აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის „თანამგზავრი“ დამხმარე არომატული მცენარეების ალელოპათური გავლენების შესწავლა ვაზის დაავადებათა გამომწვევებზე საველე პირობებში

წარმოდგენილ კვლევაში, რომელიც ჩატარებულია სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში და განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-23-163], განხილულია მცენარეთა დაცვის ალტერნატიული მიდგომები, კერძოდ, დამხმარე „თანამგზავრი“ არომატული მცენარეების (ლავანდა, უსუპი, იმერული ზაფრანა, ბოსტნის რეჰანი) ალელოპათური გავლენა ვაზის პათოგენურ მიკროორგანიზმებზე და მათ გავრცელება-განვითარებაზე საველე პირობებში კახეთისა (კაკაბეთი)  და მცხეთა-მთიანეთის (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელი ბაზა) მაგალითზე.
საქართველო მეღვინეობისა და მევენახეობის კლასიკურ ქვეყანად ითვლება. აქ განვითარებისთვის არსებული ბუნებრივი ხელშემწყობი პირობები და ვაზის ჯიშების სიმრავლე, ხარისხობრივად მაღალი დონის მეღვინეობისა და მევენახეობის ფართოდ გავრცელების საშუალებას იძლევა(1). თუმცა იმისათვის რომ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, მთელი რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებასთან ერთად, საჭიროა ვაზი დაავადებებისაგან დავიცვათ, რომელთა განვითარების რისკი და ინტენსივობა ვენახების ფართობების ზრდის პარალელურად მატულობს.

ყურძნის წარმოების  მთავარი გამოწვევა დაავადებათა კონტროლი და მათი მართვაა. დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, საკმაოდ მაღალია პესტიციდებით გარემოს დაბინძურება, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი და აქტუალურია ქიმიური საშუალებების  გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა და ბრძოლის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება. ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივას დამხმარე „თანამგზავრი“ მცენარეები წარმოადგენს, რომელთა შორის არომატული მცენარეები ლიდერობს. ისინი  შეიცავენ მთელ რიგ ალელოქიმიკატებს, რაც განაპირობებს მათ  ანტიმიკრობულ, ინსექტიციდურ, რეპელენტურ, ატრაქტანტულ ან ზრდის მასტიმულირებელ თვისებებს (2).

ჩვენს მიერ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი MR-23-163), აქცენტი გაკეთდა ვაზის „თანამგზავრი“ მცენარეების  ალელოპათიურ შესაძლებლობებზე ვენახში გავრცელებულ დაავადებათა მართვაში.  კვლევა ჩატარდა 2024 წელს სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ ზონაში არსებულ ნაკვეთებში: სოფელ კაკაბეთსა (კახეთი) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ ბაზაზე (მცხეთა-მთიანეთი).

კვლევაში ჩართული იყო ვაზის „თანამგზავრი“ ოთხი დამხმარე ალელოპათიური ზემოქმედების მქონე არომატული მცენარე: იმერული ზაფრანა (Tagetes patula L.), ლავანდა (Lavandula angustifolia L.), უსუპი (Hyssopus officinalis L.), და ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum L.).  ოთხივე მათგანი შეირა ვაზთან ურთიერთშეთავსებადობის პრინციპით და ალელოპათიური შესაძლებლობების გათვალისწინებით (3).

საველე ცდები დაიგეგმა მეთოდიკის შესაბამისად (4). ჯიღაურას საცდელ ვენახში (კონვენციური ვენახი) მცენარეები განთავსებული იყო 5 ვარიანტად:

  • ვარიანტი 1 – ვაზის რიგებში დარგული ლავანდა;
  • ვარიანტი 2 – ვაზის რიგებში დარგული სალბი;
  • ვარიანტი 3 – ვაზის რიგებში დარგული იმერული ზაფრანა;
  • ვარიანტი 4 – ვაზის რიგებში დარგული ბოსტნის რეჰანი;
  • ვარიანტი 5 – საკონტროლო – მხოლოდ ვაზი „თანამგზავრი“ მცენარეების გარეშე.

კაკაბეთში (ბიომეურნეობაზე გარდამავალი, კონვერსიაზე მდგარი ვენახი) კი გვქონდა სამი ვარიანტი: ლავანდა ვაზთან, უსუპი ვაზთან და საკონტროლო. თითოეული ვარიანტი აღებული იყო 3-3 განმეორებით. ერთი დანაყოფი მოიცავდა ვენახის თითო რიგს. თითოეული ვარიანტის ფართობი შეადგენდა ჯიღაურაში 170 მ2-ს, ხოლო კაკაბეთში 260 მ2-ს.

დაავადებების გავრცელების აღრიცხვა საკვლევ ვენახებში მიმდინარეობდა მთელი ვეგეტაციის პერიოდში.  აღრიცხვა ტარდებოდა აპრილიდან ოქტომბრამდე 10-15 დღეში ერთხელ 5 ბალიანი სკალით და აღირიცხებოდა ყოველი მე-5 მცენარე. დაავადების გავრცელებასა და განვითარების ინტენსივობას ვადგენდით  ფიტოპათოლოგიასა და მცენარეთა დაცვაში მიღებული მეთოდებით (5). დაავადების გავრცელების პროცენტი გამოითვლებოდა  ფორმულით: I=a/Nx100, სადაც  I  წარმოაგენს დაავადების გავრცელებას %-ებში, a – დაავადებულ მცენარეთა რაოდენობაა, N – გამოსაკვლევ მცენარეთა საერთო რაოდენობა. ძირითადი სოკოვანი დაავადების  სიძლიერის გამოსახვის გრადაციას  ხდებოდა 5 ბალიანი სკალით. დაავადების განვითარების ინტენსივობა დგინდებოდა ფორმულით:

R  დაავადების განვითარების ინტენსივობაა % – ებში, a – დაავადებულ მცენარეთა რაოდენობა, b – დაავადების შესატყვისი ბალი, ∑ – a  და  b-წარმოებულთა ჯამია, k  არის სკალის უმაღლესი ბალი, ხოლო N – აღრიცხულ მცენარეთა საერთო რაოდენობა.

მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილ დაავადებათა იდენტიფიცირება ხდებოდა ვიზუალურად და საანალიზო ნიმუშების მიკროსკოპული ანალიზებით მცენარეთა პათოლოგიაში მიღებული მეთოდებით (6). გამძლეობაზე ვმსჯელობდით დაავადების სიხშირით, დაავადების განვითარების ინტენსივობით და  მცენარეში პათოლოგიური ცვლილებების მიხედვით.

1111111111111111111111  222222222

        სურ.1 სამკურნალო უსუპი ვაზთან                         სურ. 2 ახლადდარგული ლავანდა ვაზთან

3333333333333  444444

           სურ. 3 იმერული ზაფრანა კაკაბეთის საკვლევ ვენახში                      სურ. 4  ბოსტნის რეჰანი    

 კვლევამ აჩვენა, რომ იმერული ზაფრანის, რეჰანის, უსუპისა და ლავანდის ზეგავლენით გარკვეულწილად მართლაც იზღუდება ვაზის დაავადებათა გამომწვევი  პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელება-განვითარება. დადგინდა, რომ ვაზის ჭრაქის გავრცელება საკონტროლო ვარიანტში 2024 წელს ჯიღაურას საკვლევ ვენახში შეადგენდა 50 %-ს, ხოლო განვითარების ინტენსივობა 3 %-ს, მაშინ, როცა საცდელ ვარიანტებში, კერძოდ, უსუპის ვარიანტში ვაზის ჭრაქის გავრცელება  შეადგენდა 37 %-ს, ყველა სხვა „თანამგზავრი“ მცენარეების შემთხვევაში კი 25-25%-ს, ჭრაქის განვითარების ინტენსივობა კი საცდელ ვარიანტებში ჯიღაურაში 1.2 %-დან 2.8 %-მდე მერყეობდა, კაკაბეთში კი 4 %-დან 5.6 %-მდე. ჭრაქის აღრიცხვის შედეგები მოტანილია ცხრილ N 1-სა და დიაგრამა N 1-ში.

ცხრილი N 1

უსუპის, ლავანდას, იმერული ზაფრანისა და ბოსტნის რეჰანის გავლენა  ვაზის ჭრაქზე ჯიღაურას და კაკაბეთის საკვლევ ვენახებში

ვარიანტი დაავადების გავრცელება (%) სხვაობა საკონტროლოსთან (%) დაავადების გავრცელება (%) სხვაობა საკონტროლოსთან (%) დაავადების  განვითარების ინტესივობა (%)
ჯიღაურა კაკაბეთი ჯიღაურა კაკაბეთი
ვაზი+ლავანდა 25.0 50 35.0 41.7 2.8 4.0
ვაზი+უსუპი 37.0 26 50.0 16.7 1.6 5.6
ვაზი+იმერული ზაფრანა 25.0 50 _ 0.8 _
ვაზი+ბოსტნის რეჰანი 25.0 50 _ 1.2 _
საკონტროლო 50.0 _ 60.0 3.0 12.0

დიაგრამა N 1

„თანამგზავრი“ მცენარეების გავლენა ვაზის ჭრაქზე (ჯიღაურა, კაკაბეთი,2024 წ)

Diagrama 11111111111111111

რაც შეეხება საკვლევი არომატული მცენარეების ალელოპათიურ გავლენას ვაზის ნაცარზე, დადგინდა, რომ ვაზის ნაცრის გავრცელება საკონტროლო ვარიანტში ჯიღაურაში შეადგენდა 55 %-ს, ხოლო განვითარების ინტენსივობა 4.1 %-ს.  უსუპის საცდელ ვარიანტში ვაზის ნაცრის გავრცელება  შეადგენდა მხოლოდ 25 %-ს, ლავანდას და იმერული ზაფრანას შემთხვევაში – 37 %-ს, რეჰანის ვარიანტში კი – 48 %-ს. ნაცრის განვითარების ინტენსივობა საცდელ ვარიანტებში ჯიღაურაში 2.2 %-დან 3.0 %-მდე მერყეობდა, კაკაბეთში კი 6-7 %-ს შეადგენდა.  ვაზის ნაცრის აღრიცხვის შედეგები მოტანილია ცხრილ N 2-სა და დიაგრამა N 2-ში.

ცხრილი N 2

უსუპის, ლავანდას, იმერული ზაფრანისა და ბოსტნის რეჰანის გავლენა  ვაზის ნაცარზე ჯიღაურას და კაკაბეთის საკვლევ ვენახებში

ვარიანტი დაავადების გავრცელება (%) სხვაობა საკონტროლოსთან (%) დაავადების გავრცელება (%) სხვაობა საკონტროლოსთან (%) დაავადების  განვითარების ინტესივობა (%)
ჯიღაურა კაკაბეთი ჯიღაურა კაკაბეთი
ვაზი+ლავანდა 37.0 32.7 48.0 26.2 2.5 7.0
ვაზი+უსუპი 25.0 54.5 52.0 20 2.2 6.0
ვაზი+იმერული ზაფრანა 37.0 32.7 _ _ 3.0 _
ვაზი+ბოსტნის რეჰანი 48.0 12.7 _ _ 3.0 _
საკონტროლო 55.0 _ 65.0 _ 4.1 8.0

დიაგრამა N 2

„თანამგზავრი“ მცენარეების გავლენა ვაზის ნაცარზე (ჯიღაურა, კაკაბეთი, 2024 წ)

Diagrama 222222222222222222222

ჯიღაურას საკვლევ ვენახში, როგორც უკვე აღვნიშნეთ 2024 წელს აღინიშნა ანთრაქნოზიც. ვაზის ანთრაქნოზის გავრცელება საკონტროლო ვარიანტში  შეადგენდა 25 %-ს, ხოლო განვითარების ინტენსივობა 2.5 %-ს.  უსუპის და ლავანდის საცდელ ვარიანტებში ანთრაქნოზის გავრცელება  არ გასცდენია 12 %-ს, იმერული ზაფრანას და რეჰანის შემთხვევაში კი 23-23 %-ს. რაც შეეხება ვაზის ანთრაქნოზის განვითარების ინტენსივობას, საცდელ ვარიანტებში იგი 1.0 %-დან 1.5 %-მდე მერყეობდა. ანთრაქნოზის აღრიცხვის შედეგები მოტანილია დიაგრამა N 3-ში.

        დიაგრამა N 3

„თანამგზავრი“ მცენარეების გავლენა ვაზის ანთრაქნოზზე (ჯიღაურა, 2024 წ)

Diagrama 333333333333333333

ამდენად,  ცდებმა აჩვენა,  რომ კვლევაში ჩართული ვაზის „თანამგზავრი“ მცენარეები გარკვეულწილად ავლენენ ფუნგიციდურ აქტივობას. მათი, როგორც მავნე ორგანიზმების ბიოკონტროლის ერთ-ერთი საშუალების, გამოყენების ბიოლოგიური ეფექტიანობა უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მაღალია და ვაზის ძირითადი პათოგენური  მიკროორგანიზმების  მიმართ 50 %-ს აჭარბებს. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებებისათვის კი, როგორც ცნობილია, 50 %-ზე მეტი ეფექტიანობა უკვე მისაღებია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დამხმარე „თანამგზავრი“ არომატული მცენარეების ჩართვა ვაზის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ინტეგრირებული დაცვის სისტემაში.

რეზიუმე

ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ვაზის „თანამგზავრი” მცენარეების: ლავანდას, იმერული ზაფრანასა და რეჰანის ალელოპათიური ზეგავლენით ჯიღაურას საკვლევ ვენახში ჭრაქის გავრცელება 50 %-ით შემცირდა,  ხოლო უსუპის ზეგავლენით – 26 %-ით, კაკაბეთის ლოკაციაზე უსუპის ვარიანტში ჭრაქი 16.7 %-ით ნაკლები იყო საკონტროლოსთან შედარებით, ხოლო ლავანდის ვარიანტში 41.7 %-ით ნაკლები. ვაზის ნაცრის გამომწვევ პათოგენს  ჯიღაურაში უსუპი თრგუნავდა 54.5 %-ით, ლავანდა  და იმერული ზაფრანა – 32.7 %-ით, ხოლო რეჰანი -12.7 %-ით. კაკაბეთში  უსუპის ვარიანტში ნაცარი შემცირდა 20 %-ით, ლავანდას ვარიანტში კი – 26.2 %-ით. რაც  შეეხება ვაზის „თანამგზავრი” მცენარეების ანთრაქნოზზე გავლენას, ლავანდას და უსუპის შემთხვევაში დაავადება ჯიღაურას ბაზაზე არსებულ საკვლევ ნაკვეთში საკონტროლოსთან შედარებით შემცირდა  52 %-ით, იმერული ზაფრანას და ბოსტნის რეჰანის  ვარიანტში კი – 8-8 %-ით.

Summary

Biological, agricultural and economic effectiveness of using „companion“ plants in organic tomato production

Tinatin Shengelia, Master’s student at the Agricultural University

Mzia Beruashvili, Invited Professor at the Agricultural University of Georgia,
Chief Specialist at the Bio-Agro Production Service of the Scientific-Research Center of Agriculture

This study, conducted as part of a master’s thesis and supported by the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (grant number MR-23-163), study examines the allelopathic effects of aromatic plants (Lavender, Medicinal Hyssop,  Basil, and marigold “Imeretian saffron) on grapevine disease pathogens and their spread under field conditions in the village of Kakabeti and the Jighaura-Lepl Scientific-Research Center of Agriculture.

The conducted studies reveal that the allelopathic effects of grapevine “companion” plants—lavender, marigold, and basil—reduced the spread of downy mildew by 50% in the Jighaura research vineyard, while the effect of hyssop led to a 26% reduction. At the Kakabeti site, downy mildew incidence decreased by 16.7% in the hyssop treatment compared to the control, and by 41.7% in the lavender treatment.

Regarding the pathogen causing powdery mildew, in Jighaura, hyssop suppressed it by 54.5%, lavender and marigold by 32.7%, and basil by 12.7%. In Kakabeti, powdery mildew was reduced by 20% in the hyssop treatment and by 26.2% in the lavender treatment.

As for the impact of grapevine “companion” plants on anthracnose, lavender and hyssop reduced the disease by 52% compared to the control in the Jighaura experimental plot, while marigold and basil treatments showed an 8% reduction each.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ქანთარია ვ., რამიშვილი მ. “მევენახეობა“, გამომცემლობა „განათლება“. თბილისი, 1983.
  2. Zeng, R.S., Mallik, A.U. and Luo, S.M. Allelopathy in forested ecosystems. In: Zeng, R.S., Mallik, A.U. and Luo, S.M., Eds., Allelopathy in Sustainable Agriculture and Forestry, Springer, New York, 2008, p. 363-377.
  3. კარბელაშვილი ზ. ბიომეურნეობის საფუძვლები. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, გამომცემლობა “ბუნება პრინტი”. თბილისი, 2009, 88 გვ.
  4. ჭანიშვილი შ, ტყებუჩავა ზ, ბუცხრიკიძე გ. საცდელი საქმის მეთოდიკა მემცენარეობაში, თბილისი, 2017, 170 გვ.
  5. Shamrai, S.N., Glushchenko, V.I. (2006). Basics of field studies in phytopathology and phytoimmunology. Kharkiv, – 64 p. (in Russian).
  6. Agrios, Plant Pathology, Sixth Edition, 2024

https://www.sciencedirect.com/book/9780128224298/agrios-plant-pathology

თინათინ შენგელია, აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტი,

მზია ბერუაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი