დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

წმინდა ბარძიმში  ჩასასხმელი ზედაშე  ღვინის  დაყენება

ზედაშე ღვინო წმინდა ბარძიმში ჩასასხმელი ღვინოა. მოძღვრის მიერ ზიარების რიტუალის ჩატარების შემდეგ ის პურთან ერთად ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება და მრევლი „იხმევს“. გარდა ზიარებისა, ზედაშე ღვინო, ჯვრისწერის, ნათლობისა და ყველა სხვა საეკლესიო რიტუალების შესრულების დროს გამოიყენება.

 ბარძიმში ჩასასხმელ ზედაშე ღვინოს მხოლოდ წითელი ფერის ყურძნისგან აყენებენ. არის მოსაზრება, რომ წმინდა ბარძიმში ჩასასხმელი ღვინო, მხოლოდ ისეთი ჯიშის ყურძნისგან უნდა დამზადდეს, რომლებიც შხამ-ქიმიკატებისგან შეწამვლას არ საჭიროებენ, მაგ. დირბულა, ვაქირულა, ჯვარისა და სხვა. ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშეს დასაყენებელი ყურძნის ჯიშის გამოყოფა, ვფიქრობთ, ჩვენი ძველი ტრადიცია არ უნდა იყოს და ეს ვაზის შხამქიმიკატებით შეწამვლის დაწყების შემდეგ დამკვიდრებული მითია. ჩვენი წინაპარი ბარძიმში ჩასასხმელ ღვინოს ყველა მაღალხარისხიანი წითელი ყურძნის ჯიშიდან აყენებდა და დღესაც ასე უნდა მოვიქცეთ, იმ განსხვავებით, რომ ამ ღვინის დასაყენებელი ყურძენი, ბიოღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის წარმოების ტექნოლოგიით უნდა მოიწიოთ. დღეს მევენახეობაში ფართოდ ინერგება ვაზის დაავადებებისგან დაცვის მეთოდი, რომელიც შხამქიმიკატების ალტერნატივით ოზონირებული წყლით და წყალბადის ზეჟანგით ვაზის მწვანე მასის დამუშავებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ოზონირებული წყალი 2 სთ-ის შემდეგ, ხოლო წყალბადის ზეჟანგი 24 სთ-ის შემდეგ ჩვეულებრივ წყლად და ჟანგბადად იშლება, ანუ კონტაქტური პრეპარატებია და ნაშთს არ ტოვებს. ეს კი ზედაშე ღვინის უცხო ნივთიერებებისგან დაბინძურების პრობლემას მოხსნის. სწორედ ეს პრეპარატები იძლევა საშუალებას, საერთოდ უარი ვთქვათ ყურძნის და ღვინის წარმოებაში გოგირდისა და პესტიციდების გამოყენებაზე.

წმინდა ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშე ღვინის დასაყენებელი ყურძნის ვენახი საეკლესიო რიტუალების დაცვით უნდა გაშენდეს. ეკლესია-მონასტრები წელიწადში რამდენიმე ასეულ ლიტრ საბარძიმე ღვინოს მოიხმარენ, ამიტომ მისი დასაყენებელი ყურძნის მისაღებად ვენახის გაშენება, რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზეა საჭირო, ამიტომ საქართველოს ეკლესია-მონასტერთა უმრავლესობას ამ რაოდენობის ღვინის დასაყენებელი ვენახის გაშენება და მოვლა არ უნდა გაუჭირდეთ. ასევე, შეიძლება ეკლესია-მონასტერთა უმრავლესობამ ეს პრობლემა საკუთარ ეზოში რამდენიმე ძირი მაღლარი ვაზის გაშენებით გადაწყვიტოს.

 ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშე ღვინისთვის განკუთვნილი სავენახე ტერიტორია დამუშავების წინ უნდა იკურთხოს. ვაზის სარგავი ნერგი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს და დარგვის წინ გაწმენდა-დეზინფექცია ოზონირებული წყლით ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ჩაუტარდეს და ასევე, უნდა იკურთხოს. ბარძიმში ჩასასხმელი ღვინის ვაზზე, არც დარგვის დროს და არც მის შემდეგ, ორგანული და არაორგანული სასუქები არ უნდა გამოიყენოთ. ასეთ ვენახს გასანოყიერებლად, მხოლოდ ბიოჰუმუსი უნდა მიეცეს. ვენახის მოვლის დროს მუშაობა ლოცვით უნდა დაიწყოთ და ლოცვით უნდა დაამთავროთ. ასევე, რთველი და ღვინის დაყენების ყველა ოპერაცია, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით და გალობით უნდა წარიმართოს. ვაზი, რომლის მოსავლიდან ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშე ღვინო უნდა დააყენოთ უმჯობესია საფერის, ალადასტურის ან ალექსანდროულის ჯიშის იყოს. 

ტრადიციულად, წმინდა ბარძიმში ჩასასხმელ ზედაშე ღვინოს, როგორც წესი, ეკლესია-მონასტრებში აყენებდნენ და ასე უნდა ხდებოდეს დღესაც. რა თქმა უნდა, იქ, სადაც ვაზი ხარობს და სადაც ღვინის დაყენება შეიძლება. ეს იმიტომაა აუცილებელი, რომ ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშეს დაყენების დროს, შესასრულებელია საეკლესიო რიტუალები (კურთხევა, კმევა და ლოცვა-გალობა), რომელთა სათანადო დონეზე შესრულება ოჯახის პირობებში არ ხერხდება.

ეკლესია-მონასტრებისთვის, რომლებსაც ვენახი არ აქვთ და გაშენებასაც ვერ ახერხებენ, შეიძლება მისაღები იყოს ზედაშე ღვინის დაყენების ასეთი გზა: უნდა აირჩიოთ კარგი ვენახის მეპატრონე ოჯახი და გახდეთ მისი პარტნიორი, ანუ ყოველწლიურად ამ ოჯახს უნდა შეუკვეთოთ ზედაშე ღვინის დაყენება. სათანადო საეკლესიო მსახურების ჩასატარებლად ყურძნის კრეფისა და ღვინის დაყენების პროცესში მონაწილეობა, ღვინის დამკვეთი მონასტრის მღვდელმა უნდა მიიღოს. ბარძიმში ჩასასხმელად იმ შემოწირული ღვინის გამოყენება, რომლის ბუნებრიობაში ეკლესიის წინამძღვარი დარწმუნებული არ არის, ცოდვად ითვლება, ანუ ქარხნული წესით დაყენებული და ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ამ მიზნით გამოყენებას ეკლესია-მონასტრები უნდა მოერიდონ. ზედაშე ღვინის დასაყენებელი ყურძნის კრეფის წინ „მეზედაშე“ ბერები, სულიერადაც უნდა განიწმინდონ და ფიზიკურადაც, ანუ მოძღვარს აღსარება უნდა ჩააბარონ.  

ყურძენი, რომლითაც წმინდა ბარძიმში ჩასასხმელ ღვინოს აყენებენ, აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს და საწნახელში შიშველი ფეხით უნდა დაიწუროს (დღეს უფრო მეტად რეზინის ჩექმას იცვამენ). ყურძნის დაწურვის დაწყების წინ მწურავმა ფეხები თბილი წყლითა და საპნით დაბანვის შემდეგ, თეთრი სუფთა ტილოთი კარგად უნდა შეიმშრალოს რათა, ფეხს წყალი არ ჩაჰყვეს. ყურძნის წურვის დაწყებამდე აუცილებელია მარნის კურთხევა, ასევე, ყურძნის წურვის დასრულებამდე უნდა ენთოს სანთელი და მთელი პროცესის განმავლობაში უნდა იყოს გალობა და ლოცვების კითხვა. ისე, როგორც წყალს ღვინოსაც დიდი მახსოვრობის უნარი აქვს. ტკბილი აუცილებლად ქვევრში უნდა დადუღდეს და საერთოდ ღვინის დაყენების ყველა ოპერაცია ქვევრში უნდა წარიმართოს.

არ შეიძლება წმინდა ბარძიმისთვის განკუთვნილი ზედაშე ღვინის საფუვრის წმინდა კულტურაზე დადუღება. ღვინის დაწმენდა მხოლოდ ბუნებრივი მეთოდით უნდა მოხდეს და ამ მიზნით არ შეიძლება გამწებავ საშუალებათა გამოყენება. ასევე, უნდა ვერიდოთ ღვინის სტაბილიზაციის მიზნით გოგირდის გამოყენებას (დღეს უკვე ფართოდ ტარდება გოგირდის დეზინფექციის ოზონაირით ჩანაცვლება). აუცილებელია, საბარძიმე ზედაშეს დაყენებაზე ყოველწლიურად ერთი და იგივე ბერები მუშაობდნონ. ს.ს. ორბელიანის ლექსიკონში არის სიტყვა „მეზედაშე“, რომელიც ზედაშეს დამყენებელს ნიშნავს. საბარძიმე ზედაშე კახური წესით უნდა დააყენოთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ეს ის ღვინოა, რომელიც ქრისტეს სისხლად უნდა გადაიქცეს. ამიტომ ჭეშმარიტად ბუნებრივი უნდა იყოს.

დღეს ეკლესია-მონასტრები ბარძიმში ჩასასხმელ ღვინოს ყიდულობენ ან ამ მიზნით შემოწირულ ღვინოებს იყენებენ, ამიტომ მისი ბუნებრიობის არანაირი გარანტია არ არსებობს, რაც ცოდვაში აგდებს მყიდველსაც, გამყიდველსაც და შემომწირველსაც, ამიტომ ამ ღვინის სიწმინდეზე და ბუნებრიობაზე, პირველ ყოვლისა, საპატრიარქო უნდა ზრუნავდეს. ყველაფრისგან დაზღვეული რომ იყოს, საპატრიარქომ, ალბათ, თვითონ უნდა გააშენოს 15-20 ჰექტარი საფერავის ჯიშის ვაზი და ბარძიმში ჩასასხმელი ღვინო, ყველა ეკლესია-მონასტრისთვის ცენტრალიზებული წესით უნდა დააყენონ. ამისთვის საპატრიარქოს ყანაც აქვს, მუშახელიც და მარანიც. სულაც შეიძლება ასეთი ღვინოების დიდი რაოდენობით წარმოება და მით მოძმე, ქრისტიანული ეკლესიების მომარაგება, რომლიდან მიღებული შემოსავალი დიდად წაადგება ჩვენს ეკლესიას.

ისე, როგორც ღვინის დაყენების სხვა დანარჩენი მეთოდები, ზედაშე ღვინის დაყენების მეთოდიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სწავლება კი პროცესში პირადი ჩართულობით ხდებოდა. ამიტომ ბარძიმში ჩასასხმელი ღვინის დაყენების მეთოდი წერილობითი სახით შეიძლება არც იყოს, თუ სადმე არის, ის აუცილებლად ეკლესია მონასტრის არქივებში უნდა იყოს დაცული და იქ უნდა იქნას მოძიებული. ერში კი ეთნოგრაფებს და ისტორიკოსებს ამის მსგავსი ჯერჯერობით არაფერი უნახავთ. რაც შეეხება აქ მოცემულ მეთოდს, მართალია, ეს თვითშემოქმედება და ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობითაა შედგენილი, მაგრამ ის გარანტიას იძლევა, ყველა საეკლესიო რიტუალის დაცვით ჭეშმარიტად ბუნებრივი ღვინო დადგეს. თუ რამ აკლია ამ მეთოდს, აკლია იმ ლოცვის ზუსტი ტექსტი, რომელიც ბარძიმში ჩასასხმელი ზედაშე ღვინის დაყენების დროს იკითხებოდა, შეიძლება გალობაც განსაკუთრებული ჰქონდა. ვფიქრობთ, ასეთი ლოცვა-გალობა, ქართულ ეკლესიაში აუცილებლად იქნებოდა და არსად დაიკარგებოდა. ჩემგან გამოკითხულ სასულიერო პირებმა ამის შესახებ სანუგეშო ვერაფერი მითხრეს. თუ არ გვაქვს, მაშინ ახლის დაწერაზე მათ უნდა იფიქრონ, ვისაც ეს ხელეწიფება.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155