თხევადი მანდარინის, მანდარინის პასტის, მანდარინის ჰიდროლატის წარმოება
ცნობილია, რომ მანდარინის ნაყოფის დამზადებისას არასტანდარტული ნაყოფის რაოდენობა შეადგენს 40-50%-ს. დღეისათვის აღნიშნული ნაყოფის ნაწილი გამოიყენება არაპერსპექტიული მანდარინის კონცენტრირებული წვენის მისაღებად. პროდუქციის გამოსავალი მინიმალურია, რის გამო ნედლეულის 80% არ გამოიყენება, იყრება და აბინძურებს გარემოს.
კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტში დამუშავდა და სამრეწველო მასშტაბით გამოიცადა მანდარინის ნაყოფიდან „თხევადი მანდარინის“ მიღების რაციონალური ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ნედლეულის უნარჩენო გამოყენებას.
თხევადი მანდარინი გამოიცადა პურის ქარხნებში როგორც ნატურალური დანამატი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პურისა და პურპროდუქტების სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებს და გამორიცხავს იმპორტირებული ხელოვნური პურის გამაუმჯობესებლის გამოყენების აუცილებლობას.
კილოგრამი „თხევადი მანდარინის“ ღირებულება საშუალოდ შეადგენს 70 თეთრს. ის შეიძლება დაემატოს პურსა და პურპროდუქტებს 10 – დან 20-%-მდე რაოდენობით. „თხევადი მანდარინის“, როგორც ნატურალური საკვები დანამატის, გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს პურის თვითღირებულებას.
შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სრულად ავითვისოთ გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში არსებული მანდარინის არასტანდარტული ნაყოფების არსებული რესურსები (დაახლოებით 40 ათასი ტონა).
მოსალოდნელი შემოსავალი _ 30-35 მლნ. ლარი.
მანდარინის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიის დანერგვითა და დარგის შესაბამისი გადაიარაღების შემდეგ მანდარინის არასტანდარტული ნაყოფების გამოყენებით შეიძლება 2 პროდუქტი ვაწარმოოთ: 900 კგ/ტ მანდარინის პასტა (1 კგ-ს ღირებულება 10 აშშ დოლარი) და 100 კგ/ტ მანდარინის ჰიდროლატი (1 კგ-ს ღირებულება შეადგენს 40 აშშ დოლარს), ანუ ერთი ტონა მანდარინის ნაყოფის გადამუშავებით 13 000 დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.
საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 40 ათასი ტონა მანდარინის არასტანდარტული ნაყოფი იკრიფება.
მოსალოდნელი შემოსავალი _ 520 მლნ აშშ დოლარი.
ნუგზარ ბაღათურია,
კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი