ვენახის მოვლისას დაშვებული შეცდომები თქვენს ეკონომიკასაც დააზარალებს და ვენახსაც
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ქართველმა ხალხმა 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიში შექმნა, ამასთან, შეიმუშავა ვაზის მოვლის, ღვინის წარმოების მაღალეფექტიანი წესები და მისი პროდუქტების გამოყენების მაღალი კულტურა.
ამის მიუხედავად, საქართველოში ხშირად ვხვდებით აგროტექნიკური ღონისძიებების დარღვევის შემთხვევებს და ეს მაშინ, როცა მებაღეობა მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მეცნიერთა მრავალმა თაობამ შეიმუშავა და წარმოებაში დანერგა ვაზის კულტურის მოვლისა და აგროტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რაც ემყარება საქართველოში ჩატარებულ ცდებს ადგილობრივი აგროეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. კონსულტაციების მიზნით, მე, პირადად, ხშირად მიწევდა მევენახეობა-მეღვინეობის ფირმებთან და გლეხურ მეურნეობებთან შეხვედრები და გაოცებული დავრჩენილვარ, როცა სოლიდური ავტორიტეტის კომპანიაში (სექტემბერში) ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში ნიადაგის ღრმად ხვნა მიმდინარეობდა.
სხვა ფირმაში კი, რომელსაც ეკონომიკურად სულაც არ უჭირს, ადრე გაზაფხულზე ვენახში ჩატარებული ღრმა ხვნა შემოდგომამდე კულტივაციის გარეშე აქვს მიტოვებული _ სარეველებთან ყოველგვარი ბრძოლის ღონისძიების გარეშე. შემიძლია მოვიყვანო ასეთი მაგალითიც.
წინანდლის ზონაში ერთ-ერთ ფირმაში დოკუმენტების მიხედვით ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ 22 წამლობა იყო ჩატარებული, რაც წყალში გადაყრილი ფულია. ამჯერად, უფრო დეტალურად შევეხები ვაზის მწვანე ოპერაციებს, მისი ჩატარების აუცილებლობას და პრაქტიკაში არსებულ შეცდომებს.
მწვანე ოპერაციები ვენახში
მწვანე ნაწილების ოპერაციები მიზნად ისახავს ვაზის ზრდა-განვითარების რეგულირებას, ამიტომ მას მწვანე სხვლასაც უწოდებენ. მწვანე ოპერაციების ჩატარებით შეიძლება დაჩქარდეს მსხმოიარობა და მიიღწიოს მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება.
მწვანე ოპერაციების ჩატარება დამოკიდებულია ვაზის ზრდის სიძლიერესა და ფორმირების წესზე. აღნიშნული ოპერაციების ჩატარების ვადებისა და წესების უგულვებელყოფამ შესაძლებელია უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანოს.
ვენახში შემდეგი სახის მწვანე ოპერაციები ტარდება: ყლორტების „დანორმება“, ვაზის ფურჩქვნა, ყლორტების წვერის წაწყვეტა, ნამხრევების შეცვლა, „ცის გახსნა“.
ზედმეტი ყლორტების შეცვლა
ანუ ყლორტების „დანორმება“ წარმოადგენს სხვლის ოპერაციების გაგრძელებას, რის საშუალებითაც სწორდება სხვლაში დაშვებული შეცდომები. ზედმეტი ყლორტების მოცლით ვაზის სავეგეტაციო ძალა წარიმართება დარჩენილი მსხმოიარე და სამამულე ყლორტების ზრდა განვითარებაზე. ამრიგად, მცირდება ორგანულ-მინერალური ნივთიერებების უსარგებლო ხარჯვა.
ვაზის ფურჩქვნა
ანუ ზედმეტი ყლორტების შეცლა, წარმოებს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე, ახალგანვითარებული ყლორტები უნდა შეეცალოს მრავალწლიან ნაწილებს: შტამბს, კორდონის მხარს (მძინარე კვირტებთან განვითარებული ყლორტები). არ უნდა შეეცალოს ის ყლორტები, რომელთაც შესაფერი მდებარეობა აქვთ სამამულეს ჩამოსაყალიბებლად, მხრის გასაგრძელებლად, შტამბის გასაახალგაზრდავებლად, ან ახალი შტამბის გამოსაყვანად.
მეორე ეტაპზე ზედმეტი ყლორტების შეცლა ხდება ყვავილების გამოჩენის დროს, როცა შესაძლებელია ყვავილიანი და უმოსავლო ყლორტების გარჩევა, წყვილად ამოსული ყლორტებიდან სცილდება უმოსავლო ყლორტები. თუმცა, ზრდის სიძლიერის მიხედვით შეიძლება ზოგიერთი უმოსავლო ყლორტიც დარჩეს.
ყლორტების წვერის წაწყვეტა
ამ ოპერაციების მიზანია შეაჩეროს ვაზის ინტენსიური ზრდა, რომელიც ყვავილობის პერიოდში ახასიათებს ვაზს და ზრდაზე მიმართული საკვები ნივთიერებები წარმართოს ყვავილობის უზრუნველსაყოფად. ეს ოპერაცია პირველ რიგში ტარდება იმ ჯიშებზე, რომლებიც ზედმეტი ყვავილცვენით ხასიათდება. წვერების წაწყვეტის წესი ასეთია: ყვავილობის დაწყების წინ 2-3 დღით ადრე ვაზის ყლორტების გარდა სამამულეზე განვითარებული ყლორტებისა, აცილებენ 3-4 სმ სიგრძის წვეროს. დაუშვებელია ყლორტების წვეროს წაწყვეტის ნაცვლად ყლორტების გადაჭრა სასხლავი მაკრატლით, ან სხვა იარაღით. ყლორტების გადაჭრა სტიმულს აძლევს ნამხრე-ვებს ინტენსიურ ზრდას და ვაზისათვის უარყოფითი შედეგი მოაქვს.
ნამხრის შეცლა
ეს ოპერაცია შეიძლება 3-4-ჯერ ჩატარდეს ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით. ოპერაცია ტარდება ყლორტების ახვევასთან ერთად. ნამხრის შეცვლა მაშინ უნდა მოხდეს, როცა იგი 3-4 ფოთოლს განავითარებს, ხოლო, მისი რქა რბილია და ჯერ არ არის მომწიფებაში შესული. თუ რქა გახევებულია, იგი ადვილად არ ძვრება ძირითად რქას, მაშინ მის ძალით შეცლას უფრო უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, როგორიც არის ფოთლის იღლიაში მდებარე კვირტის დაზიანება, რქის დაზიანება და სხვა, ე.ი. თუ ნამხარი მომწიფების სტადიაშია და მისი ბაზალური ნაწილი გამერქანებას იწყებს, მაშინ, ნამხარს უნდა წავაწყვიტოთ წვერი, რათა შევაჩეროთ მისი ზრდა, ხოლო ნამხრევის დარჩენილი ფოთლები იმუშავებენ დედა მცენარის მოსავლის გამოკვებაზე.
„ცის გახსნა“
ცის გახსნა ქართული ტერმინია, რომელიც ქართველ მევენახეთა ერუდიციაზე მეტყველებს. რუსული ტერმინი „ჩეკანკა“-სგან განსხვავებით, იგი გულისხმობს ყლორტების იმ დონეზე გადაჭრას, რომ ნაყოფს მზის სხივი პირდაპირი ხვდებოდეს, ვაზს უნდა მოცილდეს ყლორტების ახალგაზრდა მოუმწიფებელი ნაწილი, რაც მხოლოდ ჩრდილავს ვაზს. „ცის გახსნას“ ატარებენ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, როცა ვაზი აჩერებს ზრდას. დაუშვებელია ვაზის თავების გადაჭრა სავეგეტაციო პერიოდში (როგორც ხშირად ხდება ხოლმე პრაქტიკაში) მწვანე ოპერაციების ჩატარებამ უდროოდ და წესების დარღვევით შეიძლება უარყოფითი შედეგებიც მოუტანოს მევენახეებს.
მწვანე ოპერაციების წარმოების არასწორი პრაქტიკა. კახეთში, სადაც გლეხი უხსოვარი დროიდან მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას და სადაც ვაზის მოვლა-მოყვანის მრავალი ორიგინალური წესია შემუშავებული, სამწუხაროდ, გასული საუკუნის ბოლოს ფეხი მოიკიდა რამდენიმე არასწორმა წესმა, ვაზის ბიოლოგიისათვის მავნე მწვანე ოპერაციამ. ასეთებია ვაზზე 3-4-ჯერფოთლების შეცლა და თავების გადაჭრა.
ვაზების ფოთლის შეცლის დანერგვას თავისი ისტორია აქვს: გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში კახეთში გავრცელდა ვაზის მავნებლები _ აბლაბუდიანი ტკიპები და ცრუფარიანები. ამ დროს ქიმიური ბრძოლის საშუალებები შეზღუდული იყო. ამიტომ, მეცნიერებმა, შეიმუშავეს ტკიპებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ვაზის ცრუფარიანები, რომლებიც ჩვეულებრივ შტამბში (მრავალწლიანი ნაწილების ქერქში) იზამთრებენ, ვაზის კვირტების გაშლისთანავე იწყებენ ახალგაშლილ ფოთოლზე გადასვლას და ამ ფოთლების წვენით ინტენსიურ კვებას და შესაბამისად კვერცხდებას.
ბრძოლის ღონისძიება კი მდგომარეობდა ვაზის 1-2 ახლად გაშლილი ფო-თოლაკის მოცილებაში, შეგროვებასა და მის დაწვაში, რაც მკვეთრად ამცირებდა ცრუფარიანებისა და ტკიპების გამრავლების შანსს და მათგან მიყენე-ბულ ზარალს.
ამჟამად, ამ ღონისძიებამ დამახინჯებული სახე მიიღო და კახეთის მთელ რიგ რაიონებში არამარტო გლეხურ მეურნეობებში, არამედ, სერიოზულ სამრეწველო ვენახებშიც კი ატარებენ ფოთლის შეცლას დამახინჯებული წესით: ნაცვლად 1-2 ახლადგაშლილი ფოთოლაკისა, აცლიან მთლიან ფოთოლთა სისიტემას პირველიდან 5-6 მუხლის ჩათვლით და ტოვებენ მარტო ყვავილედებს, მის ზემოთ კი მხოლოდ ახალგაზრდა ფოთლებს. ეს კი იწვევს ვაზის ფოტოსინთეზის შესუსტებას, შემდგომ ყვავილთცვენას, ვაზის დასუსტებას და სხვ. მავნებელთან ბრძოლის ამჟამად მოქმედი ძლიერი საშუალებები გამორიცხავს 1-2 ფოთლის შეცლის საჭიროებას. ასეთი არაეფექტური ძვირადღირებული სამუშაო, როგორც არის ფოთლების შეცლა, უნდა მიეცეს დავიწყებას და გამოირიცხოს მწვანე ოპერაციების სიიდან. ვაზი ფოთლების შეცლას არ საჭიროებს!
ფოთლების შეცლა დასაშვებია მხოლოდ ყურძნის სიმწიფის ფაზაში მოკრეფამდე 1-2 კვირით ადრე, მტევნების ზონაში გადაბერებული ფოთლების შეცლა საჭიროებს ჰაერაციისა და მზის სხივების შეღწევის უზრუნველსაყოფად.
დაუშვებელია თავების გადაჭრა _ „ცის გახსნა“ 2-3-ჯერ წელიწადში. ცის გახსნა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ერთხელ, ვაზის ზრდის შეჩერების ფაზაში შეთვალების დაწყებისას. სხვა დროს ამ ოპერაციების ჩატარებას უარყოფითი შედეგები მოაქვს.
მწვანე ოპერაციების მაღალ აგროტექნიკურ დონეზე ჩატარების მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, უნდა ვიცოდეთ ფოთლის მნიშვნელობა მცენარისათვის. ფოთლის ზედაპირი არის ჯამური ფართობი ყლორტზე, ბუჩქზე და მთლიანად ნარგაობაში არსებული ფოთლების ფართისა. ფოთლის ზედაპირის ფართი ფოტოსინთეზის პროცესის საშუალებით ახასიათებს ვენახის ბიოლოგიურ და სამეურნეო პროდუქტიულობას და პროდუქციის ხარისხს.
ამ დროს, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ასიმილაციური ზედაპირის განლაგებას სივრცეში, მის მზის პირდაპირი დასხივებით განათებას. ვენახის შეფასებისას, როგორც ოპტიკა _ ბიოლოგიური, ფოტოსინთეზირებადი სისტემა _ იყენებენ ფოთლის ფირფიტის ინდექსს. მაგალითად, შეფარდება ფოთლის ფირფიტების ზედაპირის ფართსა და ნიადაგის ფართს შორის მ2/მ2. ფოთლის ფართის სიდიდის განსაზღვრისათვის მისი ფუნქციონირების დროს გამოიყენება ფოტოსინთეზური პოტენციალი (მ2 დღე).
ვაზის კვირტის გაღვიძებიდან ფოთოლცვენამდე ვაზის ფოთლის ფართი ყოველდღიურად განსხვავებულია და იგი მატულობს ვეგეტაციის დასაწყისიდან დასასრულისკენ. ფოტოსინთეზური პოტენციალი (მ2 დღე) წარმოადგენს ერთდროულ ყოველდღიურ ფართობების ჯამს ძირზე (ან მთლიანად ნარგაობაზე), მოსავლის ფორმირების პროცესში ან ამ პერიოდის ნაწილში. ფოთლის ფართს განსაზღვრავს ჯიშობრივი თავისებურება და რეგულირდება აგროღონისძიებებით. ფოთლის ფართზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დატვირთვა ძირზე, სასუქებით და ტენით უზრუნველყოფა და სხვა. ფოთლის ფართის ზრდა ვეგეტაციის პერიოდში არათანაბარია. ჩვეულებრივ პირობებში ყვავილობამდე ფოთლის ფართი 15-30%-ს შეადგენს, შემდეგ 20-25 დღის განმავლობაში ის აღწევს 60-65%-ს. ფოთლის ფართის მაქსიმალური რაოდენობა ვაზს გააჩნია შეთვალების წინ. ჯამურ ფოთლის ფართში განასხვავებენ ძირითადი ყლორტების ფოთლის ფართს (50%) და ნამხარის ფოთლის ფართს (50%), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნამხარის ფოთლის ფართი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ვაზის სასარგებლოდ და ერთიანად არ „გავკრიჭოთ“’ ვაზი ნამხარისაგან.
ერთი ბუჩქის ფოთლის ფართი 11-14მ2 აღწევს, ერთი ჰექტარისა კი 35-40 ათას მ2-ს. სათანადოდ მოვლილ და მწვანე ოპერაციების კვალიფიცირებულად ჩატარებულ ვენახში 1მ2 ვენახის ფართობზე 4მ2 ფოთლის ფართი უნდა იყოს.
ერთი კილოგრამი შაქრის დაგროვებისათვის საჭიროა 300-დან 600 მ2-მდე ფოტოსინთეზის პოტენციალი. ჰექტარზე 100 ცენტნერი მოსავლის მისაღებად კი 1,26-1,76 მილიონი მ2– დღე ფოტოსინთეზის პოტენციალი. ეს ციფრები ნათლად მეტყველებს, რომ მწვანე ოპერაციები ვენახში უნდა ჩატარდეს გააზრებულად და აგროწესების დაცვით. ვაზი ვენახში არ უნდა დავამსგავსოთ დეკორატიულ მცენარეს, რომელსაც მარტო გარეგნული სილამაზე მოეთხოვება. ყველა მწვანე ოპერაციები უნდა ჩატარდეს იმ ვადებში და იმ შინაარსით, რომელიც ხელს შეუწყობს ვაზის ჯიშობრივი პოტენციალის გამოვლენას როგორც ზრდა-განვითარების, ისე მოსავლიანობის რაოდენობისა და ხარისხის მაჩვენებლებით.
/ვაჟა გოცირიძე/,
სმმ დოქტორი