აგროსიახლეები

თურქეთში, პასინლერის ველზე 50 კიოგრამზე მძიმე კომბოსტოები მოიყვანეს

თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ერზრუმში, კერძოდ კი პასინლერის (Pasinler) ნოყიერ ველზე, ფერმერებმა კომბოსტოს მოსავლის აღება დაასრულეს და მიმდინარე სეზონი მათთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კომბოსტოს ცალკეული თავთავების წონამ 50 კილოგრამს გადააჭარბა.

კომბოსტო სულ 500 ჰექტარ ფართობზე იყო დარგული. მწარმოებლების განცხადებით, მოსავლიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ფერმერები კომბოსტოს გიგანტურ ზომას „სპეციალურ ადგილობრივ თესლს“ მიაწერენ. თავდაპირველი პროგნოზით, კომბოსტოს საშუალო წონა 15-დან 25 კილოგრამამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც FreshPlaza იუწყება, ზოგიერთ ნაკვეთზე 50 კილოგრამზე მძიმე ეგზემპლარებიც კი აღმოჩნდა.

65 წლის ფერმერმა ჰასბი დურსუნმა (Hasbi Dursun) შეძლო და 57 კილოგრამიანი კომბოსტო გაზარდა.

„ჩემი მიზანია, მომავალ სეზონზე 80-კილოგრამიანი კომბოსტოები მივიღო. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ვეცდები 100-კილოგრამიან ნიშნულსაც მივაღწიო“, – აცხადებს ფერმერი და განმარტავს, რომ მხოლოდ ადგილობრივი წარმოების თესლს იყენებს.

მეორე მერმერი, ნუმან სერთოღლუ (Numan Sertoglu) მიიჩნევს, რომ ასეთი გიგანტური ბოსტნეულის მოყვანა მხოლოდ პასინლერის ველზეა შესაძლებელი. მისი თქმით, წარმატების საიდუმლო ძველ, ტრადიციულ ჯიშებშია:

ფერმერები ძველ მამა-პაპისეულ თესლს იყენებენ, რასაც თავადვე აწარმოებენ.

ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ჯიშები 100 წელზე მეტი ხნისაა.

პასინლერის ველის ნიადაგის სტრუქტურა და სპეციფიკური მიკროკლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის ჯვაროსანთა ოჯახის კულტურებისთვის.

რეგიონის ფერმერები კვლავაც ტრადიციული მეთოდების ერთგულნი რჩებიან და მომავალ სეზონზე წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

პასინლერის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივი გენეტიკური რესურსების შენარჩუნება და სწორი აგროტექნიკა კარგი შედეგების გარანტიაა.

წყარო: EastFruit