აგროსიახლეები

ვერტიკალური სოფლის მეურნეობა

ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა გულისხმობს  მრავალსართულიან სპეციალურ ნაგებობებში საკვების წარმოებას. უფრო კონკრეტულად კი სასოფლო სამეურნეო კულტურების კულტივირებას არა ტრადიციულ მიწის ფართობებზე, ან სათბურებში, არამედ  ვერტიკალურ, სართულებად განლაგებული ზედაპირზე.

ეს ტექნოლოგია, თანამედროვე მიდგომა დახურულ სივრცეში სოფლის მეურნეობის უკვე არსებულ მეთოდებს იყენებს, სადაც კონტროლდება ტემპერატურა, განათების ინტენსიობა, ტენიანობა და სხვ.

ამ ყველაფრით ვერტიკალური მეურნეობა შეგვიძლია შევაფასოთ როგორც სასათბურე მეურნეობის განვითარებული, მოდერნიზებული მეთოდი.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ამ სისტემაში მზის ჩვეულებრივი სინათლის გამოყენება, სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია და ის სპეციალური განათებით უნდა შეიცვალოს.

ვერტიკალური სოფლის მეურნეობის მთავარი მიზანი შეზღუდულ სივრცეში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდაა.

ვერტიკალურ სოფლის მეურნეობაზე უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად იხილოთ თანდართული  ვიდეო:

როგორ მუშაობს ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა?

ამ სისტემის ძირითადი მიზნები შეგვიძლია ოთხ დიდ მიმართულებად დავყოთ:

  1. ფიზიკური მოწყობა:
    _ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემის მთავარი მიზანი შედარებით მცირე ფართობზე დიდი რაოდენობის პროდუქტის წარმოებაა.
  1. განათება:
    _ მსგავს მეურნეობაში ხელოვნური და ბუნებრივი განათების იდეალური კომბინაცია უნდა გამოიყენებოდეს.
  1. ზრდის წყარო:
    _ მიწის ნაცვლად ვერტიკალურ სოფლის მეურნეობაში უმეტესად აერო და აკვაპონიკური მეთოდები გამოიყენება. ხშირად იყენებენ ტორფსა და ქოქოსის ნარევს.
  1. მდგრადი მახასიათებლები:
    _ მსგავსი ტიპის მეურნეობები, ენერგიის დანახარჯების შესამცირებლად, ხშირად იყენებენ მდგრადი განვითარებს სხვადასხვა მახასიათებელს. მაგალითად, ტრადიციული სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით მას 95%-ით ნაკლები წყალი ჭირდება.
დადებითი და უარყოფითი მხარე

პუნქტობრივად ჩამოვაყალიბოთ ვერტიკალური სოფლის მეურნეობის რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მახასიათებელი.

დადებითი მხარე

  • ვერტიკალური სოფლის მეურნეობა სამომავოდ საკვებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება;
  • ვერტიკალური სოფლის მეურნეობის მეშვეობით აგრპროდუქტების წარმოება სეზონურობაზე  აღარ იქნება დამოკიდებული;
  • ამ მეთოდის აგროწარმოება იყენებს ბევრად ნაკლებ წყალს;
  • ამინდი აქ ხელშემშლელი ფაქტორი აღარაა;
  • ვერტიკალური სოფლის მეურნეობა მეტი ბიოპროდუქტის წარმოების საშუალებას იძლევა.

უარყოფითი მხარე

  • მსგავსი მეურნეობის წამოწყება საკმაოდ ძვირია და მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა ბოლომდე შესწავლილი არ არის;
  • დაბინძურების პრობლემის მოგვარება საკმაოდ რთული და ძვირი დაჯდება;
  • საკმაოდ დიდ შრომით დანახარჯებს ითხოვს;
  • მეურნეობა ზედმეტადაა დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ენერგიის მიწოდების ხარისხი, შეფერხება წარმოების ეფექტიანობაზე საკმაოდ მძიმედ შეიძლება აისახოს.

შეგვიძლია დასკვნის სახით აღვნიშნოთ, რომ ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა იმდენად ახალი ხილია მსოფლიოსათვის, რომ მისი შესწავლისა და დამუშავების შემდეგ, ბევრი ასპექტი გამოიკვეთება. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს სისტემა სოფლის მეურნეობის მომავალია, რადგან მისი სავარაუდო უარყოფითი შედეგები თვალშისაცემია. თუმცა, ის დადებითი მხარეები, რაც ამ სისტემას გააჩნია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრობლემებისთვის ნამდვილად პერსპექტიულ გადაჭრის გზად ისახება.