აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფრინველეობა

თეთრი ფართომკერდა ინდაური

ინდაური ზოოლოგიური კლასიფიკაციით მიეკუთვნება ქათმისნაირთა რიგს, ინდაურისებრთა ოჯახს  და სახეობას ინდაური.
ინდაური ყველაზე მსხვილი სასოფლო სამეურნეო ფრინველია და ხასიათდება სწრაფი ზრდით, ხორცის მაღალი კვებითი და საგემოვნო თვისებებით.

მოთხოვნილების შესაბამისად არჩევენ სამი ტიპის ინდაურს: მსუბუქ, საშუალო და მძიმე ჯიშებს. მათ შორის განსხვავება არის ცოცხალი მასით. სხეულის აღნაგობა გამოხატულია მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით.

ინდაურში გამოკვეთილია სქესობრივი დიმორფიზმი ცოცხალი მასით. მამლები ორჯერ მძიმეები არიან დედლებზე. ხასიათდებიან დაბალი კვერცხმდებლებით და აღწარმოებით კვერცხდების თითოეულ ციკლზე; თავი გრძელი და მსხვილი აქვთ, თავი და კისრის ზედა ნაწილი ნაოჭიანი და ხორციანი წამონაზარდებით გამოირჩევა, რომელიც მშვიდ მდგომარეობაში ყოფნისას მუქი წითელია, ხოლო გაღიზიანებისას ლურჯდება; ნისკარტი გრძელი და მაგარია, რომლის ზედა ნაწილში მამრებისთვის დამახასიათებელია ხორთუმი; კისერი გრძელი და უკან გადახრილია; მკერდი განიერი და მომრგვალებული. მკერდზე აქვს შავი, უხეში ბუმბულის კონა, ფრთები გრძელი და მძლავრია, ზურგი – განიერი და გრძელი. ბუმბულის შეფერილობა სხვადასხვაა.

არსებობს ინდაურის ორი სახეობა: იუკატანის (Agriochirisoccelata) და ჩრდილო-ამერიკული (Melleagris gallopavo).

იუკატანის ინდაური გვხვდება მექსიკაში. გამოირჩევა იმით, რომ ამ სახეობისათვის დამახასიათებელია ფუნჯი, ღია ფერის შებუმბვლით, ბოლოებზე არშიებით, ბრინჯაოსფერი ელვარებით. ეს სახეობა არ შინაურდება.

შინაური ინდაურის ჯიშები მიეკუთვნება ჩრდილო-ამერიკული ინდაურის სახეობას.  იგი წარმოიშვა ორი სხვადასხვა ქვესახეობის – სამხრეთ და ჩრდილო-ამერიკული ინდაურებისგან. ჯერ კიდევ ამერიკის აღმოჩენამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიშინაურა იგი. სამხრეთული ქვესახეობა პატარაა, ხოლო ჩრდილო-ამერიკული – ბრინჯაოსფერია და მსხვილი.

ამჟამად გამოყვანილია ინდაურის მაღალპროდუქტიული კროსები, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამრეწველო წარმოებაში. მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების მიღების მიზნით შექმნილია სპეციალიზებული შეხამებული ხაზები, რამაც ხელი შეუწყო მეინდაურეობის მაღალრენტაბელურ სპეციალიზებულ დარგად ჩამოყალიბებას.

ინდაურის ჯიშებს შორის ჭუკ-ბროილერების  მისაღებად დიდი  გავრცელება პოვა თეთრმა ფართომკერდა                  ინდაურმა.

თეთრი ფართომკერდა ინდაური გამოყვანილია თეთრი ჰოლანდიური და ინგლისური ინდაურის შეჯვარებით. ახასიათებს ხორცის საუკეთესო ხარისხი. ამ ჯიშის დედლების საშუალო ცოცხალი მასა 7,5-8,0 კგ-ია, მამლებისა – 13,0-14,0 კგ.  კვერცხმდებლობა – 80-90 ცალი.  განაყოფიერება – 85-90%. მოზარდის გამოჩეკა ჩაწყობილი კვერცხიდან 60-75%-ია, ნაკლავის გამოსავლიანობა – 84%.

ამჟამად ფართო გავრცელება პოვა ინგლისური ფირმა “რივერრესტში” გამოყვანილმა სამ-ოთხ ხაზიანი კროსის  ინდაურებმა (მსუბუქი, საშუალო, მძიმე).

მსუბუქი „კროსი 639“  – გათვალისწინებულია ისეთი ჰიბრიდების მისაღებად, რომელთაც სახორცედ ზრდიან 12 კვირის  ასაკამდე, საბოლოო ცოცხალი მასით 2,5 კგ-მდე (1 კგ ცოცხალ მასაზე 2,6 კგ საკვების დანახარჯით). 17 კვირიანი ასაკის ინდაურის გამოზრდისას ჰიბრიდების საშუალო ცოცხალი მასა 5,3 კგ-ს აღწევს, საკვების დანახარჯი 1 კგ-ზე 3-3,1 კგ-ია.

ორი ტიპობრივი ხაზიდან დედისეული ფორმა მაღალნაყოფიერებით გამოირჩევა, ამ ხაზის კვერცხმდებლობა 21 კვირის  ასაკში შეადგენს 75-80 ცალს, ჭუკების გამოჩეკა – 65-70%-ს. მამისეული ფორმა  გამოირჩევა დიდი ცოცხალი მასით, მაგრამ  დაბალი ნაყოფიერებით. მამლების ცოცხალი მასა 17 კვირის ასაკში შეადგენს საშუალოდ 8,6, ხოლო დედლების – 6 კგ-ს.  კვერცხმდებლობა ხუთი თვის განმავლობაში – 40-50 ცალია, ჭუკების გამოჩეკა – 50-55%. ამ კროსის ინდაურები  კარგად ეგუებიან გალიურ გამოზრდას.

საშუალო „კროსი 630“ – გათვლისწინებულია ისეთი ჰიბრიდების მისაღებად, რომელთა გამოზრდას ესაჭიროება:  დედლებისას – 13-16 კვირა, მამლებისას – 16-18. 13 კვირის ასაკში დედლების საშუალო ცოცხალი მასა 3,6 კგ-ს შეადგენს,  ხოლო მამლების – 4,5 კგ-ს, 16 კვირის ასაკში კი  – 4,5 კგ-ს დედლების და 6,4 კგ-ს მამლების. საკვების დანახარჯი 1 კგ. ცოცხალ მასაზე შეადგენს 2,4-2,7 კგ-ს.

მამისეული ფორმა შედგება იმავე ხაზებისაგან, როგორც მსუბუქ კროსში. დედისეული ფორმის ხაზები გამოირჩევიან შედარებით მაღალნაყოფიერებითა და ცოცხალი მასით. 13 კვირის ასაკში მამლის ცოცხალი მასაა 4,1 კგ, დედლის – 2,9 კგ. 17 კვირის  ასაკში შესაბამისად – 6,5 და 4,3 კგ. კვერცხმდებლობა 5 თვის განმავლობაში 70-73 ცალია, ჭუკების გამოჩეკა – 60-65%.

მძიმე „კროსი 350“ გათვალისწინებულია საკლავად ვარგისი ჰიბრიდების მისაღებად. მამლების გამოზრდას ესაჭიროება 18-25  კვირა, დედლებისას – 14. 20 კვირის მამლის ცოცხალი მასა შეადგენს 10 კგ-ს, დედლისა – 7 კგ-ს. საკვების დანახარჯი 1 კგ. ცოცხალ მასაზე 2,9-3,3 კგ-ია. 17 კვირიანი ჰიბრიდების საშუალო ცოცხალი მასა 7,6 კგ-ია, გამოზრდა – 90-93%.

ამ კროსის ყველა ხაზი დიდი ცოცხალი მასით, მაგრამ დაბალნაყოფიერებით აღინიშნება. 30 კვირის ასაკში მამლის  ცოცხალი მასა 16-17 კგ-ს შეადგენს, დედლისა – 9-10 კგ-ს, კვერცხმდებლობა – 49-55 ცალს;  ჭუკების გამოჩეკა – 45-50%-ია.

ინგლისური კროსი „ხიდონი” თეთრი, ფართომკერდა ჯიშის კროსია, გათვალისწინებულია ოთხხაზიანი ჰიბრიდების მისაღებად: 14 კვირის ასაკში დედლის ცოცხალი  მასა შეადგენს 4,1 კგ-ს, 2,4 კგ საკვების დანახარჯით, ხოლო 20-24 კვირის ასაკში  მამლის ცოცხალი მასა 8,9-11 კგ-ია, 1 კგ ცოცხალ მასაზე 2,9-3,3 კგ საკვების დანახარჯით.

მამისეული ხაზის დედლები და მამლები გამოირჩევიან დიდი ცოცხალი წონით, შესანიშნავი სახორცე ფორმით,   დაბალნაყოფიერებით; ხოლო დედისეული ფორმის ინდაურებს აქვთ ნაკლები ცოცხალი მასა, გამოირჩევიან კარგი   კვერცხმდებლობით, განაყოფიერებისა და ჩეკის მაღალუნარიანობით.

სადედე გუნდის კვერცხმდებლობა 5 თვეში შეადგენს 90-93 ცალს, კვერცხის განაყოფიერება 86%-ია, ხოლო გამოჩეკა – 72%.  სადედე გუნდი კარგად იტანს გალიური შენახვის პირობებს.

სახორცედ იყენებენ ჰიბრიდული ინდაურის ჭუკებს. ინკუბატორში გამოჩეკიდან 8 საათის შემდეგ კონდიციურ ჭუკს, რომლის ცოცხალი მასა არ უნდა იყოს 48 -ზე ნაკლები, გამოზრდაზე აყენებენ.

საფრინველის სიგანე უნდა იყოს 12 ან 18 მ, სიგრძე 72, 84 ან 96 მ. იატაკი აუცილებელია იყოს მყარი, ძირითადად გამოიყენება  ბეტონი, რომელიც გამძლეა, ადვილია გასარეცხად და დეზინფექციისათვის.

ცნობილია, რომ ახალგამოჩეკილი ინდაური ძალიან მომთხოვნია მაღალი ტემპერატურის (+35-37 0C) მიმართ, რაც იწვევს  დიდ დანახარჯებს გათბობაზე. ამიტომაც ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, ინდაურს ზრდიან სპეციალურ საფრინველეში, სადაც დასმის სიმჭიდროვე გაზრდილია ორჯერ და მეტად, ვიდრე ერთ შენობაში მთელი ციკლის (გამოჩეკიდან დაკვლამდე) განმავლობაში.

სახორცე ჭუკების შესანახად ფართოდ იყენებენ კომბინირებულ გამოზრდას 8 კვირამდე გალიაში, შემდეგ დაკვლამდე – ღრმა  საფენზე. დაკვლის ოპტიმალური ასაკი მამლებისათვის 16 კვირაა, დედლებისათვის – 23 კვირა.

ამჟამად სახორცე ინდაურების შენახვის უფრო გავრცელებული მეთოდია – ღრმა საფენზე,  ან მავთულბადიან იატაკზე შენახვა. საფრინველეს ყოფენ სექციებად, თითოეულ სექციაში – 250 ფრთა. მავთულბადიან ტიხარს აკეთებენ ჭერამდე. საფენს ყრიან მშრალ და მყარ იატაკზე 15 სმ-ის სიმაღლეზე. საფენის ხარჯი ერთ ფრთაზე 16 კვირის ასაკამდე 4,6 კგ-ია, 23 კვირამდე – 5,7 კგ. სასაკლაოზე ინდაურის ჩაბარების შემდეგ საფენს მთლიანად ცვლიან. დასმის სიმჭიდროვე 1მ2 იატაკის  ფართობზე  16 კვირის ასაკამდე მამლებისათვის 4,7 ფრთაა, ხოლო დედლებისათვის, რომლებსაც ზრდიან 23 კვირამდე – 2,8 ფრთა. საკვების ფრონტი: ბუნკერული საკვებურიდან -4 სმ, ნებაზე კვებისას გაშლილი საკვებურიდან – 5 სმ, დაწყურვების ფრონტი – 2 სმ.

ინდაურის სახორცედ გამოზრდა 9-დან 23 კვირის ასაკამდე მავთულბადიან იატაკზე კარგ შედეგს იძლევა. მისი  უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: ფრინველი კონტაქტში არ არის ნაკელთან, რაც საფენის ეკონომიაა; დასმის სიმჭიდროვე ღრმა საფენთან შედარებით 1,5 ჯერ იზრდება. მავთულბადის მოწყობა ხდება შემდეგნაირად: საფრინველეში ამონტაჟებენ  მავთულბადეს ზომით 24X49X3(4) მმ. მავთულბადის ქვეშ მოთავსებულია ფხეკია ტრანსპორტიორი  ნაკელის  გასატანად. სანაკელე ორმო დახრილია საკანალიზაციო ხვრელებისაკენ, სადაც ჩაედინება ნარეცხი წყალი. იატაკი შედგება რამდენიმე ჩარჩოსაგან, რომლის ზომაა 2,0X1,2 მ. იატაკი დაყოფილია სექციებად, თითოეულ სექციაში ნაცვლად 250 ინდაურისა, ათავსებენ 500 ფრთას. სულადობის გაზრდის (1,5 ჯერ) გამო, აუცილებელია სავენტილაციო სისტემის სწორი გაანგარიშება.

მსოფლიო მეინდაურეობის პრაქტიკაში ამ ბოლო წლებში ფართოდ დაინერგა სექსგანცალკევებით სახორცე ინდაურების  გამოზრდა. მისი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: იზრდება მოზარდის შენარჩუნება და ცოცხალი მასა, მცირდება ძვირადღირებული და დეფიციტური ცილოვანი საკვების ხარჯი, იზრდება ხორცის ხარისხი და მცირდება პროდუქციის თვითღირებულება.

ერთდღიან ასაკში აწარმოებენ სქესზე დახარისხებას, რომლის სიზუსტე 90%-ია. ერთი ოპერატორი 800  ფრთას ახარისხებს ერთ საათში. გალიური შენახვისას 8 კვირის ასაკამდე არ არის აუცილებელი დასმის სიმჭიდროვის, კვების და  დაწყურვების ფრონტის დიფერენციაცია, რადგანაც ზრდის ტემპში დიდი ცვლილებები არ არის. ღრმა საფენზე  შენახვისას  საშუალო კროსის ნორმატივები მამლისთვის და დედლისთვის შესაბამისად უნდა იყოს: დასმის სიმჭიდროვე 4,0 და 6,0 ფრთა 1მ2-ზე,  კვების ფრონტი – 4,5 და 3,5 სმ. დაწყურვების 2,3 და 1,7. მძიმე კროსებისთვის სასურველია ეს ნორმატივი გაიზარდოს 1/4-ით.

სახორცე ინდაურებისთვის, გარდა სინათლის რეჟიმისა, ყველა ნორმატივი სარემონტო მოზარდის გამოზრდის ანალოგიურია. სინათლის რეჟიმი სახორცე ინდაურისათვის ასეთია:

უკანასკნელ წლებში დაინერგა სახორცე ინდაურის გამოზრდისას სინათლის წყვეტილი რეჟიმი. მორიგეობით 1 სთ განათება და 2 სთ ჩაბნელება (1 : 2 ), განათების საერთო ხანგრძლივობა 8 სთ შეადგენს. წყვეტილ განათებას ტრადიციულთან შედარებით აქვს შემდეგი უპირატესობა: იზრდება მოზარდის ცოცხალი მასა 7-10%-ით, მცირდება საკვების დანახარჯი 6-8%-ით, ხოლო პროდუქციის  თვითღირებულება – 12%-ით მცირდება.

პირველ სამ დღეს ჭუკებს კვებავენ სტარტისწინა (ნულოვანი) საკვებით (60% სიმინდი, 27% ხორბალი, 10% სოის შროტი, 30% მშრალი რძის ფხვნილი). კარგ შედეგს იძლევა გრანულირებული კომბინირებული საკვები ზომით: 4 კვირამდე ინდაურების ჭუკებისათვის – 1,5-2 მმ; 4 კვირიდან 8 კვირამდე – 3 მმ; 8 კვირაზე ზევით – 3,5-4,5 მმ.

სხვა სახეობის ფრინველებთან შედარებით, ინდაურებს მეტი მოთხოვნილება აქვთ სრულფასოვან პროტეინზე და ვიტამინებზე. ამასთან, ზრდასრულ ინდაურს ესაჭიროება მეტი ცინკი, ხოლო მოზარდებს ძალიან მცირე რაოდენობით – კალიუმის პერმანგანატი. კომბინირებულ საკვებში შემავალი ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი.

ზრდასრული ინდაურის კომბინირებულ საკვებში ცხოველური ცილა ნედლი პროტეინის საერთო რაოდენობიდან 30 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ულუფაში შეიძლება ჩავრთოთ 6 % თევზის და 5 % ძვალ-ხორცის ფქვილი.  მცენარეული ცილოვანი საკვებიდან ულუფაში შეაქვთ 1-2 სახის შროტი ან კოპტონი, ბარდის ან სოიას ფქვილი და ჰიდროლიზებული  საფუარი, მარცვლოვანი საკვები (მათ შორის, მარცვლოვან-პარკოსანი) ულუფაში 45-80 % შეადგენს. აუცილებელი ენერგეტიკული დონის უზრუნველსაყოფად კომბინირებულ საკვებში უნდა ჩავრთოთ 1-3 % საკვები ცხიმი. მინერალური საკვები (ცარცი, ნიჟარა, ფოსფატი, მარილი) ულუფაში უნდა შეადგენდეს 3,5-4,5%-ს.

უნდა აღინიშნოს, ინდაურის კვების ერთ-ერთი თავისებურება, კერძოდ, სეირანული შენახვისას,  ინდაური იღებს  დღეში 400 -ზე მეტ მწვანე მასას. ინტენსიური შენახვისას ინდაურს უნდა მიეცეს ბალახის ფქვილი 40-50  ერთ ფრთაზე დღეში.

ზრდასრული ინდაურებისთვის გათვალისწინებული კომბინირებული საკვების შემადგენლობაში შედის იგივე საკვები ნივთიერებები, რაც სხვა ფრინველთა კომბინირებულ საკვებში, თუმცა ინდაურის ინტენსიური ზრდისა და შენარჩუნებისათვის  საჭიროა მეტი ცილოვან-ვიტამინიანი საკვები.

ამ ფრინველს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი მოსახლეობისათვის, რადგანაც ტრადიციული ეროვნული კერძი – საცივი ყველაზე კარგად სწორედ მისგან მზადდება. ფერმერი,  რომელიც დაინტერესდება ინდაურის მოშენებით, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ბაზრის მოთხოვნა. ზაფხულის თვეებში ინდაურის ხორცი ძნელად იყიდება, საახალწლოდ კი, პირიქით, მასზე დიდი  მოთხოვნილებაა, ამიტომაც თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროს. თავდაპირველად მან ადრე შემოდგომით სადედე გუნდი უნდა დააკომპლექტოს გაზაფხულზე გამოჩეკილი მოზარდეულით, რომ ადრე  გაზაფხულზე საინკუბაციო კვერცხი ჰქონდეს. გაზაფხულზე ინდაურის ჭუკები ადვილად იზრდებიან, რადგან ამ დროს მათი ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე სასურველი ბუნებრივი პირობებია. მოდის მწვანე ბალახი, იღვიძებს უამრავი მწერი, ნიადაგი სავსეა ჭიებით, ჭუპრით, ლოკოკინებით, ამასთან ინდაური საკვებად წარმატებით იყენებს კარტოფილის მავნებლებს (კოლორადოს ხოჭო).

ამგვარად, ბუნებრივი გზით მოზარდეული იღებს ცხოველურ ცილებს, რაც ასე აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. სადედე გუნდს მეორედ აკომპლექტებენ გაზაფხულზე – შემოდგომით  გამოჩეკილი მოზარდეულით.  შემოდგომითაც ადვილდება ჭუკების გამოზრდა, თუ გამოვიყენებთ მოსავლის აღების შემდეგ ნათესს. ნაწვერალზე ინდაური კენკავს ნიადაგში ჩაპნეულ მარცვალს, რაც საკვების დიდ ეკონომიას გვაძლევს. 45-60 დღის ასაკიდან,  საძოვარზე  გაყვანისას, მოზარდეულს დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ – ღამით აძლევენ საკვებს.

ინდაური კვერცხის დებას იწყებს 6 თვის ასაკიდან. თუ მარტის თვეში გამოვაჩეკინებთ ჭუკებს, მოზარდეული კვერცხდებას  დაიწყებს სექტემბრის თვეში, რაც გაგრძელდება 3-4 თვეს; ზამთარში კვერცხდება წყდება და გაზაფხულზე ისევ ახლდება – თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე, ე.ი. 5 თვე.  შემდეგ კვერცხმდებლობა მცირდება და ფრინველის შენახვა  არარენტაბელურია.

ზრდასრული ინდაურის შენახვა მომგებიანია იაფი მასალისაგან დამზადებულ ხის ფარდულებში, რომელთაც აგებენ თბილ კლიმატურ ზონებში. ასეთი შენახვა წარმატებით გამოიყენება აშშ-ს თბილ შტატებში. საფრინველეში უგია საფენი, 1მ2-ზე  დასმის სიმჭიდროვე 2 ფრთაა. საფენი წელიწადში ერთხელ იცვლება, როცა შენობას გავათავისუფლებთ. წელიწადში ერთ ფრთაზე იხარჯება 30 კგ. საფენი.

ინდაურები მთელი დღე იმყოფებიან ეზოში, სადაც მოწყობილია საკვებური, საწყურვებელი, ღამით ისინი შეჰყავთ  ფარდულებში, რომლებსაც ირგვლივ მავთულბადე არტყია.

სასურველია, სეირანზე იყოს ხეები, განსაკუთრებით სასარგებლოა თუთის ხეები, რადგანაც ინდაური საკვებად  იყენებს  თუთას, რაც საუკეთესო მცენარეული ცილის წყაროა. თუ სეირანზე ხეები არ არის დარგული,  მაშინ საჭიროა  მოეწყოს ხელოვნური საჩრდილობლები.

ოთხი თვის ასაკიდან აუცილებელია დედლებისა და მამლების ცალ-ცალკე შენახვა. ღრმა საფენზე შენახვისას მამლებს  ათავსებენ სექციაში – 1მ2-ზე ერთ ფრთას. თითო სექციაში ჰყავთ 15-20 მამალი. სადედე გუნდის დაკომპლექტებისას ერთ მამალზე უშვებენ 10 დედალს. ზედმეტ მამლებს სახორცედ იყენებენ.

ინდაურის კვება განსხვავებულია ქათმისაგან, რადგანაც ინდაურის ჭუკი მოითხოვს მეტ ცილოვან საკვებს. პირველ ორ დღეს მათ აძლევენ წვრილად დაღერღილ მარცვალს, რომელსაც ურევენ მაგრად მოხარშულ გახეხილ კვერცხს. მარცვლის ღერღილი უნდა იყოს კვერცხის მასის 1/4. ინდაურს აუცილებელია მიეცეს ქვიშა, რომლის ნაწილაკის ზომა იქნება 0,5-0,8 სმ.  პირველ კვირას ყოველ 100 ჭუკზე აძლევენ 400-500  ქვიშას, 2-8 კვირამდე შესაბამისად – 900 -ს, 8-13 კვირიდან – 1,5 კგ-ს. სეირანული  შენახვისას ფრინველი თვითონ მოიპოვებს ეზოში გაბნეულ სილას, ქვიშას და სხვა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინდაურის მოშენება საკმაოდ რენტაბელური და სარფიანი საქმეა, მაგრამ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ტრადიციული მიდგომა ამ ფრინველისადმი და შესაბამისად, სეზონური მოთხოვნები.

კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი