თავთავიანი პურეულის მოსავლის დროულად აღების გავლენა დანაკარგებზე და მარცვლეულის ხარისხზე
მარცვლეული, მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღება სოფლის მეურნეობაში დიდმნიშვნელოვანი და პასუხსაგები სამუშაოა.
სწორედ მოსავლის აღების დროს ხდება მთელი წლის მანძილზე გატარებული ღონისძიებათა შედეგების შეჯამება.
მოსავლის ასაღებად ფერმერი საგანგებოდ უნდა მოემზადოს და ყოველ ოპერაციას ძალზე სერიოზულად მოეკიდოს, რადგან მოსავლის აღების გაჭიანურება ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამას შეიძლება მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი ზარალიც მოჰყვეს!
მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღების ძირითადი ამოცანა მოსავლის რაც შეიძლება სრულად და უდანაკარგოდ აღება დაბინავებაა.
ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ წინასწარ სწორად გაითვლება და შედგება მოსავლის აღების გეგმა-განრიგი, ყოველი დეტალი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესრულდება.
ჩვენს შემთხვევაში განვიხილოთ თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავთავიანი (პურეული) კულტურების დროულად და უდანაკარგოდ მოსავლის აღებას.
როგორც ზემოთ ვთქვი, მოსავლის აღების ვადების სწორად განსაზღვრას უდიდესი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მრავალი (ცდებით) დაკვირვებით დადასტურებულია, რომ მარცვლის სრული სიმწიფიდან მოსავლის დაგვიანებით აღების, 10-12 დღის შემდეგ 15-20 %-ით ზრდის დანაკარგებს, ზოგიერთი ცვენადი ჯიშებისას დანაკარგები კიდევ უფრო იზრდება, ამასთან ერთად მარცვლის ხარისხი მკვეთრად უარესდება.
თავთავიანი პურეულის მოსავლის აღება მარცვლის ცვილისებრი სიმწიფის შუა პერიოდში იწყება, თავის მხრივ ეს პერიოდი დამოკიდებულია თვით კულტურაზე, ჯიშზე, აგროტექნიკის დონეზე, ნიადაგის ნაყოფიერებაზე, რელიეფზე, მინდვრის დასარევლიანებაზე და სხვა.
ბოლო წლებში, გლობალური დათბობის პირობებში, კლიმატის მკვეთრად ცვალებადობის გამო, საქართველოს ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, ზონების (რეგიონების) მიხედვით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და სწორედ ასეთი მკვეთრი განსხვავებულობის გამო, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღების საკითხს.
პურეულთა პირველი ჯგუფიდან ყველაზე ადრე შემოდის საშემოდგომო ქერი, (კახეთის რეგიონი) და ამით იწყება მკის პერიოდი, ხოლო 12-15 დღის შემდეგ იწყება საშემოდგომო ხორბლის და ჭვავის აღება, შემდგომ ამას მოსდევს საგაზაფხულო ქერის და საგაზაფხულო ხორბალი, ყველაზე გვიან შემოდის შვრია.
უკვე აღვნიშნე, რომ თავთავიანი პურეულის მოსავლის აღების ვადის სწორად განსაზღვრაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებას, მარცვლის ცვენადობის უნარს, ცვენადი ჯიშების სულ რამდენიმე დღით დაგვიანების აღების დროს მარცვლის დანაკარგები 30-35%-დე იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მაგრამ პურეული კულტურები საკმაოდ დიდ ფართობზე ითესება. აქედან დღევანდელი მდგომარეობით ხორბალი სწორი დაგეგმარების შემთხვევაში შესაძლებელია დაითესოს 120-140 ათას ჰექტრამდე. აგროტექნოლოგიის სრულად დაცვით მარცვლეული კულტურების საშუალო მოსავლიანობის პირობებში, ქვეყანას შეუძლია, ხარისხიანი მარცვლეულით 55-60%-ით დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება. ამისთვის საჭიროა სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და ფერმერებისადმი მთავრობის მხარდაჭერა.
დღეს ჩვენში პურეული კულტურების მოსავლის აღების გავრცელებული წესია ყანის ერთ ფაზად კომბაინით აღება. ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს და აადვილებს მოსავლის აღების ოპერაციას, ამცირებს დანაკარგებს, მაგრამ პირდაპირ კომბაინებით მოსავლის აღებისათვის საჭიროა, ყანა კარგად იყოს შემოსული და მარცვალი სრულად მომწიფებული, რომ ადვილად ილეწებოდეს. გალეწვის პროცესში მარცვლის ტენიანობა 16-17%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. დაგვიანების შემთხვევაში თავთავი და მარცვალი სწრაფად შრება, იწყება მისი გადამწიფება და ადვილად იბნევა და ხარისხობრივი მაჩვენებლებიც საკმაოდ სწრაფად იკლებს.
ბოლო წლების დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში მოწეული ხორბლის მოსავლიანობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები საშუალოზე დაბალია და შესაბამის მოთხოვნებს ვერ პასუხობს, რაც ძირითადად გამოწვეულია აგროტექნოლოგიების დარღვევის გამო _ ტექნოლოგიური რუკით გათვალისწინებული სამუშაოები (კალენდარული ვადები), ნიადაგის მოხვნიდან მოსავლის აღებამდე დარღვეულია.
აღნიშნული სტატიის დაწერის მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მარცვლის მწარმოებელ ფერმერებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღევანდელ პირობებში, როდესაც პურეული კულტურების მოვლა-მოყვანის ხარჯები 2400-2800 ლარამდე არის გაზრდილი, ტექნოლოგიური რუკის დაცვას. მუდმივი ყურადღებაა საჭირო, რომ დავიცვათ აგროტექნიკით გათვალისწინებული სამუშაოთა ნორმა და თანმიმდევრობა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსავლის აღები დროს!
მაგალითად, 2023 წელი საშემოდგომო ხორბლის და საერთოდ თავთავიანი კულტურებისათვის ცუდი პირობები არ იყო, სავეგეტაციო პერიოდში არა თანაბრად, მაგრამ მაინც საკმარისი ნალექი მოვიდა, მოსავალსაც არ უჩანდა ცუდი პირი, მაგრამ მოსავლის აღების წინ პერიოდულად მოსული ნალექების გამო თავის დროზე ვერ ხერხდებოდა ყანაში შესვლა, აღნიშნულიდან გამო, დაიკარგა როგორც მოსავალი, ასევე ხარისხიც, ზოგ შემთხვევაში გარკვეულ ნაწილს (ფერმერების) მოსავალიც აღარ აუღია.
შესაძლებელია თუ არა ცუდი კლიმატური პირობების დროს ფერმერებმა იპოვონ გამოსავალი?
ასეთი მოვლენების შემთხვევაში ფერმერებმა უნდა მიმართავენ მოსავლის ორ ფაზად აღებას (რაც ჩვენთან კარგა ხანია დაივიწყეს).
თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების ეს წესი ითვალისწინებს იმას, რომ ჯერ ყანა იჭრება სამკალი მანქანებით (გერმანკა) მარცვლის ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში, როცა მისი ტენიანობა 20-25%-ს არ აღემატება და ეწყობა ღვარეულებად 5-6 დღის შემდეგ, როცა ღვარეულები შეშრება და მარცვალი დაკარგავს ტენის მოჭარბებულ რაოდენობას, კომბაინზე მოწყობილი ამკრეფის საშუალებით ხდება ღვარეულების აკრეფა და გალეწვა. ეს წესი საშუალებას იძლევა მოსავლის აღება დავიწყოთ 6-7 დღით ადრე. მოსავლის აღება ორ ფაზად, განსაკუთრებით ეფექტიანია, როცა ყანა დასარევლიანებულია. წინასწარ მოჭრილი ღვარეულები კარგად შრება, კომბაინის მწარმოებლობა იზრდება, გამოლეწილი მარცვალი უფრო მშრალი და სუფთაა ვიდრე ერთ ფაზად აღების დროს, მარცვლის სათესლე ღირსება უკეთესია, პურცხობის თვისებებიც უკეთესია, შეიცავს მეტ ცილებს.
მოსავლის ორ ფაზად აღება ხელსაყრელია აგრეთვე თუ ყანა სქელია და მაღალი.
ასე რომ გარკვეულ ხელის შემშლელ პირობებში (უამინდობა, კომბაინების უკმარისობა და სხვა), თავთავიანი პურეულების ორ ფაზად აღების შემთხვევაში (შემჭიდროებულ ვადაში) იზრდება როგორც მოსავლის მოცულობა, ასევე მისი ხარისხიც.
ადოლ ტყეშელაშვილი
სოფ. მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი