უსაფრთხოების ზომები საკვების დამზადებისას
საკვების დამზადების ოპერაციების შესრულებისას შესაძლებელია მანქანების გადავლა და გადაბრუნება, სიმაღლიდან გადმოვარდნა, მოძრავი ან მბრუნავი ნაწილებით დაზიანება, განსაკუთრებით აგრეგატების რეგულირებისა და რემონტის დროს.
ბალახების თიბვისა და ბულულებად გაფენის ოპერაციების პროცესში მჭრელი აპარატის გასაწმენდად და მის სატრანსპორტო მდგომარეობაში გადასაყვანად სარგებლობენ სპეციალური კაუჭებითა და ფარებით, მუშაობენ ხელთათმანებით. დანას ცვლის ორი მომუშავე.
დაბლაგვებული, ან დაზიანებული დანების გამოცვლისას საჭიროა დაცული იქნას სიფრთხილის ღონისძიებები. დანის გამოღება თითებიანი ძელიდან და მის ადგილზე ჩასმა უნდა განხორციელდეს ხელთათმანებით, დანის ხის საფენის მომართვით. სათადარიგო დანები უნდა ინახებოდეს ხის ბუდეში. სიმძლავრის ამრთმევ ლილვიდან მომუშავე მანქანების-სამკალისა და სათიბელას დანების გამოცვლა შეიძლება მხოლოდ ტრაქტორის ჩამქრალი ძრავის შემთხვევაში.
თივის გადაბრუნებისა და მოხვეტისას ამოწმებენ მექანიზმების შეერთების საიმედოობას, გარსაცმებისა და სიგნალიზაციის წესივრულობას. თივისაგან სატრაქტორო ფოცხების სამუშაო ორგანოების გაწმენდისას თვალი უნდა ვადევნოთ, რომ ფეხები არ იყოს შეწეული ფოცხის აპარატის ქვემოთ.
ბულულებიდან თივის შეგროვებისას, მისი ბარდანებად დაწნეხვისას, ბარდანების შესანახად დატვირთვისას ამოწმებენ მექანიზმების წესივრულობასა და მუშაუნარიანობას. პირები, რომლებიც აწოდებენ თივას ამკრეფზე, უნდა იყვნენ მანქანიდან არანაკლებ 1,5 მ მანძილზე, ხოლო ფიწალი არ უნდა მიიტანონ წნეხამკრეფის მიმღებ კამერასთან 0,5 მ მანძილზე ახლოს. არ შეიძლება საწნეხ კამერაზე და წნეხამკრეფის სხვა ნაწილებზე ყოფნა, წნეხამკრეფის უქმ სვლაზე მუშაობისას საწნეხ კამერაში ჩახედვა, მუშაობისას წნეხამკრეფის კამერაში თივის წაბიძგება, ამკრეფის ხელით გაწმენდა. თივისა და ნამჯის დასაზვინად იწვევენ მზინავებს-კვალიფიციურ მუშებს, რომლებსაც აქვთ სიმაღლეზე მუშაობის დაშვება და გავლილი აქვთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
მოედანი, სადაც უნდა განხორციელდეს დაზვინვა, უნდა იყოს სწორი და განლაგებული ელექტროგადამცემი ხაზებიდან არანაკლებ 30 მეტრის დაშორებით. დაზვინვის წინ ატარებენ გრძივ ღერძულ ხაზს, რომელზედაც უნდა იმოძრაოს ტრაქტორმა, აგრეთვე განივ შემზღუდავ ხაზს (ტრაქტორის გაჩერების ადგილი ზვინსათრეველას ათრევისას). დაზვინვას აწარმოებენ მხოლოდ დღის საათებში, წესივრულ აგრეგატზე, ქარის სიჩქარის არაუმეტეს 6 მ/წმ მნიშვნელობისას. ჭექა-ქუხილის დროს ზვინის დადგმა დაუშვებელია.
მზვინავების რიცხვი, რომლებიც ერთდროულად იმყოფება ზვინზე, არ უნდა აღემატებოდეს 6-ს, ისინი უნდა მუშაობდნენ ზვინის ნაპირიდან არანაკლებ 1,5 მეტრ მანძილზე. მექანიზატორის მოქმედებებს, რომელიც აწვდის მასას ზვინზე, ხელმძღვანელობს უფროსი მზვინავი, წინასწარ შეთანხმებული სიგნალების მეშვეობით. როცა ზვინის სიმაღლე აღწევს 2.მ მის გარშემო იფინება ნამჯის 2.მ სიგანისა და 1მ. სიმაღლის ფენა. მზვინავები არ უნდა იყონ 3 მ-ზე ახლოს ზვინსადგმელის მიმწოდებელ მოწყობილობასთან. ზვინზე მუშაობისას ასვლა და იქიდან ჩამოსვლა ხდება მისადგმელი, ან დაზღვეული თოკის კიბით. კიბის ზედა ნაწილს ამაგრებენ ბაგირით, რომელიც შეერთებულია არაუმცირეს 14 სმ. დიამეტრისა და 2მ. სიგრძის ლითონის ღეროსთან, რომელიც დადგმული კიბის პერპენდიკულარულად ზვინის ქვედა ნაწილში საწინააღმდეგო მხრიდან არის დასობილი.
აკრძალულია ზვინზე ადამიანების აწევა ზვინსადგმელით. ზვინსადგმელის სატრანსპორტო სიჩქარე ტვირთის გარეშე მყარ საფარიან გზებზე არ უნდა აღემატებოდეს 17 კმ/სთ-ს. არ შეიძლება გადასვლებისას მიგორვით მოძრაობა; ღამით მოძრაობა გაბარიტული მაჩვენებლების გარეშე, კამერებში ადამიანის გადაყვანა; თივის (ნამჯის) ნაწილის მოწყვეტა ამწევ ჩარჩოზე ჩამოკიდებული აწეული პლატფორმიანი ტრაქტორის მობრუნებით, ვიწრო ლიანდზე ზვინსადგმელით მუშაობა, დაზვინვის ადგილას 1,5 მ¬სიმაღლეზე აწეული ცხაურებიანი ფოცხით მისვლა, პირველ გადაცემაზე 3 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მაქსიმალურად აწეული ცხაურიანი ფოცხით მოძრაობა და მკვეთრი მობრუნების განხორციელება, მკვეთრი მოძრაობები, ზვინსადგმელის გახსნილი ჭანგების ქვეშ ყოფნა.
საკვების დამზადებაზე დანიშნულმა მუშებმა უნდა გაიარონ ინსტრუქტაჟი და პერიოდული სამედიცინო შემოწმება. დაზვინვის სამუშაოთა ხელმძღვანელი ნიშნავს უფროს მზვინავს და გამოყოფს დასვენებისა და საკვების მიღების ადგილს, ზვინიდან არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე, უტარებს მუშებს ინსტრუქტაჟს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფს მათ ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარითა და სამედიცინო აფთიაქით. ელექტრომოწყობილობის მომსახურება ევალება ელექტრომონტიორს, რომელსაც აქვს არანაკლებ III ჯგუფის კვალიფიკაცია. აკრძალულია ელექტრო-მოწყობილობისა და გამანაწილებელი ფარების მომსახურება იმ პირის მიერ, ვისაც არა აქვს დაშვება.
თივისა და სენაჟის დამზადების სამუშაოები ტარდება მხოლოდ დღის სინათლეზე. აკრძალულია ელექტროხაზების ქვეშ და სასმელი წყლის ჭებთან და წყალსაცავთან სიახლოვეს, აგრეთვე დახრილ მოედნებზე საკვების ჩადება. ტრანშეებისა და ყორღანების ზომები არ იზღუდება, მაგრამ ყორღანის შემაღლების, ბორტზე შესვლის, ტრანშეედან გამოსვლის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 200-ს. მუშაობის პროცესში ყორღანის წვერი უნდა იყოს ბრტყელი და ჰქონდეს არანაკლებ 12 მ2 ფართობი. გამოუყენებელ ტრანშეებს ღობავენ, ხოლო იმათ, რომელიც არ იქნება გამოყენებული, ავსებენ მიწით. მასის სათიბ და დამქუცმაცებელ ტექნიკას ამზადებენ საქარხნო ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
სენაჟისა და სილოსის დამზადების სამუშაოების დაწყების წინ ზრდიან სატრანსპორტო საშუალებების ბორტებს და ამოწმებენ საკეტებს, ამზადებენ საცავებთან და მინდვრებთან მისასვლელ გზებს, თვალს ადევნებენ სატრანსპორტო საშუალებების ძარის გავსებას. სატრანსპორტო საშუალებები მწვანე მასით დატვირთვისას მოძრაობენ კომბაინის მარცხენა მხრიდან არანაკლებ 1,5 მეტრ მანძილზე, სატრანსპორტო საშუალებების ძარებში ადამიანის ყოფნა მწვანე მასის დატვირთვისას დაუშვებელია. სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის მხრიდან არანაკლებ ტრანშეიდან 1მ-ის დაცილებით აყენებენ დამცავ ძელს. მწვანე მასას ასწორებენ და ტკეპნიან მუხლუხა ტრაქტორით, ტრაქტორის კაბინის კარებს აღებენ და აფიქსირებენ ამ მდგომარეობაში. სენაჟის ჩადების წინ სასილოსე კოშკებში ამოწმებენ ადამიანების ყოფნას, საიმედოდ ამაგრებენ ჩამტვირთს ჩამტვირთ მილსადენებთან, ამოწმებენ პნევმოტრანსპორტიორისა და მასის გამანაწილებლის მდგომარეობას და ახდენენ მის საცდელ ჩართვას. კოშკის შევსების შემდეგ ამოწმებენ მასის ჰერმეტიზაციას, აგრეთვე, კოშკის შიგნით მოწყობილობების მომსახურებას ახდენენ მხოლოდ იმ მდგომარეობაში, როცა ჩამტვირთი ჩამოწეულია მასის ზედაპირიდან 40-60 სმ-ზე.
სატრანსპორტო საშუალებების განტვირთვაზე დაყენება, გადმოტვირთვა და მწვანე მასის გასწორება ტარდება პასუხისმგებელი პირის მითითებით. ეს პირი ინიშნება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ, რომელიც პერსონალურად აგებს პასუხს სამუშაოების უსაფრთხო ორგანიზაციაზე. პასუხისმგებელი პირი სამუშაოების დაწყების წინ მიუთითებს ყველა მომუშავეს დასვენებისა და საკვების მიღების ადგილს. სილოსისა და სენაჟის დამზადებაზე დაიშვება 18 წელზე ზევით პირები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება და სწავლება. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალი, რომელიც ემსახურება გამანაწილებელსა და განმტვირთს, შემოწმებული და გამოცდილი დამცავი ქამრებით, ჩაჩქანით, აირწინაღითა და დამზღვევი ბაგირებით, რომლებიც მოწმდება ყოველ 10 დღეში.
ოთარ ქარჩავა, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი