დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ვენახის ძირითადი ტიპები და გაშენების სქემები

ვენახი შეიძლება იყოს სამრეწველო, საკოლექციო და სამოყვარულო.
სამრეწველო ვენახი უნდა გაშენდეს მევენახეობის ზონებში, სადაც აგროტექნოლოგიური პირობები უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის მიღებას.

საქართველოში სამრეწველო ვენახის გაშენება რეკომენდებულია ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლემდე.

სამრეწველო ვენახები უნდა გაშენდეს ამ რეგიონისთვის კანონით დაშვებული ჯიშებით. მაგალითად:

კახეთისთვისრქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი, მწვანე;

ქართლისათვის – გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი, შავკაპიტო, პინო, ალიოგტე;

აფხაზეთისათვის – ოჯალეში, ჩხავერი, ციცქა, ცოლიკოური, კაჭიჭი, ათვიჟი, ავასიხვა…

დაუშვებელია სამრეწველო მიზნებისათვის სახეობათაშორისი ჰიბრიდების გაშენება, როგორიც არის: იზაბელა, ვაქირულა, ქიწნისურა ანუ დირბულა, ბაკოს, ზეიბელის, კუდერკის ჰიბრიდები.

აღნიშნული ჰიბრიდები იძლევა დაბალი ხარისხის ღვინოებს, რომლებიც არ ექვემდებარება დაძველებას. მათი პროდუქცია უხარისხოა და ამიტომ სამრეწველო მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.

სამოყვარულო ვენახში ნებადართულია ნებისმიერი ჯიშის გაშენება, როგორც ადგილობრივი, ისე ინტროდუცირებული.

საკოლექციო ვაზის ჯიშების ნარგაობა წარმოადგენს ვენახს, სადაც თავმოყრილია ამა თუ იმ რეგიონის, სახელმწიფოს ან კონტინენტის ვაზის ჯიშები. რეგიონული კოლექცია შეიძლება შედგებოდეს კახეთის, ქართლის, იმერეთის და სხვა რეგიონის ჯიშების ნარგაობისაგან. სახელმწიფო მნიშვნელობის კოლექციაში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა რეგიონის ჯიშები (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია-სამეგრელო, აჭარა-აფხაზეთი). კოლექცია შეიძლება იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის, როცა გაშენებულია მევენახეობის ქვეყნის აბორიგენული, სელექციური ჯიშები და მათი კლონები.

საჭიროა საკოლექციო დანიშნულების ვაზის გენოფონდის დაცვა და კვლავწარმოება, ჯიშთა ბოტანიკური და აგრობიოლოგიური, სამეურნეოტექნოლოგიური შესწავლა, მათგან უკეთესების გამოვლენის მიზნით.

ამას გარდა, საკოლექციო ნარგაობა გამოიყენება როგორც სასელექციო საწყისი მასალა, ჰიბრიდიზაციის გზით, ახალი ჯიშების მისაღებად. კოლექციების გაშენების სისტემა გამომდინარეობს მისი მასშტაბისა და დანიშნულებისაგან. კოლექციაში ხდება ჯიშების დაჯგუფება წარმოშობის რეგიონების, ყურძნის შეფერვის, სამეურნეო დანიშნულების (სასუფრე-საღვინე) მიხედვით.

თითოეული ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს 5, 10 ან 20 ძირის რაოდენობით. გაშენების და მოვლის ტექნოლოგია იგივეა, რაც სამრეწველო ვენახში.

„მევენახეობა“

ანა გოდაბრელიძე,  ვაჟა გოცირიძე,