ცხენისძუძუ აფხაზური
ცხენისძუძუ – მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა მუქი ვარდისფერმარცვლიან მაღალი ღირსების სასუფრე ყურძენს.
ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში ცხენისძუძუ ცნობილია აგრეთვე აჩკიკიჟის, აჩკირკის, ააცკიკას და აჩკიკის სახელწოდებით (კვარაცხელია, 13; მაჭავარიანი, 14; გეევსკი და შარერი, 9 და სხვ.).
ცხენისძუძუ ადგილობრივი ვაზის ჯიშია. მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ცხენისძუძუ მეტად ახლო დგას აფხაზური ვაზის ჯიშებთან. იგი ხასიათდება ძლიერი ზრდით, ქვედა მხრიდან შებუსვილი, მცირედ დანაკვთული კარგად განვითარებული ფოთლებითა და ნაგვიანევი სიმწიფით. აღნიშნული ნიშნების მიხედვით იგი კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი – კოლხეთის კერიდან არის წარმოქმნილი და მიეკუთვნება Prol. pontica subprol. Georgica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ვაზს სახელწოდება მიღებული აქვს მოგრძო ფორმის მარცვლის გამო, რომელიც ძუძუს ემსგავსება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ცხენისძუძუს სახელწოდებით ხუთი სულ სხვადასხვა ჯიშია გავრცელებული, სახელდობრ: კახური ცხენისძუძუ – სამნაკვთიანი, მცირედ შებუსვილფოთლებიანი, ოვალურმარცვლიანი, თეთრი ჯიშია; აჭარული ცხენისძუძუ – სამნაკვთიანი, თხელი აბლაბუდით შებუსვილფოთლებიანი და ოვალური, იშვიათად მოგრძო შავმარცვლიანი ჯიშია; ცხენისძუძუ მესხური თეთრი და წითელი, ორივე შიშველფოთლიანი, ოვალური ან მოგრძო მარცვლიანი ჯიშებია და აფხაზური ცხენისძუძუ – სამნაკვთიანი, საკმაოდ სქელი აბლაბუდით შებუსვილფოთლებიანი, მოგრძო ოვალური, მუქი ვარდისფერმარცვლიანი ჯიშია.
დასახელებულ ჯიშთაგან ცხენისძუძუს სახელწოდება უფრო მეტად აფხაზურ ცხენისძუძუს შეეფერება, რადგან მისი მარცვლები უფრო მოგრძოა, ვიდრე ოვალური.აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აფხაზური ცხენისძუძუ, მიუხედავად მისი მტევნის ლამაზი გარეგნული შეხედულებისა და მსხვილი, მუქი ვარდისფერი მოგრძო მარცვლებისა საქართველოში ფართოდ გავრცელებული არ არის და თითო-ოროლა ძირის სახით, ძირითადად, აფხაზეთის მევენახეობის რაიონებში – უმთავრესად გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში გვხვდება. ჯიში დაცულია აგრეთვე მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტისა (თელავი) და აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტის (სოფ. ახალსოფელი) საკოლექციო ვენახებში ორი ათასამდე ძირის რაოდენობით.
ბოტანიკური აღწერა
ჯიშის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალსოფელში (გუდაუთის რ-ნი) ორჯონიკიძის სახ. კოლმეურნეობის საკოლექციო ნაკვეთზე. ვენახი გაშენებულია შედარებით სწორ, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ოდნავ დაქანებულ ნაკვეთზე, რომელიც დაშორებულია ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 2 კმ-ით. ნიადაგი ქვეთიხნარია, წყლის კარგად გამტარი ღორღიანი ქვენიადაგით. ვაზები 20 წლის ასაკისაა, გაფორმებულია ორმხრივი შპალერის წესით. კვების არე შეადგენს 3,5მ2 (2,0X1,75 მ). შტამბის სიმაღლე 45-50 სმ უდრის.
ახალგაზრდა ყლორტი
(10-15 სმ) ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის წვერები გვირგვინითა და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკით შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბეწვებით და ორივე მხრიდან თეთრია ოდნავ მოვარდისფრო იერით ფოთოლაკების ირგვლივ. მესამე ფოთოლაკის შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და იგი მოყვითალო მწვანე ხდება, ოდნავ მოწითალო იერით, ხოლო ქვედა მხარეზე შებუსვის გამო მოთეთრო ფერს ინარჩუნებს. მეოთხე და მეხუთე ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-ყვითელია, ხოლო ქვემოდან მორუხო თეთრია და საშუალო სისქის აბლაბუდითაა დაფარული.
ფოთოლი
ზრდადამთვარებული შუა იარუსის ფოთლები (9-12) საშუალო ზომისაა (20X19 სმ) და მომრგვალო ან თირკმლისმაგვარი ფორმა აქვს. ფოთოლი სამნაკვთიანია; დანაკვთვა სუსტადაა გამოსახული, ხშირად სრულიად დაუნაკვთავი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად ქვედა იარუსის ფოთლებზე იგი წვრილი ბურთულებითაა დაფარული. ფოთლის ზედაპირი ტალღისებრია და ნაკვთების ნაპირები ხშირად ძირს აქვს დახრილი. ფოთოლი უფრო ხშირად მუქი მწვანეა.ზედა ამონაკვეთები ზეზეურია და იშვიათად აღწევს საშუალო სიღრმეს. უფრო ხშირად დანაკვთვა ოდნავ შესამჩნევია, ამონაკვთები ფორმა დანაკვთვის სიღრმის შესაბამისად ძლიერ არ ცვალებადობს, იგი უფრო ხშირად ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა.ქვედა ამონაკვეთები ძლიერ სუსტადაა გამოსახული, ჩვეულებრივ იგი ოდნავ შესამჩნევია ან ხშირად სულ არაა განვითარებული. ამონაკვეთები შეჭრილი კუთხისებრია.ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ნაკლებად ცვალებადობს. უფრო ხშირად იგი ჩანგისმაგვარი ფორმისაა და მახვილი ან მომრგვალო ფუძე აქვს, იშვიათად გვხვდება ფიწლისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც, ხოლო კიდევ უფრო იშვიათად –დახურული, ოვალურთვალიანი ამონაკვეთები.ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვერიანი და გამობერგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით. გვერდითი კბილები ძირითადად მთავარი კბილების ფორმისაა, ხოლო მათ შორის ხშირად გუმბათისებრი კბილები უფრო მეტია.ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქისაა, რომელიც აბლაბუდისებრი ბეწვებისა და სქელი სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან შედგება.ყუნწი ფოთლის მთავარ ძარღვზე მოკლეა, უფრო ხშირად მისი სიგრძე ფოთლის მთავარ ძარღვის ნახევარს, იშვიათად ორ მესამედს შეადგენს. ყუნწი გლუვია, იშვიათად ნაწილობრივ დაფარულია აბლაბუდის ფიფქით და მოღვინისფრო-წითელი ფერისაა, რომელსაც მწვანე ზოლები დაჰყვება.
ყვავილი
ყვავილი ორსქესიანია. უფრო ხშირად ყვავილში 5 მტვრიანაა, ხოლო იშვიათად 6. მტვრიანათა ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,5-2 უდრის. მტვრიანები სწორმდგომია. ბუტკო მომრგვალო-ცილინდრული ფორმისაა და დაღარულია. მისი ყელი (სვეტი) მოკლეა, მაგრამ კარგადაა გამოსახული. იგი პატარა, მომრგვალო ფორმის დინგით ბოლოვდება.
მტევანი
ცხენისძუძუს მტევნები საშუალოზე დიდი ზომისაა. მტევნების სიგრძე მერყეობს 20-დან 26 სმ-მდე, განი კი 6-დან 10 სმ-მდე. კარგად განვითარებული მტევნის ზომა 22X8 სმ უდრის. მტევნის ძირითადი ფორმა ცილინდრულია, იშვიათად დატოტვილი და ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის მტევნებიც გვხვდება. მტევნები საშუალო სიმკვრივის ან მეჩხერია. იშვიათად საშუალოზე უფრო მკვრივი მტევნებიც გვხვდება. მტევნის საშუალო წონა 150-200 გ, ხოლო კარგად განვითარებული მტევნებისა 300-350 გ უდრის. მტევნის ყუნწი ბალახისებრია, რომელიც რქასთან მიმაგრების ადგილზე ხევდება და რქის ფერს იღებს. ყუნწის სიგრძე მერყეობს 3-დან 6 სმ-მდე, ხოლო საშუალოდ 4-5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე 0,8-1,0 სმ აღწევს. მარცვლის ბალიში ვიწრო კონუსისებრია ან იშვიათად მოკლე კონუსისმაგვარია და ხშირი მეჭეჭებით (ხორკლებით) არის დაფარული.
მარცვალი
მარცვალი მსხვილია. მისი სიგრძე მერყეობს 1,8-დან 2,5 სმ-მდე, ხოლო განი 1,6-დან 2,0 სმ-მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 2,0X1,8 სმ უდრის. მარცვალი ძირითადად ოვალურია, მაგრამ იშვიათად (მსხვილი მარცვლები) მოგრძო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. იგი მოწითალოა, ხოლო სრული სიმწიფის დროს მუქი ვარდისფერი ხდება. მარცვლის კანი სქელია და მკვრივი. რბილობი ხორციანია, კნატუნა, მცირეწვნიანი. მარცვალი ადვილად ეცლება რბილობს. გემო ტკბილი და სასიამოვნო აქვს, ძლიერ სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით.
წიპწა
მარცვალში უფრო ხშირად 1-2 წიპწაა, იშვიათად 3-4 წიპწაც გვხვდება. წიპწები საკმაოდ მსხვილია. იგი მომრგვალო-მოგრძო ფორმისაა და ღია ყავისფერია, ხოლო ნისკარტისკენ ნარინჯისფერი ხდება. წიპწები არათანაბარია. უფრო ხშირად გვხვდება მომრგვალო-ცილინდრული, მოკლენისკარტა წიპწები. წიპწის სიგრძე 0,6-0,75 სმ, ხოლო განი 0,4-0,45 სმ უდრის. ქალაძა ოვალურია, იგი მდებარეობს წიპწის ზედა ნაწილში და ოდნავ ჩაზნექილია. ღარტაფი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ ღრმა და განიერია; იგი ყოფს წიპწას ორ (უმეტეს შემთხვევაში არათანაბარ) ნაწილად. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია. ღარები ნაწიბურის ორივე მხარეზე კარგადაა გამოსახული, მათი ფუძე ნარინჯისფერია. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა და მისი სიგრძე 1,5-2,0 მმ არ აღემატება.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგატაციო ფაზების მსვლელობა
ფენოდაკვირვებანი სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა აფხაზეთის მევენახეობის დასაყრდენ პუნქტზე, სოფ. ახალსოფლის საკოლექციო ვენახში. ფენო დაკვირვებებს აწარმოებდა 1936 წლიდან 1938 წლამდე პუნქტის გამგე ვლ. ტაბიძე, მის შემდეგ ალ. იობიძე. მათი მონაცემების მიხედვით 1937 და მომდევნო წლების განმავლობაში ცხენისძუძუს სავეგეტაციო ფაზები შემდეგნაირად მიმდინარეობდა. როგორც მონაცემებიდან ჩანს, ცხენისძუძუს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 179-188 დღეს უდრის. სრული სიმწიფის დადგომის ვადის მიხედვით ცხენისძუძუ სიმწიფის IV პერიოდის ვაზის ჯიშებს ეკუთვნის. აფხაზური ვაზის ძირითად ჯიშებთან შედარებით ცხენისძუძუ შედარებით უფრო საადრეო ჯიშია. პროფ. თ. კვარაცხელიას და ალ. იობიძის დაკვირვების მიხედვით გუდაუთის რაიონში ცხენისძუძუ შუა ოქტომბერში მწიფდება.
რქების მომწიფების ხარისხი
ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის ცხენისძუძუს ერთწლიანი რქები თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს. ცხადია, გრძელი სავეგეტაციო პერიოდისა და საკმაო აქტიური ტემპერატურის პირობებში, აფხაზეთში ცხენისძუძუზე უფრო საგვიანო ჯიშების ვაზის რქებიც კი თავისუფლად ასწრებენ მომწიფებას ფოთოლცვენის დასრულებამდე. ცხენისძუძუ, გარდა აფხაზეთისა, იცდება აგრეთვე კახეთში – მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. თელავში, სადაც მისი რქები ფოთოლცვენის დასრულებამდე ასწრებს მომწიფებას, მაგრამ ზოგიერთ წლებში როგორც ყურძენი, ისე ვაზის რქები სრულ სიმწიფეს ვერ აღწევს.
ვაზის ზრდის სიძლიერე
აფხაზური სხვა ვაზის ჯიშებთან შედარებით სოფ. ახალსოფლის საკოლექციო ვენახში ცხენისძუძუ საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება. პროფ. თ. კვარაცხელიას, კ. მაჭავარიანს, გეევსკისა და შარერს ცნობა ცხენისძუძუს ზრდის სიძლიერის შესახებ არ მოჰყავთ, ალბათ იმიტომ, რომ ამ ნიშნის მიხედვით იგი არ გამოირჩევა სხვა ჯიშებისაგან.
მოსავლიანობა
ცხენისძუძუ მოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისი მოსავალი აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალსოფელში დიდი დატვირთვის შემთხვევაში 16 კგ აღწევს ერთ ძირზე. ხოლო მისი საშუალო მოსავალი 38-40 კვირტის დატოვებით ძირზე 7,0-7,5 კგ უდრის, რაც ჰექტარზე გადაყვანით 190-200 ცენტნერ ყურძენს შეადგენს. პროფ. თ. კვარაცხელია ცხენისძუძუს მცირემოსალვიან ჯიშად თვლის. სოფ. ახალსოფელში ჩატარებული (ა. იობიძე) აღრიცხვების მიხედვით ცხენისძუძუს მოსავლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ 1,3-1,4 უდრის, ხოლო მტევნის საშუალო წონა 120-150 გ და ვაზზე 40 რქის დატოვების შემთხვევაში ერთი ძირის მოსავლიანობა 6,2-დან 8,4 კგ-მდე აღწევს, რაც ჰექტარზე 168-220 ცენტნერს შეადგენს.ცხენისძუძუს შედარებით მცირე მოსავლიანობა წარსულში გამოწვეული იყო ჭარბი ყვავილცვენით, შეუფერებელი ფორმირებითა და მოკლე გასხვლით.როგორც ცნობილია, მრავალი საუკუნის განმავლობაში აფხაზური ვაზის ჯიშები შერჩეული იყო მაღლარად ფორმირებისათვის და შეგუებული დიდ დატვირთვას. ასეთ პირობებში ისინი იძლეოდა უხვ და ხარისხოვან მოსავალს. ჯიშის გამომუშავებულ ამ თვისების უკეთ გამოყენების მიზნით საჭიროა გამოვლინდეს ჯიშისათვის უფრო შესაფერი გასხვლისა და ფორმირების წესი, რომლის დროს შესაძლებელი იქნება ვაზის ოპტიმალური დატვირთვა. სოფ. ახალსოფელში და მევენახეობის სხვა რაიონებში მიღებულ გამოცდილების გათვალისწინებით ცხენისძუძუსათვის საშუალო დატვირთვის ფორმებიდან უფრო შესაფერისი აღმოჩნდა ძველი ქართული ოლიხნარული ფორმა, ამავე დროს სასურველია ცხენისძუძუზე გამოიცადოს თანამედროვე მარაოსებრი და ორმხრივი კორდონის ფორმები კვების არის სიდიდისა და ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით 2-4 სასხლავი რგოლის მიცემით. აღნიშნულ ფორმების ფართო გამოცდით გამოვლინდება ჯიშისათვის უფრო შესაფერი ფორმირება და დატვირთვის გაზრდით მიღწეული იქნება მოსავლიანობის გადიდება. ამჟამად მოსავლიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდებული უნდა იქნეს ყვავილობის დაწყებამდე მოზარდი ყლორტის წვერების წაწყვეტა მარცვლების გამოხორბვლის ნორმალურ ოდენობამდე გასადიდებლად და საშუალო სიმკვრივის მტევნების მისაღებად.
სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა
აფხაზეთის დასაყრდენი პუნქტის საკოლექციო ვენახში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით, ზრდა-განვითარების თანაბარ პირობებში, ცხენისძუძუს გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ აფხაზეთის სხვა ვაზის ჯიშებთან შედარებით საშუალოა. ჩვენი დაკვირვებით ცხენისძუძუ ნაცარს უფრო უკეთ უძლებს, ვიდრე ჭრაქს. საერთოდ ცხენისძუძუს მარცვლები უფრო ხშირად სუფთა და საღია. პროფ. თ. კვარაცხელიას აღნიშნული აქვს ცხენისძუძუს დაზიანება ჭრაქითა და ატრაკნოზით დაზიანების პირობებისა და ხარისხის აღუნიშნავად. მარცვლებისა და ფოთლების მავნებლებისაგან დაზიანება მრავალი წლების განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებებით აღნიშნული არ ყოფილა.
ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნის გარეგნული შეხედულების, მექანიკური შედგენილობისა და წვენის ქიმიური შეცულობის მაჩვენებლების მიხედვით ცხენისძუძუს ყურძენი სადესერტო (სასუფრე) მიმართულებისაა და წარმოებაშიაც ჯიშს, ძირითადად, ამ მიმართულებით იყენებენ.
მტევნის მექანიკური შედგენილობა
აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე ვლ. ტაბიძის მიერ წარმოებული ანალიზების მონაცემები ცხენისძუძუს მტევნების შედგენილობის შესახებ მოყვანილია ქვემოთ (იხ. ცხრ. 2).როგორც მე-2 ცხრილში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ცხენისძუძუს წვენის საკმაოდ კარგი გამოსავლიანობა ახასიათებს, რის გამოც იგი საღვინედაც შეიძლება გამოდგეს.
ტკბილის ქიმიური შედგენილობა
ცხენისძუძუს ყურძნის ტკბილს საკმაო მაღალი შაქრიანობა და შესაბამისი მჟავიანობა ახასიათებს. ცალკეულ წლებში მისი შაქრიანობა 19-21% აღწევს და საკმაოდ მაღალი მჟავიანობას ინარჩუნებს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე და თელავის ზონალურ საცდელ სადგურზე ჩატარებული ანალიზის შედეგების მონაცემებით, ცხენისძუძუს შაქრიანობა-მჟავიანობის კარგი მაჩვენებლები აქვს, რომელთა მიხედვით მოსალოდნელია კარგი ღირსების ღვინის მიღება. ჯიშის ეს თვისება მეტად ხელსაყრელია, რადგან ყურძენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სასუფრედ, ისე საღვინედ მოთხოვნილებისდა მიხედვით.
ყურძნის დახასიათება და პროდუქციის ხარისხი
ცხენისძუძუ სასუფრე ყურძნის ჯიშია და მას წარმოებაში, ძირითადად, ამ მიმართულებით იყენებენ. მთელ რიგ ავტორებს პროფ. თ. კვარაცხელიას, კ. მაჭავარიანსა და სხვებს ცხენისხძუძუ დახასიათებული აქვს როგორც კარგი სასუფრე ყურძენი, ხოლო გევსკისა და შარერს, აგრეთვე ჩერნიავსკის აღნიშნული აქვს, რომ ცხენისძუძუ (აჩკიკა) ძველად, მუქი წითელი ფერის ჩინებულ ღვინოს იძლეოდა. აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე ცდები ამ მიმართულებით წარმოებული არ ყოფილა, თუმცა შაქრიანობა-მჟავიანობის ოდენობა და მათი ურთიერთთან შეფარდება მიგვითითებს ცხენისძუძუს ყურძნის საღვინედ გამოყენების შესაძლებლობაზე. საჭიროა ჯიში ფართოდ გამოიცადოს ამ მიმართულებითაც. ცხენისძუძუ ახლო მანძილზე გადაზიდვას კარგად იტანს და დიდხანს ინახება. ცხენისძუძუ სასუფრე მიმართულების კარგი ღირსების ყურძნის მომცემი ჯიშია.
საერთო შეფასება და დარაიონება
ცხენისძუძუ ადგილობრივი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია. იგი გვხვდება თითო-ოროლა ვაზების სახით გუდაუთის რაიონში კოლმეურნეთა საკარმიდამო ნაკვეთებზე. ცხენისძუძუს ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებენ. მას ახასიათებს საკმაოდ გრძელი (20-26 სმ) ცილინდრული ან დატოტვილი ფორმის მეჩხერი მტევნები და მსხვილი, ოვალური ან მოგრძო, მუქი ვარდისფერი მარცვლები. მისი მტევნები ლამაზი გარეგნობისაა, ხოლო მარცვლებს სასიამოვნო გემო აქვს. კარგად იტანს გადაზიდვას ახლო მანძილზე და ხანგრძლივადაც ინახება.ჯიშის დადებითი თვისებებია (გარდა ჩამოთვლილისა) ყურძნის შედარებით მაღალი მოსავლიანობა და ხარისხი, აგრეთვე ყურძნის კარგი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა (ნაცრის) და სიდამპლის მიმართ, სასუფრე ყურძნად ვარგისობა და საჭიროების დროს საღვინედ გამოყენება, ყურძნის შაქრიანობა-მჟავიანობა და მათი შეფარდება ამის კარგი საწინდარია.
ჯიშის უარყოფით თვისებად ჩაითვლება მისი შედარებით სუსტი გამძლეობა მილდიუმის (ჭრაქის) მიმართ და უხვი ყვავილცვენა, რის შედეგად ჯიში ხშირად ძალზე მეჩხერ მტევნებს ივითარებს. აღნიშნული ნაკლი შედარებით ადვილი გამოსასწორებელია ვენახის დროული და კარგი მოვლა-დამუშავებით.ჯიში პერსპექტიულია სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების კარგი ღირსების სასუფრე ყურძნით მოსამარაგებლად და ყურძნის მოხმარების სეზონის გასახანგრძლივებლად.ცხენისძუძუ თავისუფლად შეიძლება რეკომენდებული იქნეს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შესატანად გაგრის, გულრიფშის, გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში გავრცელების მიზნით.ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე საქართველოს მევენახეობის ძირითად რაიონებში ფართო გამოცდის შემდეგ გასავრცელებლად.
წყარო: საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე