ტურისტები „ელკანას“ საკონსერვაციო საქმიანობას გაეცნენ
14 სექტემბერს სოფლის მეურნეობით დაინტერესებული გერმანელი ტურისტების 30 – კაციანი ჯგუფი „ელკანას მარცვლეულის კიდობანს” ესტუმრა, სამცხე-ჯავახეთში, სოფელ წნისში.
ტურისტებმა დაათვალიერეს მეურნეობა, გაეცნენ „ელკანას“ საკონსერვაციო საქმიანობას, ნახეს მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნათესები, ხორბლის ხუთი ენდემური სახეობის თავთავების ნიმუშები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე.
ამავდროულად, მონაწილეობა მიიღეს ახალციხის (მესხური) წითელი დოლისა და დიკას პურის ცხობასა და მესხური აპოხტის ხინკლის მომზადების მასტერკლასში. მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძის – აპოხტის ხინკლის მასტერკლასი „ელკანას“ წევრმა ფერმერმა, ზაზა ივანიძემ ჩაატარა. ტურისტებმა დააგემოვნეს წითელი დოლისა და დიკას ფქვილით გამომცხვარი სურნელოვანი პური, პარკოსანი კულტურების მარცვლეულით მომზადებული კერძები და ადგილობრივი ჯიშის ვაშლები.
საქართველოს ექსკლუზიური 11 – დღიანი ტური, ტურისტული კომპანია „ჯორჯია ინსაითის“ ორგანიზებითა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, ჰაინც გენგენბახთან და გიუნთერ ზემლერთან ერთად მიმდინარეობდა.
სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანები 11 დღის განმავლობაში ესტუმრნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, შეხვდნენ „ელკანას“ წევრ ბიოფერმერებს და გაეცნენ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბიზნესებს.