თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს გაიხსნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“.
პროგრამას, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის პოტენციალის განვითარება და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება, ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით. მისი ფარგლები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით გამოფენების, კონკურსების და ფესტივალების ორგანიზებას.
გამოფენა ტარდება გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით და მასში 7 ქვეყნის – გერმანიის, სომხეთის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და თურქეთის – დაახლოებით 200 კომპანია მონაწილეობს. წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი და საშუალო საწარმოები, მცირე მარნები, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის დანადგარები, აქსესუარები და მომსახურებები.
„WinExpo Georgia“ საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია.
გამოფენას ესწრებიან ღვინის სფეროს პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება – „WinExport FORUM“, სადაც უცხოელი იმპორტიორები ქართულ მარნებს შეხვდებიან.
გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award, რომელშიც 200-მდე ღვინის ნიმუშია წარდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ღვინის ექსპერტებით. გამარჯვებულები 7 კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.
„WinExpo Georgia 2025“ თბილისის გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში 6-დან 8 ივნისის ჩათვლით იმართება.