ვეგეტატიური გამრავლების ხელოვნური წესები
ვეგეტატიური გამრავლების ხელოვნური წესებიდან მეხილეობის პრაქტიკაში გავრცელებულია კალმით, გადაწიდვით და მყნობით გამრავლება.
კალმით გამრავლება. გამერქნებულ კალმებს უწოდებენ ერთწლიანი ზრდადასრულებული ტოტიდან მიღებულ გასამრავლებელ მასალას.
გამერქნებული კალმებით ამრავლებენ ვაშლის კლონურ საძირეებს, ლეღვს, ბროწეულს, კომშს, მოცხარს, ხურტკმელს, ჟოლოს და სხვ.
კალმების დამზადება რეკომენდებულია ვეგეტაციის დამთავრებისთანავე.
დასაფესვიანებლად იღებენ კარგად მომწიფებულ, საკმარისად მსხვილ (6-10 მმ დიამეტრი) ერთწლიან ნაზარდებს. საუკეთესოა კალმის შუა ნაწილები. კალმებს ჭრიან 20-25 სმ სიგრძის ნაწილებად და კრავენ 50-100 ცალიან კონებად.
კალმები ინახება მაცივარში, ან შენობაში, სველ ნახერხში 0-20C პირობებში. კალმების დარგვა ხდება შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე. დაფესვიანების წინ კალმებზე განაახლებენ ძველ ჭრილობებს, შეკრავენ 25-30 ცალიან კონებად.
საყურადღებოა, რომ კალმების ქვედა გადანაჭერი იყოს ერთ სიმაღლეზე. ამის შემდეგ, კალმის წვერებს დაფარავენ ანტიტრანსპირანტით(სპეციალური პარაფინით).
კალმის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი. ანტიტრანსპირანტს აცხელებენ 60-700C და კალმის ბოლოს 1-2 წამით ჩაუშვებენ მასში. დაფესვიანების მიზნით ახდენენ კალმების დამუშავებას ფესვწარმომქმნელი სტიმულატორებით (ჰეტეროაუქსინი).
როგორც წესი, რეკომენდებულია სტიმულატორით კალმების არა მთლიანი, არამედ მხოლოდ ბოლოების დამუშავება. სტიმულატორით დამუშავების შემდეგ, კალმები ჩალაგდება ორმაგ პოლიეთილენის ტომრებში, მჭიდროდ მოეკვრება თავი და 10-15 დღით მოთავსდება სასტრატიფიკაციო კამერაში, 20-230C ტემპერატურაზე.
სტრატიფიკაცია (ხანგრძლივი დაყოვნებაგარკვეულ ტემპერატურის და ტენის პირობებში) შეწყდება კალმების ქვედა გადანაჭერზე კალუსის წარმოქმნის პირველი ნიშნებისთანავე. ამის შემდეგ, კალმები გადააქვთ საწყობში და გადარგვამდე ინახავენ 0-20C ტემპერატურაზე
კალმების დარგვას აწარმოებენ წინასწარ კარგად დამუშავებულ და გაფხვიერებულ ნიადაგში, ან დაცულ გრუნტში სპეციალურ სუბსტრატში.
კალამს ჩაუშვებენ ნიადაგში მთლიანად და ზემოთ ტოვებენ მხოლოდ 1-2 კვირტს. მანძილი კალმებს შორის უნდა იყოს 10-15 სმ, ხოლო მწკრივებს შორის 90-100 სმ. დარგვის შემდეგ კალმები მოირწყვება, ხოლო კალმების მწკრივს 2-3 სმ სიმაღლეზე დაფარავენ ნახერხით, ნიადაგის სწრაფი გამოშრობისგან თავიდან აცილების მიზნით.
კალმის შემდგომი მოვლის ღონისძიებები ითვალისწინებს სისტემატურ მორწყვას, ნიადაგის გაფხვიერებას, განოყიერებას და სარეველებისგან გაწმენდას. ატარებენ შესხურებას მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ. შემოდგომაზე დაფესვიანებულ კალმებს ამოიღებენ, დაახარისხებენ და გაამზადებენ ბაღში დასარგავად.
მწვანე კალამი ეწოდება მიმდინარე წლის ყლორტს, რომელიც ჯერ გახევებული არ არის. მწვანე კალმით გამრავლება გამოიყენება, გამერქნებული კალმებით რთულად გასამრავლებელი კულტურებისთვის, ან როდესაც სადედე ბუჩქის რაოდენობა შეზღუდულია. ამ მეთოდით ძირითადად ამრავლებენ კურკოვანი და თესლოვანი კულტურების საძირეებს, ასევე ზეთისხილს.
მწვანე დაკალმებისთვის აუცილებელია სათბური ან კვალსათბური, სადაც წინასწარ მოწყობილია მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებელი ავტომატური მორწყვის სისტემა.
მწვანე კალმების დაფესვიანების და აჭრის საუკეთესო დროა მაისის დასასრული-ივნისის პირველი ნახევარი. საძირეების აჭრა ხდება სადედე-საკალმე ბაღიდან, რომელსაც აშენებენ 4,0 X 1,5 მ კვების არეზე.
მწვანე კალმების (სიგრძე 25-30 სმ) აჭრა უნდა განხორციელდეს დილით. გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, კალმებს ნამავენ და გადააქვთ გრილ ადგილზე. მწვანე კალამი უნდა იყოს 8-12 სმ სიგრძის, 1-2 მუხლთშორისით. კალმის ძირი, ფესვების კარგად განვითარების მიზნით, უნდა დამუშავდეს ზრდის სტიმულატორების სუსტ ხსნარით (ჰეტეროაუქსინი, ინდოლილერბომჟავა).
დამუშავებულ კალმებს ათავსებენ მცირე ზომის ქოთნებში (5X5X15 სმ), ან პირდაპირ სათბურში სუბსტრატით შევსებულ კვლებზე. სუბსტრატად შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა კომპოზიციები: პერლიტი (ვერმიკულიტი) ქვიშასთან, ან ტორფთან — პროპორციით — 1:1; 1:2.
დაკალმების კამერაში მოწყობილია გამოფრქვევების სისტემა, რომელიც წყალს უწვრილეს წვეთებად შლის და ქმნის 98% ტენიანობას,წყლის აორთქლების და კალმების გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. დაფესვიანებული კალმების ღია გრუნტში გადარგვა წარმოებს გვიან შემოდგომით, ან გაზაფხულზე.
გადაწიდვნით გამრავლება. ზოგიერთ ხეხილოვან კულტურებს აქვთ უნარი წარმოქმნან ყლორტებზე დამატებითი ფესვები დედამცენარისგან მოცილების გარეშე. დაფესვიანებისთვის აუცილებელია: მუდმივი ტენიანობა, ზომიერი ტემპერატურა და ფხვიერი, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი. განასხვავებენ ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ, რკალისებრ და საჰაერო გადაწიდვნას. უკანასკნელი ორი მათგანი სარგავი მასალის დაბალი გამოსავლიანობის და შრომატევადობის გამო სამრეწველო მეხილეობაში არ გამოიყენება.
ვერტიკალური გადაწიდვნა. ვაშლისა და მსხლის კლონური საძირეების გამრავლების ყველაზე იაფი და მარტივი წესია. დასაფესვიანებელი ამონაყრების მისაღებად სადედე ბუჩქს ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ, ან ადრე გაზაფხულზე სხლავენ მიწის პირზე. გაზაფხულზე და ზაფხულში მიღებულ ყლორტებს 25-30 სმ სიმაღლეზე შემოაყრიან ფხვიერ, ნესტიან მიწას. შემოდგომაზე დაფესვიანებულ ყლორტებს მოაცილებენ დედამცენარეს.
ჰორიზონტალური გადაწიდვნა. სადედე ბუჩქიდან კარგად განვითარებულ გასული წლის ნაზარდს გადაწიდნავენ რიგის გასწვრივ გათხრილ 5-10 სმ სიღრმის თხრილში, ამოკლებენ 1/3–ით და ამაგრებენ ნიადაგზე მავთულით, ან ხის კავებით. გადაწიდნული ტოტიდან განვითარებულ ყლორტებს ზაფხულის განმავლობაში 3-4-ჯერ შემოაყრიან მიწას. ვეგეტაციის დამთავრებამდე ყლორტები ფუძის ნაწილში ივითარებენ დამატებით ფესვებს. შემოდგომაზე გადაწიდნულ ტოტს მოაცილებენ დედამცენარეს და ჭრიან ცალკეულ ამონაყრებად. ჰორიზონტალური გადაწიდვნით ამრავლებენ ვაშლისა და მსხლის ვეგეტატიურ საძირეებს, თხილს, მოცხარს და სხვ.
მყნობით გამრავლება
მყნობით გამრავლება, ხეხილოვანი მცენარეების გამრავლების ძირითადი მეთოდია.
ნამყენი მცენარე მიიღება ერთი მცენარის ნაწილის გადანერგვით მეორეზე და შედგება ორი კომპონენტისგან — საძირის (ფესვიანი ნაწილი, რომელზეც ხდება დამყნობა) და სანამყენისგან (ნაწილი, რომელსაც ვამყნობთ).
მყნობას იყენებენ შემდეგი მიზნებისთვის:
V ისეთი კულტურების გამრავლებისთვის, რომელთა გამრავლება ვეგეტაციური გამრავლების სხვა წესებით შეუძლებელია, ან რთულია;
V საძირის დადებითი თვისებების გამოსაყენებლად (სასურველი ზრდის სიძლიერე, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლეობა, ნიადაგურ პირობებთან შეგუება);
V ჯიშის შესაცვლელად დიდ მცენარეებში, როდესაც ბაღი გაშენებულია მოძველებული და არაპროდუქტიული ჯიშებით;
V მსხმოიარობის დასაჩქარებლად.
მყნობის 100-ზე მეტი წესია ცნობილი.
მეხილეობაში გამოყენებულ მყნობის სახეებს ყოფენ ოთხ ჯგუფად:
1. კვირტით მყნობა (ოკულირება);
2. კალმით მყნობა (კოპულირება);
3. მიახლოებით მყნობა;
4. დამხმარე მყნობა. პრაქტიკაში ხეხილის გამრავლების ძირითადი წესია კვირტით მყნობა.
შედარებით შეზღუდულად გამოიყენება კალმით მყნობა.
მიახლოებით მყნობა გამოიყენება ისეთი სახეობების სამყნობად, რომლებიც ძნელად უხორცდება ერთმანეთს, ხოლო დამხმარე მყნობას მიმართავენ მცენარის დაზიანებული ნაწილების აღსადგენად.