თესლით, კვირტით, რქით, გადაწინდვით და მყნობით ვაზის გამრავლება
ვაზის გამრავლების ბევრი წესი არსებობს, რასაც საქართველოში იდითგან იყენებენ. განვიხილოთ ყოველი მათგანი ცალ-ცალკე.
თესლით გამრავლება
მევენახეობაში ვაზის თესლით გამრავლება, როგორც სარგავი მასალის მიღების ერთ-ერთი ღონისძიება, წარმოების თვალსაზრისით გამოუყენებელია, რადგან წიპწიდან მიღებული ახალი ვაზი არსებითად განსხვავდება დედა – მცენარისაგან. განსხვავებულ თვისებათა მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ თითქმის ყველა მოსავლის მომცემი ვაზის ჯიში თავის მემკვიდრეობით შემადგენლობაში შეიცავს დედა – ვაზების მსგავს ნიშნებს. გამრავლების დროს ხდება ამ ჯიშურ თვისებათა დათიშვა, რის შედეგადაც მიიღება სულ სხვა თვისებათა მქონე ვაზები.
კვირტით გამრავლება
კვირტები ადრე გაზაფხულზე ითესება, ამიტომ უნდა შეირჩეს მყუდრო ნაკვეთი და დარგვამდე 2,5-3 თვით ადრე დამუშავდეს 30სმ-მდე სიღრმეზე. საკვირტე მასალა ირჩევა სასურველი ჯიშის ვაზებიდან. რქები რაიონის პირობების მიხედვით უნდა აიჭრას შემოდგომით ან კვირტების დათესვამდე რამდენიმე დღით ადრე. გასამრავლებელი კვირტი იჭრება რქის შუა ზონიდან, გადაჭრის დროს კვირტის ორივე მხარეს უნდა დარჩეს 34სმ-ის სიგრძის რქის ნაწილი. აღმოცენების დასაჩქარებლად გამზადებული კვირტი ერთი დღით უნდა მოთავსდეს ჩვეულებრივ წყალში. სათანადო მოვლის პირობებში ნერგი სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის საკმაოდ მძლავრ განვითარებას აღწევს.
რქით გამრავლება
ფილოქსერის გავრცელებამდე მევენახეობაში გამრავლების ერთ-ერთ ძირითად გზად ითვლებოდა, რადგან აღწევდნენ ჯიშურ სიწმინდეს და გამრავლების აღნიშნული გზა მცირე ხარჯებს მოითხოვდა. ფილოქსერით მოდებულ რაიონებში რქით გამრავლებამ დაკარგა თავისი ფართო მნიშვნელობა, რადგან მოსავლის მომცემი ვაზის ფესვთა სისტემა ვერ აღმოჩნდა ამ მავნებლის მიმართ გამძლე. იგი შეიცვალა მოსავლის მომცემ ვაზის ჯიშთა მყნობით ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირე ჰიბრიდებზე.
გასამრავლებლად შერჩეული რქა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. უნდა იყოს სავსებით მომწიფებული და პლასტიკური ნივთიერებებით მდიდარი;
2. დაუშვებელია რქის აღება ავადმყოფი ვაზიდან;
3. რქა აღებულ უნდა იქნას მხოლოდ წინასწარ შერჩეული სელექციური ვაზიდან;
4. დასაფესვიანებლად აღებული რქა საშუალო სიმსხოსი უნდა იყოს;
5. რქა აჭრილი უნდა იყოს მსხმოიარობაში შესული 7-15 წლამდე ასაკის ვაზიდან.
გასამრავლებლად შეიძლება შეირჩეს უბრალო, ყავარჯნიანი და ქუსლიანი რქა:
უბრალო რქა ვაზის ერთწლიან ნაზარდს წარმოადგენს;
ყავარჯნიანი რქა თავის ბოლოზე შეიცავს ორწლიანი რქის მცირეოდენ ყავარჯნისებრ ნაწილს;
ქუსლიან რქას ბოლოზე აქვს ორწლიანი რქის ქუსლისებრი მეტად მცირე ნაწილი.
გადაწინდვით გამრავლება
ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა ვაზის ძირების გასამრავლებლად. გადაწინდული ნერგის გახარება მთლიანად უზრუნველყოფილია ისეთი სახეობისა და ჯიშისაც კი, რომელიც იძლევა გახარების მცირე პროცენტს. გამრავლების აღნიშნული წესით აწარმოებდნენ ნერგების გამოყვანას ორი მიზნით – ვენახში ადგილზე მათ დასატოვებლად და გამოყვანილი ნერგებით ახალი ვენახების გასაშენებლად. გადაწინდვის ძირითადი წესებია: რქის გადაწინდვა ჩვეულებრივი წესით – მიზნად ისახავს ვენახის რიგებში მოცდენილი ადგილების შევსებას და უვარგისი და მოუსავლიანი ძირის შეცვლას მოსავლიანი საღი ძირით. ამრიგად, გამოყვანილი ნერგი გადაწინდვის ადგილზე დარჩება.
მწვანე გადაწინდვა – ვაზის გადაწინდვის ჩვეულებრივ პრინციპზეა აგებული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ოპერაცია სრულდება ვაზის მაქსიმალური ზრდის პერიოდში – ივლისსა და აგვისტოს პირველ დეკადაში.
ვაზიდან რამდენიმე რქის გადაწინდვა – ხდება მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია რომელიმე იშვიათი ჯიშის დიდი რაოდენობით მომრავლება და ისიც ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ყუთში ან ქოთანში რქის გადაწინდვა ხდება დეკორატიული თვალსაზრისით.
ჩინური წესით გადაწინდვა
გამოიყენება დიდი რაოდენობის დასაფესვიანებელი მასალის მისაღებად, განსაკუთრებით ძნელად დასაფესვიანებელი უნარის მქონე ჯიშების მიმართ. ვაზის მთლიანი გადაწინდვა – ძირითად ღონისძიებას წარმოადგენს არსებული ვენახების რეკონსტრუქციისათვის. ამ წესით გამოყვანილი ვაზის ნერგი ადგილზევე გამოიყენება. ერთი – დედა-ვაზის შესაცვლელად, მეორე კი, მოცდენილი ადგილის დასაკავებლად.
ოპერაციის ჩატარების ტექნიკა
გადასაწინდად შერჩეული ვაზი უნდა გაისხლას ისე, რომ მასზე დარჩეს სამი მძლავრი რქა. ორი რქა გამოყენებული უნდა იქნას გადასაწინდად, ხოლო მესამე დარჩეს რქის მოხრის დროს დაზიანების შემთხვევაში შესაცვლელად. ამის შემდეგ უნდა გაიჭრას ორმო გადასაწინდი ვაზის ძირიდან, მოცდენილ ადგილამდე. გადასაწინდ ვაზს მიწა მთლიანად უნდა შემოეცალოს, რათა იგი მცირე ძალის დატანებით ჩაწვეს ორმოში. მისი ორმოში ჩაწინდვის შემდეგ ერთი რქა ფრთხილად უნდა მობრუნდეს იმ ადგილას, სადაც ვაზი იდგა, ხოლო მეორე ამოიშვას მოცდენილ ადგილას. ამ ოპერაციის დამთავრების შემდეგ ორმოში ჯერ შუამდე ჩაიყრება მიწა და კარგად მოიტკეპნება, რის შემდეგაც მთლიანად შეივსება იგი და კიდევ მოიტკეპნება. გადაწინდული რქა შეიკვეცება 2-3 კვირტზე, შეედგმება სარი და ზედ მიეკვრება. გადაწინდულ რქაზე ფესვთა სისტემის განვითარებას დიდად უწყობს ხელს მიწაში მოქცეული რქის ნაწილზე კვირტების დაბრმავება. ყოველგვარი გადაწინდვა, გარდა მწვანე გადაწინდვისა, შეიძლება ჩატარდეს ვაზის პასიურ ხანაში, ე.ი. შემოდგომიდან-გაზაფხულამდე, ზამთრის ყინვიანი პერიოდის გამოკლებით.
ვაზის მყნობით გამრავლება
– ეს არის ვაზის ქირურგიული ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ერთი მცენარის ნაწილი ხელოვნურად უერთდება მეორე მცენარის ნაწილს. იმ მცენარეს, რომელზედაც უნდა დაიმყნოს, ეწოდება საძირე, ხოლო მეორეს- სანამყენე.
გრუნტში მყნობა – მყნობას უბრალო გაპობით მიმართავენ ვენახში გადაბერებული ვაზის ძირების გასაახალგაზრდავებლად ან მაშინ, როდესაც სურთ შეცვალონ ვენახში ერთი, არასასურველი ჯიშის ვაზის ძირი მეორე, უკეთესი ჯიშით. ამ სახის მყნობა ტარდება გაზაფხულზე ვაზის ტირილის დაწყებამდე.
მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე დასამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მიწას 20სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გამოჩნდეს, შემდეგ გადახერხავენ ნიადაგის ზედაპირის ქვემოთ 3-4სმ-ზე. გადანახერხს ასწორებენ მახვილი დანით, საძირეს აპობენ ცალი გვერდიდან და უკეთებენ ხის პატარა სოლს შიგ სანამყენო კალმის ადვილად მოსათავსებლად. სანამყენო რქას 2-3 კვირტზე გადაჭრიან და სოლისებრად ჩათლიან რქის ბოლო ნაწილს ისე, რომ სანამყენო საძირის განაპობი ნაკლებად გაიწიოს და მათი კამბიალური ქსოვილი ერთმანეთს დაემთხვეს. სანამყენეს ჩასმის დროს კვირტი გარეთ უნდა იყოს მიმართული. ნამყენის გაკეთებისთანავე მას მაგრად ხვევენ კანაფით ან ძაფით და ფრთხილად აყრიან ფხვიერ მიწას 8-10სმ-ს სიმაღლეზე.
სანამყენეს ყლორტები ვეგეტაციის დასასრულისათვის მძლავრ განვითარებას აღწევს.
რუსუდან ძიძიშვილი,
სმმ დოქტორი