ვაზის წარმოების აგროტექნოლოგია
ვაზი ვაზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკალით ემაგრება; აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ფენა-ფენა სცილდება. შტამბზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები (მხრები), ერთწლიანი რქები და ლორტები. ფოთლის ყუნწის იღლიაში მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი (სათადარიგო) კვირტებისგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი. კულტურულ ვაზის ჯიშებში ყვავილები უმეტესად ორსქესიანია, ახასიათებს სხვადასხვა სიდიდის, ფორმის, დანაკვთულობის ფოთლები; მარცვალი სხვადასხვა შეფერილობის, ფორმის, სიდიდის, კონსისტენციის და გემური თვისებებისაა. მარცვალში წიპწების რაოდენობა 1-4 მდე მერყეობს; ზოგჯერ წიპწას არც შეიცავს (საქიშმიშე ჯიშები).
საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა გავრცელებული, თუმცა ზოგიერთ მაღალმთიან რაიონებში იგი 800-1200 მეტრ სიმაღლემდე აღწევს. სავეგეტაციო პერიოდი წვენის მოძრაობის დაწყებიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე 200-220 დღეს შეადგენს და განსხვავებულია ჯიშების და ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით. მეტად საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 95-120 დღეა, ხოლო მეტად საგვიანო ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 200-220 დღეა. ვაზის განვითარება წლის პერიოდში იყოფა აქტიურ და მოსვენების ფაზებად. მოსვენების პერიოდში მიმდინარეობს სუნთქვის და აორთქლების პროცესები, საკვები ელემენტების გადანაცვლება ერთწლიანი ნაზარდებიდან მრავალწლიანში, აქედან ფესვებში.
ვაზის განვითარების აქტიური ფაზა მოიცავს: ა) ვაზის ტირილი (წვენის მოძრაობის დაწყება), ბ) კვირტის გაფურჩქვნა და ყლორტის განვითარება, გ) ყვავილობა, დ) მარცვლის გამონასკვა, ე) ყურძნის სრული სიმწიფე და ვ) ფოთოლცვენა.