თბილისის ეროვნული პარკი ეკოტურიზმის ახალი ცენტრი ხდება – დასრულების ეტაპზეა 13 მლნ ლარიანი პროექტები
თბილისის ეროვნული პარკის საბადურისა და ზედაზენის უბნებზე სარეკრეაციო და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი, რომლებმაც მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ნინო თანდილაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება და მათი ინფრასტრუქტურული განვითარება:
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
თბილისის ეროვნულ პარკში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც დედაქალაქის სიახლოვით გამორჩეულ ვიზიტორებს კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს შესთავაზებს“.
საბადურის უბანზე შენდება თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა. დაგეგმილია პარკინგის სივრცის, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ზონის მოწყობა, ხოლო ბუნების მოყვარულებს აქ 55 კილომეტრის სიგრძის, თანმდევი ინფრასტრუქტურით გამართული, საფეხმავლო ბილიკების ქსელი დახვდება
ზედაზნის უბანზე იქმნება დასასვენებელი სივრცე, ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, აგრეთვე სამთო თავშესაფრები, რაც მნახველებს მრავალფეროვან და კომფორტულ დასვენების საშუალებას მისცემს.
პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 13 მილიონ ლარს შეადგენს.
დასრულებული ინფრასტრუქტურა ადგილობრი მოსახლეობასთან ერთად საერთაშორისო ვიზიტორებსაც მისცემს შესაძლებლობას, დედაქალაქთან ახლოს აღმოაჩინონ უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტები, განიცადონ ეკოტურისტული თავგადასავლები და ხელი შეუწყონ რეგიონში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დამატებითი განვითარებას.
ამ ინიციატივით, თბილისის ეროვნული პარკი ეკოტურიზმის ახალ ცენტრად იქცევა, რომელიც დაინტერესებულ პირებს წლის ნებისმიერ სეზონზე უმასპინძლებს და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.