აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

თესლბრუნვა, როგორც ბიოლოგიური ღონისძიება

სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ანეულების მეცნიერულად დასაბუთებულ მორიგეობას დროსა და სივრცეში (მინდვრებზე) თესლბრუნვა ეწოდება. თესლბრუნვა გულისხმობს მეურნეობის პერსპექტიული განვითარების გეგმის საფუძველზე დროისა და ტერიტორიის მიხედვით, კულტურათა მორიგეობის დადგენას, რასაც თან ახლავს ნიადაგის დამუშავებისა და განოყიერების შესაბამისი სისტემა.
თესლბრუნვაში მნიშვნელოვანია კულტურათა მონაცვლეობა, ვინაიდან ერთსა და იმავე ფართობზე ერთი სახის მცენარის ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში თესვა უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე, ისე ნიადაგის მდგომარეობაზე, საკვებ ნივთიერებებზე სპეციფიკური მოთხოვნილების გამო. მცენარეებს რამდენიმე წელი ნიადაგიდან მხოლოდ გარკვეული სახის ნივთიერებები გამოაქვთ და ნიადაგი იფიტება. ამასთან ნიადაგში და ნიადაგის ზედაპირზე ხდება კონკრეტული კულტურის დაავადებების გამომწვევისა და მავნებლების მოზამთრე ფორმების დაგროვება, რომლებიც შემდეგ წელს უფრო აქტიურად შეუტევენ იმავე კულტურას.

კულტურათა მონაცვლეობა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ საბაზრო ან საწარმოო მოთხოვნების გათვალისწინებით. თესლბრუნვის დაგეგმვისას საჭიროა მრავალი ფაქტორის კომპლექსურად გათვალისწინება, კერძოდ ადგილობრივი ნიადაგურ – კლიმატური პირობების, დასათესი კულტურის თავისებურებების, საქონლის საკვებზე მეურნეობის საჭიროების, მეურნეობის საწარმოო სიმძლავრეების, საბაზრო ასპექტების და სხვა.

თესლბრუნვა ანუ კულტურული მცენარეების მონაცვლეობით თესვა-მოყვანა სახნავ-სათეს ფართობზე უძველესი ცივილიზაციიდან მომდინარეობს. ძველ რომში მიაჩნდათ, რომ ნაყოფთცვლა ნიადაგის თავისებურ დასვენებას წარმოადგენს.

თესლბრუნვის მიზნებია: ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, ნიადაგის წინააღმდეგობის უნარის გაზრდა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ, სარეველების მიმართ მექანიკურ– ბიოლოგიური კონტროლის დონის ამაღლება, ნიადაგის გამდიდრება აზოტით (პარკოსნებით), ნიადაგის გაფხვიერება ინტენსიური ბიოლოგიური მეთოდით (ღრმა ფესვები), ნიადაგის გამდიდრება ჰუმუსით, ნიადაგის მინერალურ ნივთიერებათა მარაგის მობილიზება.

ნიადაგის ფორიანობაზე გავლენის მხრივ კულტურული მცენარეები შეიძლება დაიყოს სამ დიდ ჯგუფად:

  1. მცენარეები, რომლებიც ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს – რავალწლიანი პარკოსნები და მარცვლოვანი ბალახები;
  2. მცენარეები, რომლებიც ნიადაგის სტრუქტურისადმი ნეიტრალურია – კარტოფილი, შაქრისა და საკვები ჭარხალი, კომბოსტო;
  3. მცენარეები, რომლებიც ნიადაგის სტრუქტურას აუარესებს – ჭვავი, ქერი, ხორბალი, შვრია.

თესლბრუნვის თითეულ მინდორზე ითესება თითო კულტურა, უმეტესად მოკლე როტაციის ზოგიერთ თესლბრუნვაში, რაც რთული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და პროგრესული აგროტექნიკური წესების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ზოგჯერ ერთ მინდორზე ითესება ორი კულტურა, რომლებიც ხასიათდებიან გარემო პირობებისა და აგროტექნიკისადმი მსგავსი მოთხოვნილებებით. მინდორს, რომელზედაც ითესება ორი ან მეტი კულტურა შედგენილს ანუ ნაკრებ მინდორს უწოდებენ. თუ ესა თუ ის კულტურა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოიყვანება ერთსა და იმავე მინდორზე, მას უცვლელ კულტურას უწოდებენ, ხოლო თუ ეს კულტურა მეურნეობაში ერთადერთია – მონოკულტურას. ერთსა და იმავე მინდორზე არაუმეტეს რვა წლის განმავლობაში ზედიზედ მოსაყვან კულტურას განმეორებით კულტურას უწოდებენ. თესლბრუნვაში ჩაურთავ მინდორს, რომელზედაც მოიყვანება სასოფლო-სამეურნეო კულტურები, თესლბრუნვის გარეშე მინდორს უწოდებენ, ხოლო მინდორს, რომელიც დროებით გამოყოფილია კულტურათა საერთო მორიგეობიდან და დაკავებულია რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი და იგივე კულტურით, გამოყოფილი მინდორი ეწოდება. პერიოდს, რომლის განმავლობაში კულტურები და ანეულები გაივლიან მორიგეობას ყოველ მინდორზე თესლბრუნვის სქემით გათვალისწინებული თანმიმდევრობით თესლბრუნვის როტაცია ეწოდება. (როტაცია – ერთწლიანი ნასვენი).

კულტურათა მორიგეობის მეცნიერული საფუძვლები. თესლბრუნვის სწორი მორიგეობის დროს აკად. დ.პრიანიშნიკოვმა, მოსავლის ამაღლების მიზნით, გამოჰყო შემდეგი ძირითადი მიზეზები: ქიმიური მიზეზები. სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს მოითხოვს. მაგალითად მარცვლოვან კულტურებს მეტი რაოდენობით აზოტი და ფოსფორი ესაჭიროებათ, კარტოფილს, შაქრის ჭარხალს, ბოჭკოვან კულტურებს შედარებით მეტი კალიუმი. პარკოსანი ბალახები და სამარცვლე პარკოსნები ითვისებენ ბევრ კალიუმსა და ფოსფორს, ხოლო ფესვებზე განვითარებული კოჟრის ბაქტერიების საშუალებით ითვისებენ ჰაერის აზოტს და ამდიდრებენ ნიადაგს. ამიტომ მარცვლეული კულტურების მორიგეობა სათოხნ და პარკოსან კულტურებთან გამორიცხავს ნიადაგის ცალმხრივ გაღარიბებას საკვები ნივთიერებებით და უზრუნველყოფს ეფექტიანად გამოყენებული იქნას საკვები ელემენტების მარაგი. დადგენილია, რომ ნორმალური მოსავლის დროს ერთწლიანი პარკოსანი კულტურები – ლობიო, ბარდა, ცერცველა, ნიადაგში აგროვებენ 50-70კგ-ზე მეტ აზოტს ჰა-ზე, მრავალწლიანი პარკოსანი ბალახები- იონჯა, სამყურა, ესპარცეტი კი 120-150 კგ/ჰა-ზე.

თესლბრუნვა და აზოტის ბალანსი(კგ/ჰა)

კულტურები

აზოტიანი ნაერთები გამოსავალი

აზოტის დანაკარგები

სამყურა, იონჯა

400 200

30

საშემოდგომო ხორბალი შეთესვით 50 100 –

50 100

_

შვრია შეთესვით

70

60

კარტოფილი

100

პარკოსნები(საკვები მასა)

200

120

30

საგაზაფხულო ქერი  

50 –

_

ჭვავი შეთესვით

50

80

მცენარეები ხასიათდებიან საკვები ნივთიერებების შეთვისებისა და ნიადაგიდან გამოტანის სხვადასხვა უნარით, რაც დამოკიდებულია შესათვისებელი ელემენტების ნაერთების ფორმებზე, მცენარეთა ფესვების სიდიდეზე და სანაწვერალო ანარჩენების რაოდენობაზე. ყველაზე მეტ სანაწვერალო ანარჩენს იძლევა მრავალწლიანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახები, საშუალო რაოდენობით-მარცვლოვანი კულტურები და ყველაზე მცირეს-კარტოფილი და შაქრის ჭარხალი. მძლავრი და ღრმად მიმავალი ფესვების მქონე მცენარე ითვისებს წყალსა და მინერალური კვების ელემენტებს ნიადაგის უფრო ღრმა ფენიდან, რაც სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე მცენარეებისათვის მიუწვდომელია. სელისა და კარტოფილის ფესვები ჩადიან 0,8-1მ. სიღრმეზე, საშემოდგომო ხორბლისა და ჭვავის -1,5-1,6მ-ზე, სიმინდისა 2-2,5მ სიღრმეზე.

ფიზიკური მიზეზები. თესლბრუნვაში კულტურათა სწორი მორიგეობა ხელშემწყობად მოქმედებს ნიადაგის სტრუქტურაზე, სახნავი ფენის სიფხვიერეზე, მის ჰაეროვან და წყლის რეჟიმზე, ნიადაგის სიმტკიცეზე და მოცემული ფენის შენებაზე. კულტურათა მორიგეობისას დიდი მნიშვნელობა აქვს გათვალის წინებული იქნას კულტურათა მოთხოვნილება წყლისადმი, რადგანაც ზოგიერთი კულტურები მაგალითად, მრავალწლიანი ბალახები, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი, სუდანის ბალახი ძლიერ აშრობენ ნიადაგს, ამიტომ მათ შემდეგ არ შეიძლება ისეთი კულტურების გაშენება, რომლებიც ხასიათდებიან წყლისადმი გადიდებული მოთხოვნილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით წყლისადმი მოთხოვნილების კლებადი თანმიმდევრობით მინდვრის კულტურები შეიძლება განლაგდეს შემდეგი რიგით: მრავალწლიანი ბალახები – ერთწლიან პარკოსან მარცვლოვანთა ნარევები – საშემოდგომო კულტურები – სიმინდი – საგაზაფხულო მარცვლოვნები–კარტოფილი და ძირხვენები.

ბიოლოგიური მიზეზები. კულტურათა მორიგეობა სხვადასხვანაირად მოქმედებს სარეველების, მავნებლების და დაავადებების განვითარებაზე. ამიტომ კულტურათა მორიგეობით შესაძლებელია მიზანმიმართულად დაიგეგმოს მათთან ბრძოლის სტრატეგია. ფართოფოთლიანი, მაღალღეროიანი კულტურები (სიმინდი, მზესუმზირა) ჩრდილავს რა ნიადაგის ზედაპირს, ძლიერ თრგუნავს სარეველების განვითარებას, ვიდრე ვიწროფოთლიანი (შვრია, ქერი, ფეტვი) კულტურები, ამასთან სწრაფმოზარდი საშემოდგომო ჭვავი და ხორბალი უფრო ადვილად, ვიდრე საგაზაფხულო ხორბალი და ფეტვი. სათოხნი კულტურების მწკრივთაშორისების დამუშავებით მოყვანისას, სარეველა მცენარეთა განადგურების პირობები უმჯობესდება მარცვლეულისა და სხვა კულტურების მთლიან ნათესებთან შედარებით. ამრიგად, სარეველებთან ბრძოლა ადვილია თუ სწორადაა დაგეგმილი საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების მორიგეობა: მარცვლეული კულტურების სათოხნ კულტურებთან ან სამარცვლე პარკოსნებთან, ვიწროფოთლიანი კულტურების ფართოფოთლიანებთან. ყველაზე მეტად სარეველები ნადგურდება სუფთა ანეულზე.

კულტურათა განმეორებით და ზედიზედ თესვისას ხელშემწყობი პირობები იქმნება მავნებლების გასავრცელებლად.

მაგალითად შაქრის ჭარხალზე გაძლიერებულად ვითარდება ჭარხლის ცხვირგრძელა, ფესვის ტილი და ნემატოდები, პარკოსან კულტურებზე კოჟრების ცხვირგრძელები. საშემოდგომო ხორბლის ზედიზედ თესვისას სწრაფად გავრცელების პირობები ექმნებათ პურის ბზუალებს, ხორბლის ხერხიებს.

ეკონომიკური მიზეზები. კულტურათა მორიგეობა მიზანშეწონილია შრომისა და ტექნიკური საშუალებების რაციონალურად გამოყენებისას, რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა ვადაში დასათესი და ასაღები კულტურები ან ჯიშები. ეკონომიკურად ხელსაყრელია თესლბრუნვების სპეციალიზირება, რომელშიც მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს წამყვანი კულტურების წილი. ასეთ თესლბრუნვებში მარცვლოვან კულტურებს შეიძლება ეკავოს 50-60%. თესლბრუნვების სპეციალიზაცია ამაღლებს მემცენა– რეობის პროდუქციის წარმოებას, ზრდის კაპიტალ დაბანდებათა ეფექტიანობას, ამცირებს შრომით და მატერიალურ დანახარჯებს.

ნ. ნაკაშიძე დ. ჯაში

ორგანული სოფლის მეურნეობა