ცათამბჯენი ღორებისთვის — ინოვაცია, რომელიც სhttps://agronews.ge/tsathambjeni-ghorebisthvis-inovatsia-romelits-sophlis-meurneobas-tsvlis/ოფლის მეურნეობას ცვლის
სოფლის მეურნეობა და ცათამბჯენები თითქოს სხვადასხვა სამყაროა, თუმცა თანამედროვე ჩინეთში ეს ორი ცნება უკვე ერთ სივრცეშია მოქცეული.
ჰუბეის პროვინციის ქალაქ ეჟოუში 26-სართულიანი უნიკალური ნაგებობა აშენდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მრავალსართულიან ღორის ფერმად ითვლება და წელიწადში 1.2 მილიონამდე ღორის გაზრდის საშუალებას იძლევა.

ეს ფერმა სრულად ავტომატიზებულია: საკვების მიწოდება, წყალი, ვენტილაცია, ტემპერატურა და ჰაერის ხარისხი კომპიუტერული სისტემებით კონტროლდება. თითოეული სართული ღორების განვითარების კონკრეტულ ეტაპს ემსახურება — გამრავლებიდან წონის აკრეფამდე. პროექტის ავტორების თქმით, ეს არის პასუხი მიწის დეფიციტზე, სამუშაო ძალის გაძვირებასა და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებზე, განსაკუთრებით აფრიკული ღორის ჭირის შემდეგ.
თუმცა ინოვაციასთან ერთად კითხვებიც ჩნდება. ცხოველების მაღალი სიმჭიდროვე ზრდის დაავადებების გავრცელების რისკს, ხოლო ნარჩენების მართვა ასეთ მასშტაბზე სერიოზულ ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტექნოლოგიური ეფექტიანობა შესაძლოა ცხოველთა კეთილდღეობის ხარჯზე მიიღწეს და ფერმა ინდუსტრიული წარმოების უკიდურეს ფორმად იქცეს.
მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვერტიკალური ფერმები უკვე ფართოდ გამოიყენება ევროპასა და იაპონიაში, თუმცა იქ აქცენტი ძირითადად მცენარეულ პროდუქტებზე – ბოსტნეულსა და მწვანილზე. ჩინეთი კი ამ მიდგომას ცხოველურ წარმოებაშიც ნერგავს, რაც აგრარული ურბანიზაციის ახალ ეტაპზე მიანიშნებს.
ექსპერტების შეფასებით, ვერტიკალური მეურნეობის მასშტაბების გაზრდა მომავალში გარდაუვალია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მიწა შეზღუდულია, ხოლო მოსახლეობის რაოდენბოა იზრდება, თუმცა მაინც გადამწყვეტი იქნება ბალანსი ტექნოლოგიურ პროგრესსა და ეკოლოგიურ, ეთიკურ სტანდარტებს შორის.
ჩინეთის „ცათამბჯენი ღორებისთვის“ ნათლად აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობა სწრაფად იცვლის ფორმას და მიწიდან ზეცისკენ მიიწევს. ეს შეიძლება ერთგვარი გამოსავალიც კი იყოს რესურსების დეფიციტის პირობებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინოვაცია ბუნებასთან შეთანხმებით განვითარდება.
სამომავლოდ ცათამბჯენები შესაძლოა არა მხოლოდ ადამიანების საცხორვებელი, არამედ ფერმების მასობრივად გაშენების ადგილიცგახდეს, თუმცა საკითხავი ის იქნება, როგორი წესებით მოხდება ეს.

