თევზის სხეულის აგებულება
თევზის სხეული შედგება ძირითად 3 ნაწილებისგან: თავი, ტანი და კუდი.
სხეულის ამ ნაწილებს შორის მკვეთრად გამოხატული საზღვრები არ შეინიშნება. თავი თანდათან გადადის ტანში, გამყოფად მიიჩნევა ლაყუჩების სარქველის უკანა წიბო. ტანი უშუალოდ უერთდება კუდს, ტანის და კუდის საზღვარს ანალური ხვრელი წარმოადგენს. კუდის დაბოლოებად გვევლინება კუდის ფარფლის დასაწყისი.
თევზის სიგრძის გაზომვისას განასხვავებენ ბიოლოგიურ სიგრძეს, იზომება დახურული პირიდან კუდის ფარფლის ბოლომდე.
სარეწაო სიგრძე პირიდან – კუდის შუაგულამდე და სხეულის ზომა – პირიდან ქერცლის საფარის ბოლომდე. ნახ.2. თევზის სხეულის გაზომვა გამოიყენება თევზების ექსტერიერისა, ნასუქობისა და ზრდის ტემპის გარკვევისათვის; ასევე აღწარმოებაში გამოსაყენებელი მწარმოებლებისა და სანაშენე მოზარდის შერჩევაში; სახეობების და ქვესახეობების განსაზღვრაში, თევზჭერაში საჭერი ინვენტარის შერჩევაში და ა. შ.
თევზების უმრავლესი სახეობებისათვის დამახასიათებელია წაკვეთილი კონუსის ფორმის თავი, თუმცა გვხდება სხვა ფორმის თავებიანი თევზებიც.
მაგალითად ზედა ყბის წამონაზარდისაგან წარმოქმნილი ხმალთევზას თავი, ნიჩაბცხვირა თავი, ჩაქუჩისებრი და ა. შ. თავის არეში განთავსებულია თვალები, ნესტოები, ლაყუჩის სარქველი, და პირი, ზოგიერთ შემთხვევაში ულვაშებით. პირის ღრუს აგებულება და მისი განლაგება, უშუალოდ არის დამოკიდებული სახეობის კვების ხასიათზე.
თევზის პირს განლაგების მიხედვით ასხვავებენ ზედას (პლანქტოფაგი), პირდაპირს (მტაცებლები) და ქვედა (ბენტოფაგები), ასევე გვხდება პირი შუალედური განლაგებით ნახევრად ზედა და ნახევრად ქვედა და გამოწევადი პირი (კობრისნაირები, ზუთხები). წყალში გადასაადგილებლად და მანევრირებისათვის თევზებს, კუდის არესა და ტანზე გააჩნიათ ფარფლები. ფარფლები შედგებიან ძლოვან სხივებზე გადაჭიმული კანისაგან.
ძლოვანი სხივები ფუძით ჩამაგრებულნი არიან სხეულის კუნთებში და საჭიროების შემთხვევაში შესწევთ უნარი დახურვა – გაშლისა. ასხვავებენ წყვილ და მარტოხელა ფარფლებს, წყვილ ფარფლებს წარმოადგენენ მკერდის (ლაყუჩების) და მუცლის ფარლები, მარტოხელებს ანალური, კუდის და ზურგის. ზოგიერთ თევზებში (ორაგულები, ხარაცინიდები და ა. შ. ) ზურგის ფარფლის შემდგომ არსებობს კიდევ ერთი ფარფლი ე. წ. ცხიმოვანი.
თევზი კუდის ფარფლს იყენებს, როგორც პირდაპირ და უკუმოძრაობისათვის, ასევე მოხვევისათვის. მანევრებშივე გამოიყენება, მკერდის და მუცლს წყვილი ფარფლები.
ზურგის და ანალური ფარფლები, გემის კილის მსგავსად წონასწორობის შესანარჩუნებლად გამოიყენებიან. ამათუიმ სახეობის ცხოვრების ნირიდან და გარემო პირობებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახეობებში ვხდებით ზოგიერთი ფარფლების სახეცვლილებებს ან ისინი შეიძლება ატროფირებულიც იყვნენ.
თევზებს სხეული დაფარული აქვთ ქერცლით, თუმცა არსებობენ გამონაკლისები, რომელთა სხეული დაფარულია კანით (ჩვ. ლოქო, ღორჯო და ა.შ.). ქერცლი წარმოადგენს კანის წარმონაქმნს ის იცავს სხეულს, როგორც მექანიკური დაზიანებებისგან, ასევი პატოგენური ორგანიზმების სხეულში შეღწევისაგან. ასხვავებენ ქერცლის 4 ფორმას. ძვლოვანი თევზებისათვის დამახასიათებელია ციკლოიდური და კტენოიდური ქერცლი. ქერცლის მეშვეობით შესაძლებელია თევზის ასაკის და ზომის დადგენა.
ქერცლის ზედა ფენა მინისებრ მასას მოგვაგონებს, ხოლო ქვედა ბოჩკოვანია. თითოეული ქერცლი თავის ძირით ჩამაგრებულია კანში და შიფერის მსგავსადაა დალაგებული კანის ზედაპირზე.
ცნობილი, გამოთქმა: „თევზივით სლიპინა“. იგულისხმება თევზების კანის უნარი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფისა. ლორწო, გარდა იმისა, რომ ამცირებს ხახუნის ძალას თევზის სხეულსა და წყალს შორის, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, უშლის ორგანიზმში პატოგენური ორგანიზმების შეღწევას. ოფლის მსგავსად ორგანიზმიდან გამოყავს მავნე ნივთიერებები, ახდენს ორგანიზმში წყლის და მარილების რეგულირებას, იცავს ორგანიზმს წყალში გახსნილი შეტივტივებული ნაწილაკებისაგან, გამოყოფს სახეობისთვის დამახასიათებელ სურნელს.
თევზების კანი ორი ნაწილისაგან შედგება. გარეკანი – ეპიდერმისი და უშუალოდ კანი. კანშივეა განთავსებული პიგმენტური უჯრედები _ ქრომატოფორები. მათი გაფართოების შედეგად, თევზების შეფერილობა ხდება უფრო ინტენსიური და პირიქით.
ქრომატოფორების რაოდენობაზე და შეფერილობაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ თევზის საერთო შეფერილობა. თევზებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ქერცლი (ლოქო, გუწუ, ხრიკულა და ა.შ.) გამოყოფენ ბევრად მეტ ლორწოს, ვიდრე თევზები კარგი ქერცლოვანი საფარველით(ორაგულები, ქორჭილები).
კანშივეა განთავსებული შხამიანი თევზებისათვის დამახასიათებელი შხამის გამომყოფი ჯირკვლები. ღრმა წყლის ბინადრების კანში განთავსებულია მანათობელი ორგანოები.
ჩონჩხი და კუნთოვანი ქსოვილები
თევზებში ჩონჩხი, კუნთებთან ერთად, ასრულებს საყრდენის, გადადგილების, სხეულის დამცველისა და ფორმის შენარჩუნების ფუნქციებს. თევზების ჩონჩხი შედგება გარეგანი და შინაგანი ჩონჩხისგან. გარეგანი ჩონჩხი (თუ ის არსებობს), ყოველთვის ძვლოვანია, წარმოდგენილია ქერცლის სახით. ხრტილოვან თევზებს, გარეგანი ჩონჩხი არ გააჩნიათ.
ზუთხისებრთა გარეგანი ჩონჩხი აგებულების სირთულით გამოირჩევა. შინაგან ჩონჩხში ასხვავებენ შემდეგ ნაწილებს: ღერძული, თავის ქალის, ფარფლების და წყვილი ფარლების ჩონჩხი.
თევზების უმრავლესობაში, ღერძულა ჩონჩხში, სალამურისებრებში, ხტილოვანებში და ზუთხისებრებში ხერხემალი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს ქორდის ფორმას, მათში არ ხდება მალების წარმოქმნა. სხვა თევზებს ქორდა უნვითარდებათ, მხოლოდ ადრეულ ასაკში, შემდგომში თანდათან ხდება მალების წარმოშობა. ე.ი ძვლოვან თევზებში, წარმოიქმნება ხერხემალი.
ძლოვანი თევზების ხერხემალი შედგება ორი ნაწილისგან ტორსის ნეკნიანი მალებისაგან და კუდის უნეკნო მალებისგან. იგი შედგება ცალკეული არა-შეზრდილი მალებისგან. თევზების ხერხემლის მალები ამფიცელურია (ანუ მათი ორივე ბოლოს ზედაპირები ჩაზნექილია), მალებს შორის მდებარეობს ხრტილოვანი ფენა; ნერვული რკალები მდებარეობს ხერხემლის სხეულების თავზე და ქმნიან ხერხემლის არხს, რომელიც იცავს ზურგის ტვინს. ტორსში მდებარე მალებიდან გვერდიდან გამოდის ნეკნების წანაზარდები, რომლებსაც ემაგრდება ნეკნები. ხერხემლის კუდის ნაწილში მალებზე წანაზარდები არ არის, მაგრამ ნერვული რკალის გარდა, არსებობს სისხლძარღვოვანი (ჰემური) რკალი, რომელიც ემაგრება ხერხემალს ქვემოდან და იცავს მასში გამავალ დიდ სისხლძარღვს – მუცლის აორტას. ნერვული და ჰემური რკალებიდან ვერტიკალურად ზემოთ და ქვემოთ გამოდის წვეტიანი ძვლოვანი მორჩები.
თევზების თავის ქალა რთული აგებულებისაა და შედგება 40–ზე მეტი ძვლოვანი ნაწილისაგან, რომლებიც შეიძლება მოძრაობდნენ დამოუკიდებლად. ეს საშუალებას აძლევს თევზებს გამოწიონ ყბა, გაშალონყბები გვერდებზე, დაუშვან ლაყუჩოვანი აპარატი და პირის ღრუს ძირი. ძვლოვანი ნაწილაკები ერთმანეთან დაკავშირებულები არიან ხტილით.
ძვალოვანი და ხრტილოვანი კლასების თევზებში ყბები ევოლუციურად ჩამოყალიბდა მესამე წყვილი ლაყუჩების რკალებიდან (რაც დასტურდება მაგალითად, ზვიგენებში პირველი ორი წყვილი რკალის რუდიმენტებით – ე.წ. ტუჩის ხრტილებით). ძვლიან თევზებში ყბები ატარებენ კბილების მთავარ ჯგუფებს წინაყბაზე (premaxilla) და ზედა ყბის ძვალზე (maxilla) (ზედა ყბა), dentale და articulare-ზე (ქვედა ყბა). რამდენიმე სპეციალიზებული ჯგუფების ძვლებით ყალიბდება პირის ღრუს ძირი და აერთიანებენ ყბებს თავის ქალას სხვა ელემენტებთან. ყველაზე როსტრალურად (წინ) მდებარე ჰიოიდური რკალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ღრუს მოცულობის ცვლილებისას. მას მოსდევს ლაყუჩების რკალები, რომლებიც ასრულებენ ლაყუჩების სასუნთქ სტრუქტურებს, და ყველაზე კაუდალურად განლაგებულია ე.წ. ხახის ყბები, რომლებიც ასევე შეიძლება ატარებდეს კბილებსაც.კვებისას კუნთები, რომლებიც ქვევით სწევს ქვედაყბის კომპლექსს, გადაანაცვლებს ამ კომპლექსს ისე, რომ ყბა წინ გამოიწევა. ამავე დროს პირის ღრუში წარმოიშობა შემწოვი ძალა პირის ძირის დაწევის ხარჯზე. ამ დროს ლაყუჩების საფარები დახურავს ლაყუჩებს. მოძრაობების ეს კომბინაცია იწვევს წყლის შეწოვას და საკვების პირით შთანთქმას.
ოთარ ობოლაძე,
ინჟინერ ქიმიკოს ტექნოლოგი,
რევაზ ხითარიშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი