ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების გზამკვლევი
აღიარება – რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებაა.
აღიარებას ექვემდებარებიან ის ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან.
აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება, აღიარების გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ბიზნესოპერატორის აღიარების პროცედურები:
1. ბიზნესოპერატორი განცხადებით მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ აპარატს ან ტერიტორიულ ორგანოებს.
2. განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ადგილზე ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი.
3. სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით სააგენტო 10 დღის განმავლობაში ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობითი აღიარების ან უარს აცხადებს აღიარების მინიჭებაზე.
4. სააგენტო უვადო აღიარებას ანიჭებს ბიზნესოპერატორს თუ მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. თუ სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით ბიზნესოპერატორის საქმიანობა არ შეესაბამება საქართველო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლოობით დადგენილ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორს ენიჭება პირობითი აღიარება ექვსი თვის ვადით და შეუსაბამობების ხასიათიდან გამომდინარე ეძლევა მითითებები ვადის გათვალისწინებით მათ აღმოსაფხვრელად.
6. პირობით აღიარების მინიჭებიდან ექვსი თვის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით სახელმწიფო კონტროლს, რომლის საფუძველზე:
ა) ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ პირობითი აღიარების მინიჭებიდან განმეორებითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებამდე ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს მითითებები და მისი საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
7. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე, ბიზნესოპერატორს ან უუქმდება პირობითი აღიარება და იგი წყვეტს საქმიანობას, ან ენიჭება აღიარება.
8. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს, ანიჭებს აღიარების ან პირობით აღიარების ნომერს და აღიარების შემთხვევში ბიზნესოპერატორის მოთხოვნისამებრ გასცემს „ბიზნესოპერატორის აღიარების სერტიფიკატს“.
აღიარების შეჩერება და გაუქმება
1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე ბიზნეოპერატორის საწარმოო პროცესის შეჩერებაიწვევს აღიარების შეჩერებას.
2. თუ ბიზნესოპერატორი აღიარების შეჩერებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საწარმოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთანშესაბამისობაში მოყვანას, ის მიმართავს სააგენტოს აღიარების აღდგენის თხოვნით და სააგენტოს მიერ ხორციელდება მითითებების შესრულების შემოწმება.
3. სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორისათვის შეჩერებული აღიარების აღდგენა ხდება სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლით. .
4. ბიზნესოპერატორის აღიარების გაუქმება ხდება, თუ:
ა) სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე ბიზნესოპერატორს სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ექნება შეჩერებული აღიარება;
ბ) აღიარების შეჩერების ხანგრძლივობა აღემატება ერთ წელს;
გ) ბიზნესოპერატორი მიმართავს სააგენტოს აღიარების გაუქმების მოთხოვნით.
ბიზნესოპერატორის ვალდებულებები
1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:
ბ. ა) გაუუქმებს აღიარებას;
ბ.ბ) შეუჩერებს აღიარებას;
ბ.გ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.
2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში ცვლილებების ან/და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
გასაჩივრების წესი
ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების თაობაზე, აღიარების აღდგენის თაობაზე უარი თქმის ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღიარების განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ