უკრაინიდან ნიგოზის მიწოდება შეჩერდა – რას ნიშნავს ეს ქართული ბაზრისთვის?
საქართველოში ნიგოზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია – როგორც საოჯახო მოხმარებისთვის, ისე გადამმუშავებელი მრეწველობისთვის.
ბოლო მონაცემებით, ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: უკრაინიდან ნიგვზის მიწოდება ფაქტობრივად შეჩერდა.
შექმნილი გარემოება პირდაპირ გავლენას ახდენს იმპორტის სტრუქტურაზე, ფასებზე და ადგილობრივი წარმოების პერსპექტივებზე.
2025 წლის 11 თვის განმავლობაში უკრაინიდან საქართველოში ნიგვზის მიწოდება ფაქტობრივად შეჩერდა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე უკრაინა ნიგვზის უმსხვილეს სამ მომწოდებელს შორის იყო და ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი ეკავა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველომ სულ 3056 ტონა, 13,1 მილიონი დოლარის ღირებულების ნიგოზი შეიძინა.
იმპორტის ძირითადი წილი ქვემოთ მოცმეულ ქვეყნებზე გადანაწილდა:
- ჩინეთი – 1807 ტონა, 7,9 მლნ დოლარი;
- უზბეკეთი – 1042 ტონა, 4,2 მლნ დოლარი;
- ასევე შედარებით მცირე მოცულობით კაკალი შემოვიდა ყირგიზეთიდან, ჩილედან და თურქეთიდან.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ბაზარზე სწრაფად მოხდა ალტერნატიული მომწოდებლების ჩანაცვლება, თუმცა ლოგისტიკა და პროდუქციის ხარისხი განსხვავებულია, რაც ფასზეც აისახება.
იმპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოს საკუთარი ნიგვზის ექსპორტი თითქმის ორჯერ შემცირდა და მხოლოდ 82 ტონა (651 ათასი დოლარი) შეადგინა.
ქართულ ნიგოზსს ძირითადად ექსპორტზე აგზავნიდნენ:
- საბერძნეთში;
- ირანში.
ექსპორტის შემცირება მიუთითებს როგორც მოსავლიანობის პრობლემებზე, ისე იმაზე, რომ შიდა ბაზარი დიდ რაოდენობას თავად მოითხოვს.
საქართველო კაკლის მსოფლიო მოხმარებაში ლიდერობს
საინტერესო და საყურადღებო ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიოში, კაკლის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებით, პირველ ადგილზეა.
საშუალოდ, ერთი მოქალაქე წელიწადში 1,04 კგ. კაკალს მოიხმარს, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით რვაჯერ აღემატება.
ეს გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კაკლის კულტურის მნიშვნელობას ქვეყნის საკვებ უსაფრთხოებასა და აგრარულ ეკონომიკაში.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინულ და ქართულ პორტებს შორის ახალი საბორნე (საპარნე) მარშრუტის ამოქმედება იგეგმება, რაც მომავალში შესაძლოა ვაჭრობის აღდგენას შეუწყოს ხელი, მათ შორის აგროპროდუქციის მიმართულებითაც.
უკრაინიდან ნიგვზის მიწოდების შეჩერებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი კაკლის წარმოების განვითარება.
მაღალი შიდა მოხმარების პირობებში, ქართული კაკალი ფერმერებისთვის შეიძლება სტაბილური შემოსავლის წყარო გახდეს, ხოლო სახელმწიფოსთვის _ საკვანძო კულტურა აგრარული პოლიტიკის გასაძლიერებლად.
დღევანდელი რეალობა მკაფიო სიგნალია იმისა, რომ კაკლის პლანტაციების გაშენება, მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება მომავალში არა მხოლოდ შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არამედ ექსპორტის აღდგენის საფუძველსაც შექმნის.

