტაძე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა ცნობიერება კვების ფიზიოლოგიის საკითხებთან მიმართებაში, რაც განაპირობა არაგადამდები დაავადებებით (აგდ) გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა. აღნიშნული შრომისუუნარობის, ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია,როგორც საქართველოში, ისე გლობალურად; ქმნის არა მარტო ჯანმრთელობის, არამედ დიდ სოციალურ ტვირთსაც და ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მნიშნელოვანი ფაქტორია.
არაგადამდები დაავადებები აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
ამასთან მიმართებაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (WHO, FAO, ჯანმო-ს ევროპული რეგიონის წარმომადგენლობა და სხვ.) გაცემულია მთელი რიგი რეკომენდაციები, დირექტივები, მითითებები.
– საკვებ რაციონში ხილის და ბოსტნეულის წილის გაზრდა, რაც უნდა შეადგენდეს ≥ 400 გ (კარტოფილის გარდა) დღეში.
– თავისუფალი შაქრების მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა მთელი ცხოვრების მანძილზე – უნდა შეადგენდეს საერთო ენერგიის (2000კკალ) <10%. ეს არ ვრცელდება ხილსა და ბოსტნეულში არსებულ შაქრებზე (აუცილებელი რეკომენდაცია 1).
ჯანმო გვთავაზობს თავისუფალი შაქრების მოხმარების შემცირებას საერთო დღიური კალორიების 5 %-მდე (პირობითი რეკომენდაცია).
https://www.who.int/mediacentre/news/releases/2015/sugar-guideline/en/
- ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ (2012/EU12) შემუშავებული დირექტივების საფუძველზე აიკრძალა შაქრის გამოყენება ხილის წვენებში.
უნდა აღინიშნოს, რომ აგდ-ით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების პროგრესი ჯანმოს ევროპის რეგიონში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს – ლიდერის როლი უჭირავს ამ თვალსაზრისით.
ჯანმოს ევროპის რეგიონალური წარმომადგენლობის მიერ 2017 წელს შემუშავდა დოკუმენტი „მასტიმულირებელი და შემაფერხებელი ფაქტორები შაქრის შესამცირებლად სამრეწველო სასურსათო პროდუქტებში“:
საკვები საქაროზა – ნეგატიური ეფექტები;
საკვები საქაროზა -გამოყენება და დოზირება;
ქრონიკული დაავადებები-პროფილაქტიკა და კონტროლი;
ჯანდაცვის პოლიტიკა.
დოკუმენტში აღნიშნულია,რომ აუცილებელია სამრეწველო წარმოების სურსათში შაქრის რაოდენობის შემცირება და გაანალიზებულია მისი მასტიმულირებელი ფაქტორები:
- მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება შაქრის ნეგატიურ გავლენაზე ;
- სახელმწიფო პოლიტიკა და ქმედებები შაქრის მოხმარების შემცირებასთან მიმართებაში;
- არაკალორიული დამატკბობლების (სტევია,არქატი, კატემფე, მონკის ხილი, სერენდიფიტის კენკრა და სხვ.) ფართო ასორტიმენტის არსებობა;
- რეცეპტურების რეფორმულირება; ახალი ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტების შექმნა და რეკლამის გაძლიერება ამ მიმართულებით;
- მიზნობრივი გადასახადები;
- ახსნა–განმარტებითი მარკირება შეფუთვის წინა მხარეს და სხვ.
აღნიშნული ქმედებები შეესაბამება პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რომლებიც რეკომენდირებულია ევროპის სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმაში უფრო ჯანსაღი კვებითი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ნათქვამია,რომ საჭიროა უფრო ფუნდამენტური მოქმედება.
საქართველოში შემუშავებულია აგდ პრევენციისა და კონტროლის 2022-2026 ეროვნული სტრატეგიის პროექტი, რომელიც, ერთის მხრივ, ევროასოცირების ვალდებულებების გამოძახილია, მოიცავს აგდ პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას, მეორეს მხრივ, ეფუძნება აგდ პრევენციისა და კონტროლის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე უმაღლესი დონის შეხვედრის დეკლარაციას (2018) – „მოქმედების დროა: დავაჩქაროთ ჩვენი რეაგირება აგდ–ის მიმართ, თანამედროვე და მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის”.
ეროვნულ დოკუმენტში მითითებულია არაგადამდებ დაავადებათა მოდიფიცირებადი რისკფაქტორების შემცირების სტრატეგიული ინტერვენციები თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების, სუფრის მარილის, ინდუსტრიული ტრანსცხიმების, საკვები დანამატების, ასევე ხილ-ბოსტნეულის გამოყენების გაზრდის მიმართულებით. თუმცა არაფერია ნათქვამი კონკრეტულად შაქრის მოხმარების შემცირების მიზნით ეროვნული გეგმის შემუშავებაზე.
თავისუფალი შაქრების მოხმარების დონე მოსახლეობაში მაღალია, რაც დაბალი ხარისხის სურსათის მოხმარებასთან ერთად განაპირობებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. თავისუფალი შაქრების ჭარბი მოხმარება ≥ 70 ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. https://www.researchgate.net/publication/309490279_Effect_of_sugar_intake_towards_human_health https://hammernutrition.com/blogs/endurance-news-weekly/146-reasons-sugar-ruins-your-health
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი მიმართულია ევროპისკენ – წარმოებული ადგილობრივი სურსათის საექსპორტო პოტენციალი უნდა გაიზარდოს, რათა თანდათანობით დავიკავოთ ჩვენი ნიშა ევროპის ბაზარზე. ამისათვის საჭიროა ვაწარმოოთ სურსათი, რომელიც უვნებლობის და ხარისხობრივი მაჩვენებლების კუთხით შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ პრობლემებთან პირდაპირ კავშირშია აგრარული სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი ეფექტიანობის ამაღლება. აღნიშნულს სხვა ამოცანებთან ერთად ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია.
კვების ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი და საშუალო მეწარმეების უმრავლესობა არ ფლობს საკმარის ინფორმაციას თანამედროვე მიმართულების სასურსათო პროდუქტებზე, ზემოთ აღნიშნულ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში არ აქვთ მომავლის ხედვა და შემოიფარგლებიან მოკლევადიანი ეფექტით. საჭიროა მათი ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლება; სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, კოოპერაციაზე, მწარმოებელთა ხელშეწყობაზე ფოკუსირების გზით; მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება დაუბალანსებელი, არაჯანსაღი კვების და აგდ-ს გავრცელების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე; საკანონმდებლო კუთხით გარკვეული რეგულაციების შემოღება.
დოქტ. ე. კაციტაძემ წარმოადგინა მის მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ეხება თანამედროვე მოთხოვნების, ბუნებრივად ჯანსაღი, ფუნქციური და პროფილაქტიკური დანიშნულების გადამუშავებული პროდუქტების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებას და შემხებლობაშია ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან.
მნიშვნელოვანია მოსახლეობის, მეწარმეების და ფერმერების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება დაუბალანსებელი, არაჯანსაღი კვების და არაგადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. ასევე, საჭიროა საკანონმდებლო კუთხით გარკვეული რეგულაციების შემოღება.
აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, საჭიროა დარგის მეცნიერების, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სპეციალისტების, მეწარმეების, ფერმერების და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევა.