დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„ცის გახსნა“

ცის გახსნა ქართული ტერმინია, რომელიც ქართველ მევენახეთა ერუდიციაზე მეტყველებს.  იგი გულისხმობს ყლორტების იმ დონეზე გადაჭრას, რომ ნაყოფს მზის სხივი პირდაპირი ხვდებოდეს.
ვაზს უნდა მოცილდეს ყლორტების ახალგაზრდა მოუმწიფებელი ნაწილი, რაც მხოლოდ ჩრდილავს ვაზს. „ცის გახსნას“ ატარებენ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, როცა ვაზი აჩერებს ზრდას. დაუშვებელია ვაზის თავების გადაჭრა სავეგეტაციო პერიოდში (როგორც ხშირად ხდება ხოლმე პრაქტიკაში) მწვანე ოპერაციების ჩატარებამ უდროოდ და წესების დარღვევით შეიძლება უარყოფითი შედეგებიც მოუტანოს მევენახეებს.

წვანე ოპერაციების წარმოების არასწორი პრაქტიკა. კახეთში, სადაც გლეხი უხსოვარი დროიდან მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას და სადაც ვაზის მოვლა-მოყვანის მრავალი ორიგინალური წესია შემუშავებული, სამწუხაროდ, გასული საუკუნის ბოლოს ფეხი მოიკიდა რამდენიმე არასწორმა წესმა, ვაზის ბიოლოგიისათვის მავნე მწვანე ოპერაციამ. ასეთებია ვაზზე 3-4-ჯერფოთლების შეცლა და თავების გადაჭრა.

ვაზების ფოთლის შეცლის დანერგვას თავისი ისტორია აქვს: გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში კახეთში გავრცელდა ვაზის მავნებლები _ აბლაბუდიანი ტკიპები და ცრუფარიანები. ამ დროს ქიმიური ბრძოლის საშუალებები შეზღუდული იყო. ამიტომ, მეცნიერებმა, შეიმუშავეს ტკიპებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ვაზის ცრუფარიანები, რომლებიც ჩვეულებრივ შტამბში (მრავალწლიანი ნაწილების ქერქში) იზამთრებენ, ვაზის კვირტების გაშლისთანავე იწყებენ ახალგაშლილ ფოთოლზე გადასვლას და ამ ფოთლების წვენით ინტენსიურ კვებას და შესაბამისად კვერცხდებას.

ბრძოლის ღონისძიება კი მდგომარეობდა ვაზის 1-2 ახლად გაშლილი ფო-თოლაკის მოცილებაში, შეგროვებასა და მის დაწვაში, რაც მკვეთრად ამცირებდა ცრუფარიანებისა და ტკიპების გამრავლების შანსს და მათგან მიყენე-ბულ ზარალს.

 ამ ღონისძიებამ დამახინჯებული სახე მიიღო და კახეთის მთელ რიგ რაიონებში არამარტო გლეხურ მეურნეობებში, არამედ, სერიოზულ სამრეწველო ვენახებშიც კი ატარებენ ფოთლის შეცლას დამახინჯებული წესით: ნაცვლად 1-2 ახლადგაშლილი ფოთოლაკისა, აცლიან მთლიან ფოთოლთა სისიტემას პირველიდან 5-6 მუხლის ჩათვლით და ტოვებენ მარტო ყვავილედებს, მის ზემოთ კი მხოლოდ ახალგაზრდა ფოთლებს. ეს კი იწვევს ვაზის ფოტოსინთეზის შესუსტებას, შემდგომ ყვავილთცვენას, ვაზის დასუსტებას და სხვ. მავნებელთან ბრძოლის ამჟამად მოქმედი ძლიერი საშუალებები გამორიცხავს 1-2 ფოთლის შეცლის საჭიროებას. ასეთი არაეფექტური ძვირადღირებული სამუშაო, როგორც არის ფოთლების შეცლა, უნდა მიეცეს დავიწყებას და გამოირიცხოს მწვანე ოპერაციების სიიდან. ვაზი ფოთლების შეცლას არ საჭიროებს!

ფოთლების შეცლა დასაშვებია მხოლოდ ყურძნის სიმწიფის ფაზაში მოკრეფამდე 1-2 კვირით ადრე, მტევნების ზონაში გადაბერებული ფოთლების შეცლა საჭიროებს ჰაერაციისა და მზის სხივების შეღწევის უზრუნველსაყოფად.

„ცის გახსნა“  უნდა ჩატარდეს მხოლოდ ერთხელ, ვაზის ზრდის შეჩერების ფაზაში შეთვალების დაწყებისას. სხვა დროს ამ ოპერაციების ჩატარებას უარყოფითი შედეგები მოაქვს.  წელიწადში 2-3-ჯერ  თავების გადაჭრა დაუშვებელია.

მწვანე ოპერაციების მაღალ აგროტექნიკურ დონეზე ჩატარების მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, უნდა ვიცოდეთ ფოთლის მნიშვნელობა მცენარისათვის. ფოთლის ზედაპირი არის ჯამური ფართობი ყლორტზე, ბუჩქზე და მთლიანად ნარგაობაში არსებული ფოთლების ფართისა. ფოთლის ზედაპირის ფართი ფოტოსინთეზის პროცესის საშუალებით ახასიათებს ვენახის ბიოლოგიურ და სამეურნეო პროდუქტიულობას და პროდუქციის ხარისხს.

ამ დროს, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ასიმილაციური ზედაპირის განლაგებას სივრცეში, მის მზის პირდაპირი დასხივებით განათებას. ვენახის შეფასებისას, როგორც ოპტიკა _ ბიოლოგიური, ფოტოსინთეზირებადი სისტემა _ იყენებენ ფოთლის ფირფიტის ინდექსს. მაგალითად, შეფარდება ფოთლის ფირფიტების ზედაპირის ფართსა და ნიადაგის ფართს შორის მ2/მ2. ფოთლის ფართის სიდიდის განსაზღვრისათვის მისი ფუნქციონირების დროს გამოიყენება ფოტოსინთეზური პოტენციალი (მ2 დღე).

ვაზის კვირტის გაღვიძებიდან ფოთოლცვენამდე ვაზის ფოთლის ფართი ყოველდღიურად განსხვავებულია და იგი მატულობს ვეგეტაციის დასაწყისიდან დასასრულისკენ. ფოტოსინთეზური პოტენციალი (მ2 დღე) წარმოადგენს ერთდროულ ყოველდღიურ ფართობების ჯამს ძირზე (ან მთლიანად ნარგაობაზე), მოსავლის ფორმირების პროცესში ან ამ პერიოდის ნაწილში. ფოთლის ფართს განსაზღვრავს ჯიშობრივი თავისებურება და რეგულირდება აგროღონისძიებებით. ფოთლის ფართზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დატვირთვა ძირზე, სასუქებით და ტენით უზრუნველყოფა და სხვა. ფოთლის ფართის ზრდა ვეგეტაციის პერიოდში არათანაბარია. ჩვეულებრივ პირობებში ყვავილობამდე ფოთლის ფართი 15-30%-ს შეადგენს, შემდეგ 20-25 დღის განმავლობაში ის აღწევს 60-65%-ს. ფოთლის ფართის მაქსიმალური რაოდენობა ვაზს გააჩნია შეთვალების წინ. ჯამურ ფოთლის ფართში განასხვავებენ ძირითადი ყლორტების ფოთლის ფართს (50%) და ნამხარის ფოთლის ფართს (50%), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნამხარის ფოთლის ფართი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ვაზის სასარგებლოდ და ერთიანად არ „გავკრიჭოთ“’ ვაზი ნამხარისაგან.

ერთი ბუჩქის ფოთლის ფართი 11-14მ2 აღწევს, ერთი ჰექტარისა კი 35-40 ათას მ2-ს. სათანადოდ მოვლილ და მწვანე ოპერაციების კვალიფიცირებულად ჩატარებულ ვენახში 1მ2 ვენახის ფართობზე 4მ2 ფოთლის ფართი უნდა იყოს.

ერთი კილოგრამი შაქრის დაგროვებისათვის საჭიროა 300-დან 600მ2-მდე ფოტოსინთეზის პოტენციალი. ჰექტარზე 100 ცენტნერი მოსავლის მისაღებად კი 1,26-1,76 მილიონი მ2– დღე ფოტოსინთეზის პოტენციალი.

ეს ციფრები ნათლად მეტყველებს, რომ მწვანე ოპერაციები ვენახში უნდა ჩატარდეს გააზრებულად და აგროწესების დაცვით. ვაზი ვენახში არ უნდა დავამსგავსოთ დეკორატიულ მცენარეს, რომელსაც მარტო გარეგნული სილამაზე მოეთხოვება. ყველა მწვანე ოპერაციები უნდა ჩატარდეს იმ ვადებში და იმ შინაარსით, რომელიც ხელს შეუწყობს ვაზის ჯიშობრივი პოტენციალის გამოვლენას როგორც ზრდა-განვითარების, ისე მოსავლიანობის რაოდენობისა და ხარისხის მაჩვენებლებით.

ვაჟა გოცირიძე, სმმ დოქტორი