დარგებიმებაღეობამედია

თხილის ექსპორტი, განახევრებული მოსავალი, რა სირთულეებია თხილის ბიზნესში

თხილს წლების განმავლობაში წამყვანი ადგილი ეკავა ჩვენი ქვეყნის საექსპორტო ათეულში. ბოლო წლებში ეს მაჩვენებლები თანდათან შემცირდა. „საქსტატის“ ცნობით, თხილის ექსპორტი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 97 მილიონი დოლარით შემცირდა. გასულ წელს თხილის ექსპორტმა 82.4 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი – 179.4 მილიონი იყო. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში საქართველოდან 183.4 და 176.2 მილიონი ლარის მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება რაოდენობას: წინა წელს საქართველოდან ექსპორტზე 15 136.9 ტონა, 2016 წელს კი – 27 108.4 ტონა თხილი გავიდა. შედეგიც სახეზეა: საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო საქონელს შორის თხილი საერთოდ აღარ ფიგურირებს.

წლეულსაც ძალიან რთული ვითარებაა, რადგან თხილის მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხო და დაზიანებულია. ამ მდგომარეობით ყველაზე მეტად ექსპორტიორები და ფერმერები ზარალდებიან. „თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ ფაროსანაზე მეტად ამ სეზონზე თხილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

„ჩვენგან განსხვავებით, წელს კარგი მოსავალი აქვს თხილის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას – თურქეთს. ამჟამად მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული თურქული ლირა, რაც თხილის ფასზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სპეციალისტების ვარაუდით, მსოფლიო ბაზარზე თურქული თხილის ფასი 5.80 დოლარი იქნება, ხოლო ქართულისა – 5.30 დოლარი“ – განაცხადა მოწერელიამ ქართული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

„ბიზნესპოსტი“ ამ საკითხით დაინტერესდა და იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომელთათვისაც თხილი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა:

თემურ კვერღელიძე – ფერმერი, ოზურგეთის რაიონის მკვიდრი:

_ ვითარება რომ რთულია, ამას არ უნდა დიდი მტკიცება. თხილს სხვადასხვა დაავადება აქვს შეჩენილი და ეს არ არის მხოლოდ ნაცარი. აგრონომები ვარაუდობენ, რომ ეს სულ სხვა დაავადებაა, მაგრამ ყველაფერს გამოკვლევა და დადგენა უნდა. წელს თხილის მოსავლიდან მხოლოდ 1%-ია კარგი. მე მაგალითად, ფართობიც შევწამლე, ნაცარიც მოვსპე, მაგრამ მოსავალმა მაინც არ გაამართლა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სხვა დაავადება უნდა იყოს. უცნაურია ისიც, რომ ზოგიერთ ნაკვეთს შეწამვლამ უშველა, ზოგს კი – არა. იმასაც ამბობენ, რომ პრეპარატების ნაწილი უხარისხო და ფალსიფიცირებული იყო, ზოგიერთები კი, ყველაფერს აგროვადების დაუცველობას აბრალებენ და ამტკიცებენ – ვინც თხილის ბაღი გულმოდგინედ, ყველა წესის დაცვით შეწამლა, მოსავალიც ნორმალური აქვსო… მოკლედ, სრული გაუგებრობაა! ფასიც ძალიან დაბალია: გურიაში 1 კილოგრამი თხილის ფასი 1 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს, გააჩნია, რამდენად ხარისხიანია ეს თხილი. საბოლოო ფასი ევროპის ბაზარზეც არ არის დადგენილი, რადგან ბოლო სიტყვას ამ ბაზარზე ყოველთვის თურქეთი ამბობს. ამჟამად, ევროპაში ჩატანილი თხილი 5 დოლარამდე ღირს, მაგრამ ეს მაღალი ხარისხის, საუკეთესო თხილია. ფაქტია, რომ ქართული თხილი წელსაც დაბალი ხარისხისაა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

აკაკი ღლონტი – სწავლული აგრონომი:

_  არასწორ მოვლას ვაბრალებ იმას, რაც ხდება. ყველა მცენარე თავისებურ მოვლას საჭიროებს. ჩვენთან კი რა ხდება? – უგულვებელყოფილია მოხვნა, მოკირიანება, წესიერი წამლობა… ხშირად მცენარეს ყოველგვარი წესისა და რიგის გარეშე წამლავენ, რაც მის დაზიანებას იწვევს, ამიტომ, უმჯობესია მოსავალი დროულად და ხარისხიანად შეიწამლოს. მით უმეტეს, რომ წელს ზამთარი თბილი იყო და დაავადებები უფრო მომძლავრდა. წელს, ისევე როგორც შარშან, თხილი ძირითადად სოკოვანმა დაავადებამ გაანადგურა. სახელმწიფო პროგრამით ფაროსანა კი შეწამლეს, მაგრამ ამით მხოლოდ ფაროსანა განადგურდა, სხვა დაავადებები კი – დარჩა. სახელმწიფოს ნამდვილად არა აქვს იმის საშუალება, რომ ყველა ფერმერის კარ-მიდამო სათითაოდ შეწამლოს, ამიტომ, ყველამ თავის ბაღს და მოსავალს უნდა მიხედოს და მოუაროს. ვინც კარგად შეწამლა და ყველა წესი დაიცვა, კარგი მოსავალიც მიიღო. აღარ არის ისე, როცა მოსავალი თავისით მოდიოდა, ყველაფერს თავდაუზოგავი შრომა და ჯაფა სჭირდება. ჩვენი მთავარი პრობლემა კადრების სიმცირეა, არა გვყავს კარგი აგრონომები და ამ დარგის სპეციალისტები. ვინც სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინა, ყველამ ნორმალური მოსავალი მოიყვანა. ხოლო ვინც მაღაზიის გამყიდველის რეკომენდაციებს დაუჯერა, ყველამ იზარალა. ბუნებრივია, უხარისხობის გამო თხილის ფასიც დაბალია, რადგან ფასი ყოველთვის ხარისხზეა დამოკიდებული.

დემურ ფიფია – ფერმერი, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი:

_ არავინ არ იცის რა გვემართება. მე პირადად, თხილი სამჯერ შევწამლე და მოსავალი მაინც უხარისხოა. სამეგრელოში თხილის მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია, ზოგგან 60-70%-იც კი. იმდენი არ მოისხა, რამდენიც უნდა მოესხა. ჩემს მაგალითს გეტყვით: შარშანწინ 5 ტონა თხილი მქონდა, შარშან – 2 ტონა, ხოლო წელს – 1,5 ტონა. თხილის ფასი წელსაც ისევე დაბალია, როგორც შარშან იყო: 1 კილოგრამი საშუალოდ 2 ლარი ღირს. მოსავალი კი, ყოველწლიურად კლებულობს და კლებულობს. ფესვთა სისტემაში რაღაც უცნობი დაავადებაა და კაციშვილმა არ იცის, რა არის ეს. აგრონომებიც კი ვერ ამბობენ დანამდვილებით, რა ხდება. ამიტომ, ამ პრობლემას უფრო გლობალური მიდგომა სჭირდება, სპეციალისტებმა თხილის პლანტაციები საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ. მოსავალი ლპება და ამის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. აშკარაა, რომ წელს თხილის ექსპორტი ისევე ჩავარდება, როგორც მაგალითად, თაფლისა. სპეციალისტები არა გვყავს, აგრონომები და ამ დარგის კარგი სპეციალისტები არა გვყავს და შედეგიც სახეზეა. 1 მილიარდი დახარჯეს სოფლის მეურნეობაში და ვერაფერი ვერ შეცვალეს. ფაქტია, რომ აგრარულ სექტორი ვერა და ვერ გაიმართა წელში და თხილის ბიზნესიც ყოველ წელს უკან-უკან მიდის.

ხათუნა ჩიგოგიძე