დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვარდისუბნელი მექვევრეები

 ამჯერად გვინდა მოგითხროთ კახელი მექვევრეების, მამა-შვილი – რემი და ზაზა კბილაშვილების საქმიანობის შესახებ.

თავდაპირველად შევეხოთ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანს, რომელიც თელავიდან 3 კილომეტრში, მდინარე თურდოს მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ეს სოფელი ძველი დროიდანვე ყოფილა განთქმული მეთუნეობის ხუთივე განხრით (ქვევრი, თონე, ჭურჭელი, კრამიტი და აგური). დღესდღეობით სოფელში მზადდება ქვევრი, თონე და აგური. გარდა ამისა, სოფელში შემორჩენილია ერთი საწარმო, სადაც მცირე რაოდენობით მზადდება ჭურჭელიც. ამავე სოფელში მისდევენ კირის გამოწვასაც.

რაც შეეხება მამა-შვილს, რემი და ზაზა კბილაშვილებს, ისინი განთქმული მექვევრეები არიან. მათი ნახელავი ქვევრებით ჩვენში არაერთი მარანია აშენებული. მათივე ქვევრები ხშირად საზღვარგარეთაც გადის.

კბილაშვილების ოჯახს საკუთარ ეზოში მოწყობილი აქვს ქვევრის გამოსაწვავი ქურა. მათ მიერ დამზადებული ქვევრების მაქსიმალური მოცულობაა დაახლოებით 3000 ლიტრი. ეს ოჯახი თავიანთი ხელსაქმით უკვე არაერთ ქართულ თუ უცხოურ ფილმშიცაა გადაღებული.

თიხა, რომლისგანაც ვარდისუბნელი მეთუნეები თავიანთ პროდუქციას ამზადებენ, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების მიერაა გამოცდილი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ვარდისუბანში, გარდა ამ ოჯახისა, მექვევრეობას კიდევ ორი ოჯახიც მისდევს. ესაა გოჩა კბილაშვილისა და მამა-შვილის, თამაზ და ზაზა ყარაულაშვილების ოჯახები.

მამა-შვილს, რემი და ზაზა კბილაშვილებს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებულ საქმიანობას.

გიორგი ბარისაშვილი,
მცხეთა, 2016 წ