„ცხიმებთან მებრძოლი“ არომატული სანელებელი უზარმაზარი სასიყვარულო ძალით
დღეს მინდა გაგაცნოთ პოპულარული სანელებელი, რომელიც უყვართ ყველა ქვეყნის სამზარეულოში და არომატის მისაცემად უმატებენ პრაქტიკულად ყველა კერძს. ეს გახლავთ თავშავას მონათესავე სახეობა, არანაკლებ პოპულარული მაიორანი (Origanum majorana L.).
ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში მაიორანი პოპულარული იყო როგორც სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. მაიორანის თაიგულებს ჩუქნიდნენ აღტაცების ნიშნად.
- ძველი ეგვიპტელები მას მაგიურ მცენარედ მიიჩნევდნენ, ფიქრობდნენ რომ მაიორანს მოაქვს ბედნიერება და მატებს სიმამაცეს. ძველ რომაელებს მიჩნდათ, რომ მცენარეს აქვს უზარმაზარი სასიყვარულო ძალა და უმატებდნენ ხელსაბან წყალს.
XVI საუკუნეში საყნოსი თამბაქოს მსგავსად, მაიორანს თითებით ფშვნიდნენ და იყნოსავდნენ. მცენარე წმენდდა სასუნთქ გზებს, ააქტიურებდა გონებას, აუმჯობესებდა მეხსიერებას, ამაგრებდა გულს. ევროპაში ლუდის ხარშვისას სვიის ნაცვლად, იყენებდნენ მაიორანს.
ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებები თავმოყრილია ფოთლებსა და საყვავილე ღეროებში. შეიცავს დიდი ოდენობით ეთერზეთებს, ვიტამინებს, ფიტონციდებს, თუთიას, მანგანუმს და სხვა მინერალურ მარილებს.
სანელებლად იყენებენ მცენარის ნორჩ ყლორტებს, ფოთლებს და საყვავილე კვირტებს, ნედლს, ან გამშრალს, ფხვნილის და ნაყენის სახით (ხმელ ფოთლებს ასხამენ მდუღარეს, მიჰყავთ ადუღებამდე და წურავენ).
სანელებელს აქვს ქაფურის მსგავსი, ყვავილების მოტკბო-ცხარე არომატი და მოცხარო-მწარე, ნაზი და სასიამოვნო გემო.
- აღსანიშნავია, რომ მაიორანი აიოლებს ცხიმიანი, მძიმე საკვების გადამუშავებას და განსაკუთრებით სასარგებლოა ძნელად მოსანელებელი ბოსტნეულის (ბარდა, ლობიო და სხვ.) და ზედმეტად ცხიმიანი ხორცის (ღორი, ცხვარი, ქათამი, იხვი და ბატი) კერძებში.
ფართოდ გამოიყენება მაიორანი ძეხვეულის, სოუსების და საწებლების წარმოებაში, ბოსტნეულის კონსერვირებისას. აგრეთვე, სხვადასხვა ტკბილი და გამაგრილებელი სასმელის არომატიზატორად. მაიორანის ჩაი საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია. 3-5 დღეში ძმარს აძლევს სასიამოვნო არომატს. ფრანგები იყენებენ ღვინის, გერმანელები კი – ლუდის წარმოებაში.
მძაფრი არომატის მაიორანი იხმარება სხვა, ასევე მძაფრ სანელებლებთან ერთად, სანელებელი კერძს ემატება სუფრაზე მიტანის წინ.
მაიორანის პრეპარატები აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, არეგულირებს წნევას, ზრდის მადას, ამსუბუქებს თავის, კბილის და მენსტრუალურ ტკივილებს, შაკიკს, კრუნჩხვებს, ხველას. ეფექტურია მეტეორიზმის, ღვიძლის, თირკმელების, ნაღვლის ბუშტის, ფილტვების და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. რეკომენდირებულია ასთმის, ალერგიების, დეპრესიების და ნერვული აშლილობისას, აწესრიგებს ძილს, ამაღლებს იმუნიტეტს.
მაიორანის ანტისეპტიკური მოქმედების სამკურნალო მალამოები და ზეთი გამოიყენება დაჟეჟილობის, ნახეთქების, ნაღრძობის, დაჭიმულობის, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ოსტეოქონდროზის, პოდაგრის, რევმატული დაავადებების და ნევრალგიური ტკივილების დროს.
ჰომეოპათიაში მაიორანის პრეპარატებს იყენებენ სექსოპათოლოგიასა და ნერვული აშლილობებისას, აგრეთვე, როგორც მატონიზირებელ საშუალებას.
თანამედროვე მედიცინაში მაიორანი სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად, გამოიყენება სასუნთქი გზების და მომნელებელი სისტემის დაავადებების, პარალიჩის და ნევრასთენიის სამკურნალოდ. ზეთი ინჰალაციისთვის – სასუნთქი გზების ანთების და სურდოს დროს, განსაკუთრებით ბავშვებში.
- კოსმეტოლოგიაში მაიორანისგან ამზადებენ კანის გამწმენდ და ფორების შემკვრელ ლოსიონებს, ანტიცელულიტურ სამასაჟე და თმის გამაჯანსაღებელ ნიღბებს. მაიორანის ლოსიონები არბილებს გაუხეშებულ ხელის და ფეხის კანს, ანაზებს და აუმჯობესებს კანის ფერს.
აღსანიშნავია, რომ მაიორანი ძალიან პოპულარულია დიეტოლოგიაში. სანელებლის უნარი, ჩაანაცვლოს მარილი და წიწაკა, აგრეთვე, მიეხმაროს ორგანიზმს ცხიმიანი საკვების მონელებაში, ეფექტურად გამოიყენება დიეტურ კვებაში გაცხიმოვნებასთან ბრძოლის, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული ნაწლავური პათოლოგიების, დიარეის და ყაბზობის დროს.
დიასახლისებო, გაახარეთ კიდევ ერთი სასარგებლო სანელებელი და დატკბით მისი არომატითა და შეუდარებელი თვისებებით.
ნინო გოცაძე,
წყარო: sputnik-georgia.com