თხილის დაავადებათა ეპიფიტოტია (დაავადებათა აფეთქება)
სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ზიანის მომტანი დაავადებების არსებობა ოდითგან არის ცნობილი. უძველეს ანდერძებში აღწერილია ნაცროვანი და ჟანგოვანი დაავადებების არსებობის მაგალითები.
მცენარის დაავადებებით გამოწვეული უდიდესი ზარალის და მოსახლეობისათვის კატასტროფული შედეგების მოტანის თვალსაჩინო მაგალითია 1845-1846 წლებში ირლანდიაში კარტოფილის ფიტოფტოროზით დაავადება. აღნიშნულმა დაავადებამ კარტოფილის მოსავლის განადგურება გამოიწვია. რის გამოც ირლანდიამ მოსახლეობის, თითქმის 1/3 დაკარგა _ 1 მილიონამდე შიმშილით დაიღუპა, ხოლო ნახევარმა მილიონმა ირლანდია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა.
დაავადებული მცენარის ან მისი პროდუქციის გამოყენებით ადამიანისა და ცხოველების სიკვდილის ან დაავადების უამრავი მაგალითებია. მაგალითად, ,,ჭვავის რქით“ დაავადებისას მისი სკლეროციუმები ხორბალში ერევა და თუ ასეთ ხორბალს საკვებად გამოიყენებს ადამიანი ან შეჭამს ცხოველი იგი მოიწამლება და მოკვდება.
ზღვისპირა და მთიან რაიონებში ხშირია ,,მათრობელა პურის“ გამოვლენა, რაც გამოწვეულია ხორბლის მარცვლის სოკო Fusarium-ით დაავადებით.
1940-1941 წლიდან დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში თავი იჩინა ციტრუსების დაავადებამ ე/წ ხმელამ _ „მალსეკომ“. მალსეკოს გამომწვევი სოკო ობლიგატი პარაზიტია, იგი მცენარეში ტოქსინებს გამოყოფს, რაც მცენარის დაღუპვას იწვევს. სოკო განსაკუთრებით პათოგენურია ლიმონის მიმართ.
1952 წლიდან ეს დაავადება საქართველოში ძალიან გავრცელდა და მოხდა ეპიფიტოტია _დაავადების აფეთქება, რის გამოც, თითქმის განადგურდა ქართული ლიმონი. აღნიშნული დაავადება 1985 წლის შემდეგ აღარ განმეორებულა.
1963 წელს ხანგრძლივი წვიმების შედეგად გავრცელდა ვაზის ჭრაქი და ბევრი რაიონი მთლიანად უმოსავლოდ დარჩა. ჭრაქით ვაზი ისე ძლიერ იყო დაავადებული, რომ 1964 წლის მოსავალიც ძლიერ შემცირდა. კიდევ უფრო მეტი ზარალი გამოიწვია ვაზის ჭრაქმა 1972 წელს.
2017-2018 წლებში მოხდა თხილის მცენარის პათოგენ სოკოთა ძლიერი გავრცელება. დაავადებათა აფეთქება-ეპიფიტოტია.
ჩვენ თხილის დაავადებათა შესწავლა 1977-1978 წლებიდან დავიწყეთ. თხილის მცენარეზე გამოვლენილია 51 სახეობის სოკო. აღნიშნულ სოკოებს თავიანთი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების დადგომისას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თხილის კულტურას.
თხილის მცენარეზე ძლიერ გავრცელდა შემდეგი სოკოვანი დაავადებანი: თხილის ყავისფერი სიდამპლე, თხილის ნაცრისფერი სიდამპლე, ფუზარიუმის გვარის სოკოებით გამოწვეული თხილის ნაყოფის სიდამპლე, თხილის ნაყოფის მონილიოზი, თხილის ნაყოფის ფომოზი, თხილის ნაყოფის ალტერნარიოზი, თხილის ნაცარი. ზემოთ ჩამოთვლილი სოკოები გასულ წლებშიც გამოვლინდებოდა, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული მავნეობა მინიმალური იყო და თხილის მოსავლიანობაზე არსებით გავლენას არ ახდენდა. გასულ წლებში თხილის ნაცარი ზაფხულში ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოში აღინიშნებოდა. მხოლოდ რამოდენიმე ფოთოლი ჩამოცვივდებოდა რასაც პრაქტიკული ზიანი არ მოჰქონდა.2018 წელს კი თხილის ნაცარმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თხილის კულტურას.
თხილის დაავადებათა აფეთქება _ ეპიფიტოტია გამოიწვია სოკოების განვითარება გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობამ, ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩაუტარებლობამ, მავნებელი ხოჭოს ფაროსანას გავრცელებამ, რომელმაც ინფექცია სხვადასხვა მცენარეებზეც გადაიტანა.
მემცენარეობაში საერთოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზღვრებს გარედან ჰაერის ნაკადით შემოტანილი ინფექციები.
დაავადებების შესაზღუდავად აუცილებელია ჩატარდეს პროფილაქტიკური ღონისძიებანი: თხილის მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა გამოიჭრას დახავსებული და მღიერებით დასახლებული ღერო-ტოტები, ძლიერ დაავადებული და გამხმარი ტოტები მოიჭრა, თხილნარიდან გატანა და დაწვა. ასევე აუცილებელია ჩამოცვენილი ფოთლების და ხეზე შერჩენილი დაავადებული ბურჩხების შეგროვება და დაწვა. თხილის მცენარის ირგვლივ ნიადაგის შემობარვა გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში. ამ დროს დაავადებული მცენარის ნარჩენები სადაც სოკოები და სხვა მავნე მიკროორგანიზმებია მოექცევა და იზამთრებს ნიადაგის ღრმა ფენებში დალპება.
თხილის ნაცრის საწინააღმდეგოდ, ნაცრის გამოჩენისთანავე აუცილებელია დაფქული გოგირდის შეფრქვევა, ან კოლოიდური გოგირდის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში წამლობა შეიძლება 4-5-ჯერ განმეორდეს. ნაცრის საწინააღმდეგოა „ზატოსტარი“ 0,15-0,2%-იანი, ან „ზახისტი“ 0,15-0,2%-იანი, ან „ჯეკჰოტი“ 0,15-0,2%-იანი. აღნიშნული შხამქიმიკატები არა მარტო ნაცრის არამედ ყველა სახის სოკოების და ბაქტერიების საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა. პირველი შესხურება ვეგეტაციის დაწყებამდე, მეორე და მესამე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-15 დღის ინტერვალით უნდა მოხდეს.
ასევე აუცილებელია ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა და გამოკვლევების საფუძველზე სწორი განოყიერების სისტემის შემუშავება, რათა გაიზარდოს თხილის მცენარის მდგრადობა ნებისმიერი დაავადებების და მავნებლების მიმართ.
ცენტრ ანასეულის მიერ ჩატარებულია ნიადაგის ათასობით ანალიზი თხილის კულტურის ქვეშ, მიღებული შედეგების გაანალიზებიდან შემდეგი დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ: როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში ძირითადად გავრცელებულია მჟავე ნიადაგები. ჩაის კულტურის ამოძირკვის შემდეგ თხილის გაშენება ძირითადად ამ მჟავე ნიადაგებზე მოხდა. აღნიშნული ნიადაგი თხილისთვის მისაღები არ არის და მოითხოვს მოკირიანებას, ნიადაგის განეიტრალებას. გამოკვლეული ნიადაგების უმეტესობა სწორედ ამ თვისებით ხასიათდება. ასევე უნდა აღინიშნოს ორგანული სასუქების გამოყენების აუცილებლობა. მართალია თხილის კულტურა ძირითადად ნაჩაიარ ნიადაგებზე გაშენდა, სადაც ჰუმუსის რაოდენობა მაღალი იყო, მაგრამ გაშენდა არასწორად, ჰუმუსოვანი ფენა ნაკვეთებიდან გატანილი იქნა ჩაის ბუჩქების ამოძირკვისას, ამიტომ თხილის კულტურის უმეტესი ფართობების ქვეშ ჰუმუსის შემცველობა მინიმალურია. ამას ემატება ისიც, რომ მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში იყენებს ჰერბიციდს, რის შედეგად ბალახოვანი ფენა ისპობა და სიდერატების გამოყენების შესაძლებლობა მცირდება . უმჯობესია, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოხდეს სარეველების გაცელვა და ნიადაგში ჩაკეთება, რაც ჰუმუსოვანი ფენის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ჩვენს მიერ გამოკვლეული ნაკვეთების უმეტესობაში მინიმუმამდეა შემცირებული საკვები ელემენტების რაოდენობაც, ამიტომ ფერმერებს ურჩევთ გაზაფხულზე რთული კომპლექსური სასუქები შეიტანონ ნაკვეთში, რომლებიც ერთდროულად საკვებ ელემენტებს აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ღონისძიებები თხილის კულტურის დაავადებათა აფეთქების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაა.
რუსუდან ტაკიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
ლამზირა ბერაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი