წაბლის ენდოტიოზი
წაბლის ენდოტიოზი წაბლის უმთავრეს დაავადებად ითვლება, მას მეორენაირად წაბლის კიბოს უწოდებენ. დაავადების გამომწვევია სოკო – Endotia parasitica Murr.
დაავადება პირველად საქართველოში 1950 წელს გამოვლინდა. ამჟამად ის აღინიშნება ყველგან, სადაც კი წაბლია და მის გავრცელება 45%-მდე აღწევს.
სოკო აავადებს წვრილ ტოტებს, დედატოტებს და შტამბს. დაავადება იმისდამიხედვით, თუ მცენარის რომელ ორგანოს აზიანებს, სხადასხვა სახით ვლინდება. თუ მიმდინარე წლის ამონაყარია დაავადებული, მას ინფექციის მოხვედრის მხრიდან მოყავისფერო ლაქა უჩნდება. იგი თანდათან იზრდება და ლაქა ტოტს შემორკალავს, ისე, რომ ახალგაზრდა ტოტების გახმობას იწვევს. ტოტის გამხმარი ნაწილი 1,5-2 თვის შემდეგ იფარება მეჭეჭებით, რაც სოკოს ნაყოფსხეულებს წარმოადგენს.
ახლად განვითარებული ნაყოსხეულები მოწითალო-ნარინჯისფერია და კონუსისებრ სტრომაშია მოთავსებული, რომლის სიგრძივ განაკვეთზე კარგად ემჩნევა ერთი ან რამდენიმე კიბოსებრი ღრუ, კამერებს დამოუკიდებელი კედელი არ გააჩნიათ, შიგნიდან უფერული შრე გაზდევს, იგი შედგება წვრილი ძაფებისაგან, რომელთა წვერზე მოკლე პატარა კონიდიოსპორები იქმნებიან. ესაა სოკოს უსქესო გამრავლების სტადია, მისი კონიდიური ნაყოფიანობა კონიდიოსპორები ანუ პიკნოსპორები, რომლებიც ცილინდრული ფორმისაა, სწორი ან ოდნავ მოხრილი, ზომით 1,25-3,5 მკმ.
კამერებში დაგროვილი კონიდიოსპორები არღვევენ კედელს და სპოროვანი მასა ლორწოსთან ერთად გარეთ გამოდის. ასეთი სპოროვანი მასა შრება, მაგრდება და ნაყოფსხეულის ზედაპირიდან რქასავითაა გამოშვერილი. წვიმების დროს რქისებრი წარმონაქმნი წვიმის წვეთების ან ნამისაგან იხსნება; პიკნოსპორები თავისუფლდებიან, სხვადასხვა საშუალებით ვრცელდებიან და იწვევენ ახალ დაავადებას, როდესაც კონიდური ნაყოფიანობა შეწყდება, ვეგეტაცია მაინც გრძელდება, მხოლოდ ნაცვლად კონიდიოსპორების ნაყოფიანობისა, ჩანთიანი სტადია-პერიტეციუმები ყალიბდება. ყოველი პერიტოციუმი სტრომადან პერიფერიისაკენ გრძელ მილს იკეთებს, რა გზითაც ასკოპორები გარეთ ბუნებაში ვრცელდება.
დედატოტებისა და შტამბის დაავადება კიბოს სურათს იძლევა. პირველ რიგში აქაც მარტო ქერქზე ემჩნევა ოდნავ მკრთალი სხვადასხვა ზომის ლაქები, რომელთა ზომა დამოკიდებულია დაავადებული ადგილის სიგრძესა და სისქეზე. ლაქა თანდათან იზრდება, როგორც ვერტიკალურად, ისე სიგანეში, სწრაფად დიდდება და მკვეთრადაა გამოყოფილი საღი ქერქისაგან.
მცენარეში სოკოს შეჭრიდან, რაც მეტი დრო გადის, დაავადებული ქერქი იშლება, სიგრძეზე სკდება, იშაშრება იმ ადგილზე სადაც დაავადებული ქერქი საღ ქერქს საზღვრავს. მცენარე ცდილობს ჭრილობის კალუსით დაფარვას, მაგრამ ამას ვერ აღწევს, კალუსის განვითარების წარმომქმნელი ახალი ქსოვილები ასქელებს დაზიანებულ ადგილს, ქერქი სკდება, იშლება და ნამდვილი კიბოსებრი ადგილები ჩნდება. ვიდრე დაშაშრული ქერქი ჩამოცვივა, მრავალი მოწითალო-ნარინჯისფერი მეჭეჭები და ნაყოფსხეული ვითარდება. ასეთი დაავადებული ხეები იმისდამიხედვით, თუ რა ხნის ტოტია, რა პირობებია დაავადების განვითარებისათვის რამდენიმე წლებს ძლებენ (2-10).
დაავადების გამომწვევი სოკო წაბლისათვის სპეციალიზებურ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს. მართალია, სხვა მკვებავი მცენარეებიც შეიძლება დავასახელოთ მაგ. მუხა, მაგრამ იშვიათად. დაავადება გავრცელებულია წაბლის სხადასხვა ჯიშზე, საქართველოში კი მარტო საჭმელ წაბლზეა აღნიშნული.
ხშირი წვიმები და შედარებით თბილი ტემპერათურა ხელს უწყობს წაბლის ახალგაზრდა ტოტებზე მემერქნიების გავრცელებას. აღნიშნულ მწერს დაავადებისათვის ორგვარი მნიშვნელობა აქვს: პიველი, რომ ტოტებს ხშირად აზიანებს და მათზე ქმნის ხვრელებს. მწერს შეუძლია ამ ხვრელებში თავისი ორგანოებით სოკოს სპორები შეყოლიოს, რომელთაც შეუძლიათ მცენარის დაავადება გამოიწვიოს. მეორეს მხრივ მწერი მცენარეს აყენებს მექანიკურ ჭრილობებს, რაც იწვევე მცენარის დასუსტებას და პარაზიტისადმი მის მგრძნობიარობის გაზრდას.
დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა რთულია, რადგანაც წამლობების ჩატარება არ არის მნიშვნელოვნად ეფექტური. ამიტომ დაავადების წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს ფიტოსანიტარულ ღონისძიებებს, რადგან დაავადება დიფუზურ ხასიათს არ ატარებს, ცალკეულ ტოტზე დაავადების გამოჩენისას ის უნდა მოიჭრას და შემდეგ ფრთხილად დაიწვას. თუ მთელი მცენარეა დაავადებული მაშინ ის უნდა მოიჭრას და ნაკვეთიდან იქნს გატანილი. უნდა მოვერიდოთ მცენარეზე მექანიკური ჭრილობების მიყენებას, სადაც შეიძლება მოხდეს ინფექციის შეჭრა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წაბლის კიბოთი ძირითადად ავადდება ამონაყრით განახლებული წაბლის ტყეები, თესლით ამოსულ ხეზე კი დაავადება შედარებით იშვიათია.
წაბლის ტყეების გასაშენებლად უნდა გამოვიყენოთ დაავადებისადმი შდარებით გამძლე ჯიშები.
შაქრო ყანჩაველი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სოფლის მეურნეობის სამაცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი